"არ ვიცი, ვინ დაჭრა ჩემი შვილი" - რას ამბობს მინდია გოგოჭურის დედა? - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ვინ დაჭრა ჩემი შვილი" - რას ამბობს მინდია გოგოჭურის დედა?

მინდია გოგოჭურის დედის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება დაეჭრა მისი შვილი. როგორც მარინა გოგოჭურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საავადმყოფოში მისვლას დღეს აპირებს.

"საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა," - აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ.

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ.

რაც შეეხება გოგოჭურის დაჭრის დეტალებს, არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პრეზიდენტის სიძე არ საუბრობს, მათ შორის ინფორმაციას არ აწვდის არც სამართალდამცავ ორგანოებს.

არაოფიციალური ცნობით, მინდია გოგოჭურს თავს მთაწმინდაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მეორე მხრივ, ადგილობრივებს გასროლის ხმა არ გაუგიათ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სიძეს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.