"გოგოჭურს მფარველები ჰყავს, იცის, რომ არავინ მოსთხოვს პასუხს"
14-07-2018
"გოგოჭურს მფარველები ჰყავს, იცის, რომ არავინ მოსთხოვს პასუხს"
პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის დეტალები ისევ ბურუსით არის მოცული. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ, არც ის არის ცნობილი, რატომ ესროლეს ოთხი ტყვია მინდია გოგოჭურს.

6 ივლისს, ღამის 2 საათზე, რესპუბლი­კურ საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს.­ სათვალთვალი კამერებმა საავადმყოფოს ეზოში გოგოჭურის მანქანა დააფიქსირეს. სავარაუდოდ, საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა. გოგოჭური მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა და შენობაში შევიდა, მეგობარი კი იქაურობას გაეცალა. პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა ორივე ბარძაყისა და წვივის არეში.
მას ოპერაცია გაუკეთეს...

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მხოლოდ იმას ამბობს,­ რომ თავს მთაწმინდაზე, კორპუსთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მცხოვრებლებს გასროლა არ გაუგონიათ. ერთი ვერსიით, გოგოჭურს თავისივე მანქანაში დაესხა თავს ნიღბიანი პირი, მეორე ვერსიით, ის საბურთალოზე, ჩიქოვანის და იოსელიანის
ქუჩების კუთხეში დაჭრეს. მცხოვრებლები ამბობენ, რომ გვიან ღამით ერთი გასროლა გაიგონეს, თუმცა არაფერი დაუნახავთ.
გამოძიებას ჩვენება მისცა დაჭრილის დედამ, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომე­ნტარი არ გაუკეთებია. მცირე კომენტარით შემოიფარგლა­ მაკა ჩიჩუას დედა: "მითხრეს, დაჭრილიაო და იმ წუთში წამოვედი. სხვა არაფერი ვიცი".

ალბათ, მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან მომხდარის განმარტება მაინც მოუწევს. ფაქტია, პრეზიდენტის სიძე არაერთხელ გაეხვია სკანდალში. მისმა­ გვარმა გაიჟღერა არაერთ სისხლის სამართლის საქმეში. ის შარშანაც გაიმეტეს სასიკვდილოდ. მაშინ სისხლიანი გარჩევა ვაკეში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა - გოგოჭური­ და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი დაჭრეს. ითქვა, რომ მომხდარი­ შურისძიება იყო, თუმცა ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.

გოგოჭურის გვარმა გაიჟღერა ბაჩო სირაძის დაჭრის საქმეშიც. ეს შემთხვევა 2013 წელს, სოლოლაკში მოხდა. ბაჩო სირაძე პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო. მაშინ ითქვა, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა, ვითარების გარკვევა კი მინდია გოგოჭურმა სცადა და საქმის გარჩევისას სირაძე ფეხში დაჭრა...
მინდია გოგოჭური არაერთხელ დაუკითხავთ და ბრალდებულის სტატუსიც არაერთხელ ჰქონია. პირველად 17 წლისას ჰქონდა საქმე სამართალდამცავებთან. 2006 წლის 8 ივლისს ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით გიორგი ხელაშვილი დაჭრეს და გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი მინდია გოგოჭური იყო. მასაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და დაჭრილთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მკურნალობა სხვა კლინიკაში, პოლიციის მეთვალყურეობით უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, საავადმყოფოდან გაიპარა. მაშინ მისი ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა. ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გოგოჭურს ოფიციალურად ბრალი არ წარსდგენია, რადგან პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. 2007 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

2008 წელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მინდია გოგოჭური დააკავეს, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და 2.000 ლარი ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა მალე ისევ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და ისევ პირობითი სასჯელი აკმარეს; თან 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა.
იმავე წელს თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გიორგი სიხარულიძე და მისი მგზავრი, ბექარ კვიტაიშვილი მანქანაში დაჭრეს. მაშინაც ეჭვი მინდია გოგოჭურსა და ბექა და გიორგი კრიალაშვილებზე მიიტანეს. გოგოჭური დააკავეს კიდეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ითქვა, რომ საქმეში ისევ არ იყო სამხილი. ეს საქმეც დღემდე გაუხსნელია.

2014 წლის 4 იანვარს მინდია გოგოჭური სამართალდამცავებმა ყაზბეგის გამზირზე, ბინაში, კომაში აღმოაჩინეს - მას ბიო ჰქონდა მოხმარებული.
კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს 11 ჭრილობა მიაყენეს. ტარყაშვილი დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მოკლულის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი ხელს სწორედ მისკენ და მისი მეგობრებისკენ იშვერს და წლებია, მათ დასჯას ითხოვს. დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას და მინდია გოგოჭურს დღემდე მფარველობენ.
თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურა ტარყაშვილის დედა: - უკვე წლებია, ვითხოვ მინდია გოგოჭურის დაკავებას. მან პირველმა ესროლა ზუკას და ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. ეს კადრები წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა ვერ მივაღწიე, მისთვის ბრალი წაეყენებინათ და პასუხი ეგო ჩემი შვილის სადისტური მკვლელობისთვის. ერთ პერიოდში მთავარ პროკურატურაში გადავიდა საქმე და იმედი გამიჩნდა, მაგრამ რამდენიმე ტომი დაემატა და ისევ უკან, ქალაქის პროკურატურაში დააბრუნეს. არ ვიცით, რა ხდება, ხელს რა მიზეზით აფარებენ? ხომ ხედავთ, გოგოჭურს რამდენი მტერი ჰყავს? იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უკვე მერამდენედ დაჭრეს! მეც ვიცი რამდენიმე საქმე, რომელიც არ გახმაურებულა და გამოძიება არ ჩატარებულა...

- ხომ არ დაასახელებთ ამ ფაქტებს?
- ეს ფაქტები იცის პოლიციამ, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს. რაც გახმაურებულია, ისიც არ გამოუძიებიათ. ყველა ამბობს, რომ კაჭარავა და გოგოჭური სულ ერთად არიან. ხან კაჭარავა ჭრის ვიღაცას, ხან - გოგოჭური, ხან კი მათ ჭრიან. მათ მოკლეს საბურთალოზე კვარაცხელია. პროკურატურაში ამბობენ, ვიცით, ამ დაჯგუფების ჩადენილია, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო. გოგოჭურს ხომ ჰყავს მფარველი, მაგრამ კაჭარავას უფრო დიდი მფარველები ჰყავს. ბაჩო სირაძეც მათი მეგობარი იყო, მაგრამ ამათ დაჭრეს, რადგან ერთმანეთსაც უსწორდებიან. კვარაცხელიაც მათი მეგობარი იყო და ესროლეს. ისე შეუძლიათ დახოცონ ერთმანეთი, თვალსაც არ დაახამხამებენ.
- გოგოჭური თქვენი შვილის საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ცილს სწამებთ.
- მე ფაქტებით ვლაპარაკობ, კადრები ყველამ ნახა, მაგრამ არავინ გამოიძია და არავინ დაისაჯა. იმიტომაც არის გათავხედებული, რომ დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. შერჩევითი სამართალია - ვიღაცას სჯიან, ვიღაცას არა. მან იცის, რაც უნდა ჩაიდინოს, არ დაისჯება. მე აღარ მაქვს გამოძიების იმედი, მაგრამ ვიცი, ღმერთი არ აპატიებს. ხომ ხედავთ, ქუჩაში ვერ გამოსულა შიშით. არ იცის, ვინ საიდან ესვრის. ასეთი ცხოვრება უფრო დიდი სასჯელია მისთვის. მეუბნებიან, დაჯავშნული მანქანით დადისო...
საშინელებაა, როცა იცი, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა და არ ისჯება. რაც ხორავას ქუჩის საქმეზე ხდება, იგივე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ვერ ვამტკიცებთო, გვეუბნებოდნენ პროკურატურაში; მოწმე მოგვიყვანეთ და დავკითხავთო. ვიპოვეთ მოწმე, რომელიც გზის მეორე მხარეს ვაჭრობდა და ამ ამბის თვითმხილველი იყო, მაგრამ იქ მისულმა ჩვენების მიცემა გადაიფიქრა, ისე, როგორც ხორავას საქმეზე ხდება.
- რატომ არ თქვა სიმართლე, ვინ ახდენდა ზეწოლას?
- პროკურატურაში აცვლევინებდნენ მოწმეებს ჩვენებებს. კაჭარავას ოჯახის ახლობელი იყო გია უდესიანი და ის მფარველობდა, ამიტომ დააფარეს ხელი ყველას. გოგოჭურსაც ჰყავდა გავლენიანი ნათესავი.
შეიცვალა მთავრობა, მაგრამ ისევ მოახერხეს ძლიერი მფარველების გამოძებნა. გოგოჭურმა იცის, რომ არავინ მოსთხოვს პასუხს, თუმცა ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი დანაშაული აპატიო!

რას ამბობდა მარგველაშვილი გოგოჭურზე

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2016 წლის ივლისში სკანდალური განცხადება გააკეთა - ირწმუნებოდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხდებოდა და ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ამ განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა შსს და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა მართლაც ჩაატარეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა, თუმცა გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები