ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში - კვირის პალიტრა

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში

საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.

ქართული მაფიის 57 წლის ხელმძღვანელი შეუერთდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის იმ წევრებს, რომელზეც ძიებას საფრანგეთი აწარმოებს.

შეგახსენებთ, უფრო ადრე საბერძნეთში ბერძენი, ფრანგი და ქართველი სამართალდაცავების თანამშრომლობით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დააკავეს 15 პირი, მათ შორის ლაშა შუშანაშვილი, ამ დაკავების შემდეგ, ასევე დაკავებები გაგრძელდა საფრანგეთში, სადაც ე.წ. ქართული მაფიის 23 წევრი დააკავეს.

ევროპაში მიიჩნევენ, რომ ლაშა შუშანაშვილს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროზე და ასევე ევროკავშირის რიგ ქვეყნებზე. ის შედიოდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" უახლოეს გარემოცვაში. 2017 წლის დეკემებერში კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შუშანაშვილი შეიყვანა იმ ტრანსნაციონალურ - დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან ბრძოლის ეგიდით შექმნილ სიაში, რომლის წევრებსაც სანქციები დაუწესდათ.

როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე დღის წინ, ესპანეთში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია "კუში 2", რომლის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ "კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ.

რაც შეეხება ლაშა შუშანაშვილის საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დაკავების დეტალებს - 2018 წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ქართველ სამართალდამცველებთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - Caucase Normandie. დაკავებულ ოთხ ქართველ "კანონიერი ქურდებს" შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა შუშანაშვილი იყო.

როგორია ლაშა შუშანაშვილის დაკავებების ისტორია?

საბერძნეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო. საბერძნეთის ქალაქებში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები გამოჩნდნენ - ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ყალბ საბუთებს. ქართული კრიმინალური სამყაროს შტაბბინა ქალაქი თესალონიკი გახდა. ამ საქმეში ქალებიც იყვნენ ჩართული. 2009 წელს ევროპამ "ქართული მაფიის" ასალაგმად რამდენიმე ქვეყანაში მასშტაბური ოპერაციები წამოიწყო. "კანონიერი ქურდებისთვის" ევროპა უსაფრთხო აღარ იყო, ამიტომ საბერძნეთში გადაბარგდნენ{.} საბერძნეთში "ქართული მაფიის" ერთ-ერთი ბოსი, ლაშა შუშანაშვილიც გამოჩნდა. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები უკვე აკონტროლებდნენ საბერძნეთი-საქართველოს როგორც ტვირთის გადამტან, ასევე მგზავრების გადამყვან საზღვაო თუ სახმელეთო მარშრუტებს, ბეწვით მოვაჭრე მაღაზიებს, კურორტების რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს. ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა ბაზრიდან განდევნა ალბანური მაფია. უცხოური მედია ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდა ქართულ მაფიასა და საბერძნეთის სამართალდამცავთა შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. მეტიც, ესპანეთის პროკურატურა აცხადებდა, - ლაშა შუშანაშვილის დაკავებაში ხელს ბერძენი კორუმპირებული პოლიციელები გვიშლიანო. 2010 წელს ესპანურმა მხარემ, როგორც იქნა, დაითანხმა ბერძენი კოლეგები ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შუშანაშვილის დაკავება ვერ მოხერხდა - პოლიციას მითითებულ სალონიკის სასტუმროში მაფიის ბოსი აღარ დახვდა.

სულ მალე ესპანურ მედიაში გაჩნდა განცხადება, შუშანაშვილს გაქცევაში ბერძენმა პოლიციელებმა შეუწყვეს ხელი, რაც "კანონიერ ქურდს" 800 000 ევრო დაუჯდაო. ბერძნულმა მხარემ არ დაახანა და ქრთამის აღება ესპანელ კოლეგებს დააბრალა. ამასობაში "ქართული მაფიის" სამიზნე ნარკოტრაფიკი გახდა. 2012 წელს ბერძნებმა შუშანაშვილი მაინც დააკავეს და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. საინტერესოა, რომ ციხეში შუშანაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება აკრძალა და ამით შემოსავლის წყარო გადაუკეტა ალბანელებს, რომლებიც საბერძნეთის ციხეებში დაუბრკოლებლად ყიდდნენ ჰეროინს. მისი გათავისუფლება მალევე მოხერხდა. მას საპატიმროში ინსულტი დაემართა და ქვეყანაში შეცვლილი კანონმდებლობის წყალობით გათავისუფლდა (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: ესპანეთში დაკავებულია სომხურ-ქართული დაჯგუფების 129 წევრი, რომელთაც ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობდნენ