დაპირისპირება ქართულ და სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის და კიდევ ერთი ხმაურიანი სპეცოპერაცია ესპანეთში - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ქართულ და სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის და კიდევ ერთი ხმაურიანი სპეცოპერაცია ესპანეთში

26 ივნისის ესპანეთის 73 ქალაქში 70-საათიანი რეიდების შემდეგ პოლიციამ სომხურ-ქართული დაჯგუფების 129 კრიმინალური ავტორიტეტი აიყვანა. სპეცოპერაცია სახელწოდებით "კუში 2" 800-მდე ესპანელმა სამართალდამცველმა ჩაატარა. სამართალდამცავებმა ჩხრეკისას დიდი ოდენობით ფული, იარაღი, ნარკოტიკები და კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს. სამართალდამცავთა ცნობით, დაკავებულები, ძირითადად, სომხური მაფიის წევრები არიან. ისინი ძარცვავდნენ სახლებს და იპარავდნენ ძვირფასეულობას.

ესპანელი სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულებს შორის 7 კანონიერი ქურდია. მათი ინფორმაციით, დაჯგუფება ქართველ კანონიერ ქურდთან, კახა შუშანაშვილთან არის კავშირში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ და სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებებს დაპირისპირებაა. ორივე კლანი ესპანეთში მაფიის სათავეში მოსასვლელად იბრძვის. ამ დაპირისპირებას კი უკვე 2 კრიმინალური ავტორიტეტი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდის შედეგად დაკავებულთა შორის 47 წლის პაატა ჯაში და 44 წლის მაკა კიკაჩეიშვილიც არიან. პაატა ჯაში და მაკა კიკაჩეიშვილი რამდენიმე წელია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათი საქმიანობის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია.

კრიმინალური დაჯგუფების ასაყვანად ესპანეთის პოლიცია ინტერპოლთან ერთად მტკიცებულებებს თითქმის 2 წელია აგროვებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 26 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია ნოემბრის დაკავებების გაგრძელებაა, რა დროსაც ესპანურმა პოლიციამ კახაბერ შუშანაშვილთან დაკავშირებული 30 ადამიანი დააკავა.

საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით კი, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია. მოგეხსენებათ, ის კახაბერ შუშანაშვილის ძმაა, ამ უკანსკნელს საფრანგეთის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა ამ ცოტა ხნის წინ მიუსაჯა.

იხილეთ ასევე: ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში