"მოტოციკლისტმა უნდა იცოდეს, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის მკაცრად დაისჯება!" - კვირის პალიტრა

"მოტოციკლისტმა უნდა იცოდეს, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის მკაცრად დაისჯება!"

3 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ, გლდანის მიმართულებით მიმავალი საცობში აღმოვჩნდი. იქაურობას აყრუებდა საპატრულო ეკიპაჟებისა და სასწრაფო დახმარების სირენები, რომლებიც წინ მიიწევდნენ. "რა ხდება? ზღვაში ხომ არავინ დაიხრჩო?" - ისმოდა აქეთ-იქიდან. როდესაც 10-15 მეტრით წინ წავიწიეთ, ყველაფერი ნათელი გახდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე შეეწირა. თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით მომავალი მოტოციკლი მანქანას იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ მძღოლი გზის საპირისპირო მხარეს გადაისროლა და მომავალ ავტომანქანას შეასკდა... დაღუპული მოტოციკლისტი 23 წლის ზურაბ გვაზავაა. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა მოხდა - ეს ამბავი ბოლნისში მოტოციკლისტ საბა არჯავანიძის გარდაცვალებით დასრულდა.

საქართველოში ავტოავარიებში ყოველწლიურად დაახლოებით 600 კაცი იღუპება. ეს სტატისტიკა ბოლო პერიოდში გაზარდა მოტოავარიებმაც. გვესაუბრება საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე:

- მიუხედავად იმისა, რომ კანონი გამკაცრდა, გზებზე სიტუაცია ნაკლებად შეიცვალა, რადგან კანონის აღსრულებაა მნიშვნელოვანი. საპატრულო ეკიპაჟები უფრთხიან გაჩერებას, დასჯას... რაც შეეხება მოტოციკლისტებს, პერიოდულად აჩერებენ, ამოწმებენ, აქვთ თუ არა მართვის მოწმობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მოგეხსენებათ, ამბიციური ერი ვართ და ყველაზე სწრაფი მოტოციკლეტი ჩვენ უნდა გვყავდეს. არადა, ეს ზემძლავრი მოტოციკლეტები ისეთ სიჩქარეს ავითარებენ, რომ 70-ით მოძრაობ თუ 170-ით, თუ სპიდომეტრს არ დახედე, ვერც გრძნობ, სანამ დაბრკოლებას არ გადააწყდები. მერე კი აღარც დასამუხრუჭებელი მანძილი ჰყოფნით, აღარც მანევრისთვის ადგილი... დარღვევაზე საპატრულო ეკიპაჟს მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს - დამრღვევის ვინაობა სხვა ეკიპაჟს გადასცეს, ძებნა გამოცხადდეს. ყველა მოტოციკლისტმა უნდა იცოდეს, თუ სიჩქარეს გადააჭარბებს, მკაცრად დაისჯება. მათ ხშირად უმიზეზოდაც აჩერებენ, ნასვამი ხომ არ ხარო, მაგრამ დიდ დარღვევაზე არ რეაგირებენ, პრინციპით, ახლა იმას სდიეო და მოტოციკლისტებიც თამამდებიან.

- 3 ივლისს თბილისში მომხდარი ავარიის ადგილას სიჩქარის გადაჭარბებისთვის არაერთი მძღოლი დაუჯარიმებიათ.

- იქ რადარი დგას, მაგრამ მხოლოდ წინიდან იღებს ობიექტს, მოტოციკლს კი ნომერი უკან აქვს. ერთადერთი რადარი, რომელიც უკნიდანაც იღებს, მცხეთასთან, ჯვართან დგას. ამიტომაც არის, რომ მოტოციკლისტები არხეინად დაქრიან. ამასთან, კანონით 24 წლამდე ვერ გახდები მოტოციკლის მფლობელი, თუმცა...

- მართვის მოწმობას როგორ იღებენ? - წარმოიდგინეთ, გამოცდის ჩაბარებისას მოტოციკლისტს უკუსვლაც კი არ მოეთხოვება. იმ სიგანეში, სადაც მანქანამ უნდა გაიაროს, მოტოციკლეტით წრეს არტყამენ და მართვის მოწმობას იღებენ. ერთ მოედანზე არ უნდა ატარებდნენ მოტოციკლეტისა და ავტომანქანის გამოცდას.

- ბოლო დროს უნომრო მოპედებიც მომრავლდა, ძირითადად, მომსახურების სფეროს მუშაკები არიან მძღოლები. - კანონით, მათ უფლება აქვთ უნომროდ იმოძრაონ, რადგან ველოსიპედის კატეგორიაში გადიან (ძრავის მოცულობა 50 კუბატურს არ აღემატება). კარგია, რომ ჩაფხუტებით სიარული დაავალდებულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 100 ლარით აჯარიმებენ. მათ არ ევალებათ მართვის მოწმობის ქონა, მაგრამ აღრიცხვიანობა მაინც საჭიროა და სანომრე ნიშნები უნდა ჰქონდეთ.

გიორგი კაპანაძე, ვეტერანი ბაიკერი: - წინააღმდეგი ვარ გაუმართავი მოტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის. ისინი ხშირად არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნომროდ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია და თავისუფლად მოძრაობენ, ხან წითელზე გაივლიან, ხან საწინააღმდეგო მიმართულებით.

ეკა სალაღაია