"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" სადისტები - კვირის პალიტრა

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" სადისტები

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ", რომელიც 33 კაცისგან შედგება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელიც ამ დროისთვის არასრულია და შესაძლოა, გაფართოვდეს, ასე გამოიყურება: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდიონის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

სიაში წარმოდგენილ პირებს (რა თქმა უნდა, ლაპარაკია ცოცხლებზე) საერთაშორისო სანქციები დაუწესდებათ.

აფხაზი ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას თქმით, სიაში ძალიან ბევრი პირია, რომელთაც დღეს მაღალი თანამდებობები უჭირავთ და სანქციების შემთხვევაში ვეღარსად წავლენ... და დასძენს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილებს "პატრიოტიზმი" დაუფასეს...

"კვირის პალიტრის" აპრილის ნომერში მკითხველს შევთავაზეთ იმ შესაძლო პირთა ვინაობა, ვინც ქართველებს კლავდნენ, დევნიდნენ და იტაცებდნენ. ვწერდით, აფხაზ სნაიპერ ქალზეც - ციბრონა (ეკა) ახალაიაზე, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში ჩაცხრილეს. რაც შეეხება ოთარ ტურნანბას, ის 2006 წელს ავტომობილში ააფეთქეს, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გალში დაბრუნდა ოთარ ტურნანბას ძმა ედიკ ტურნანბა (მათი კიდევ ერთი ძმა, ზურაბ ტურნანბა მოკლეს).

ომის დასრულებიდან მალევე ქართველმა პარტიზანებმა სოხუმში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ოლეგ პაპასკირიც, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო პირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და მამია ალასანიას დახვრეტას ხელმძღვანელობდა. აფხაზური წყაროს ცნობით, ცოცხლები აღარ არიან პარტია "ამცახარას" წევრები ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი და რაულ კორტავა, ასევე ზაურ ჭითავა და ალიკა წაბრია.

დაუნდობელი სნაიპერი ქალები

სნაიპერი როზა მირცხულავა ეკა ახალაიასთან ერთად იმ 12-კაციანი ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 90-იანი წლებიდან იტაცებდნენ და ხოცავდნენ ქართველებს. სნაიპერი ქალები თავდაპირველად ბოევიკებში პატივისცემით სარგებლობდნენ, თუმცა ომის დასრულების შემდგომ ბიზნესის კეთების პრეტენზია გაუჩნდათ და მადაც გაეხსნათ. სავარაუდოდ, ამ საქმეს შეეწირა ეკა ახალაია. როზა მირცხულავა გალსა და ოჩამჩირეში ე.წ. წმენდებში აქტიურად მონაწილეობდა და განსაკუთრებით მამაკაცებს ერჩოდა. მოგვიანებით, მირცხულავასა და აფხაზ მაღალჩინოსნებს შორის ინტერესთა კონფლიქტი დაიწყო. მირცხულავამ ჭკუა იხმარა და ქალაქ სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა ის 70 წლამდეა და რუსეთის პენსიით ცხოვრობს...

სნაიპერი ქალების სახელს უამრავი მძიმე დანაშაული უკავშირდება. განსაკუთრებით მძიმეა სოხუმში 1993 წლის 26 სექტემბერს ეშბას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - ქალაქში დარჩენილ ცოლ-ქმარს ცისანა და ჯემალ გოგიებს ჯერ ბიჭი თვალწინ მოუკლეს, შემდეგ კი თითქმის შეშლილი მშობლებიც დახოცეს.

სისასტიკით გამორჩეული ოსები

ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ არჩილ ტატუნაშვილის წამებაში მონაწილე ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი დავით გურწიევი და ე.წ. უშიშროების კომიტეტის უფროსი ალიკ ტაბოევი. ტაბოევი დავალებების შემსრულებელია, თუმცა, ახალგორელთა თქმით, "ჩუმი, ცივსისხლიანი მკვლელია და არანაირ მძიმე საქმეს არ თაკილობს". გურწიევი კი გადაწყვეტილების მიმღებიცაა. "გურწიევი 90-იანი წლებიდან "შავი საქმეების" შემსრულებელია და მისი ყველას ეშინია. 1987 წელს მისმა მოგვარემ ქართულ ოჯახს ბინა მიჰყიდა, დავით გურწიევმა კი წაართვა და ხმის ამოღების შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრა", - წერს ოსი ჟურნალისტი.

ოსური მედიის ცნობით, გურწიევი 2008-დან 2017 წლის ჩათვლით ქართული მხარის მიერ დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ფულს იღებდა. ლაპარაკია ახალგორის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებსა და სკოლებზე... ეს თანხა დანიშნულების ადგილამდე იმ შემთხვევაში მიაღწევდა, თუ წილს გურწიევსაც გადაუხდიდნენ. 2018 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებსა და სკოლებს თანხა საერთოდ არ მიუღიათ, მთლიანად გურწიევმა დაისაკუთრა. როგორც კი ეს გააპროტესტეს, მათ დაემუქრა, თუ ხმაურს ატეხდნენ, პრობლემები შეექმნებოდათ... მისი გვარი იყო ნახსენები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე სექსუალური ძალადობის საქმეშიც, თუმცა გურწიევმა ეს საქმეც ჩაფარცხა.

კიდევ ვინ შეიძლება მოხვდეს "შავ სიაში"

ოსი დამნაშავეები

სიაში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია ცხინვალის ე.წ. მილიციის პოლკოვნიკი, "ომონელი" აზიმრატ ჯიოევი, რომელიც მუდმივად ავიწროებდა ახალგორელ ქართველებს. გიორგი ქაბულოვი კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის წლებში "ომონის" მეთაური გახლდათ და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკისთვის ჯილდოც დაიმსახურა. "კვირის პალიტრის" წყაროს ცნობით, ტატუნაშვილისა და უფრო ადრე დავით ბაშარულის მკვლელობა ე.წ. შს მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ მერაბ ფუხაევის თანხმობის გარეშე არ მომხდარა. ის ასევე "ომონის" მეთაური გახლდათ და არაერთხელ დაურბევია ქართველი მოსახლეობა.

აფხაზი დამნაშავეები

გარიკ სამანბა ომის დასრულების შემდეგ კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო. მასთან იყვნენ მისი თანამებრძოლები ბესლან კვიწინია, ბესლან ტორჩუა და ზაურ ადლეიბა. ისინი წლების განმავლობაში ყველა "ხელმძღვანელობას" აყვედრიდნენ, რომ დიდი დამსახურება ჰქონდათ, ამიტომაც წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. მოგვიანებით, ტორჩუამ ბიზნესი აირჩია... გარიკ სამანბა, რომელიც თვლიდა, რომ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზებს ეკუთვნით, 1992-93 წლების ომში მოტომსროლელთა ბრიგადას მეთაურობდა. აქვს აფხაზეთის ეროვნული გმირის წოდება. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა ეთნოწმენდაში, მის სახელს უკავშირდება გაბელიას წამება, რომელიც ქართველ მეომრებს ეხმარებოდა, მალავდა დაჭრილებს... სამანბა 90-იანი წლების გალის მოვლენებშიც მონაწილეობდა.

ქართველთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა აფხაზი საველე მეთაური ზაკან ნანბა (მოგვიანებით, ალექსანდრე ანქვაბის პირადი მრჩეველი იყო). ქართველებზე მონადირე ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო ვიტალი სმირიც, რომლის სახელსაც უკავშირდება ომის პერიოდშიც და შემდგომაც ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობა. მათი დაჯგუფება ტყვიის დასაზოგად ცოცხალ ადამიანებს ჭაში ყრიდა. ვიტალი სმირი 90-იანი წლების მიწურულს გააქტიურდა - გალში ბიზნესწილების, კონკრეტულად კი ციტრუსის კონტროლის ხელში ჩაგდება სურდა. არაერთხელ დაუპირისპირდა ადგილობრივ "ხელმძღვანელობასაც", საბოლოოდ, სმირი გავლენიანმა პირებმა გააჩუმეს.

კიდევ ერთი ვეტერანი ზაურ ადლეიბაა. აფხაზეთის ომში ბატალიონ "კასკადის" მეთაური გახლდათ. 2005-2007 წლებში ოჩამჩირის ადმინისტრაციაში მუშაობდა და გალსა თუ ოჩამჩირეში ვითარების გაკონტროლებას ცდილობდა. აქტიურად მონაწილეობდა გალის მოვლენებში და მის სახელს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაული უკავშირდება.

აფხაზეთის ომის მონაწილე ლავრენტი მიქვაბია 2008 წელს გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორად მუშაობდა და ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლზეც მიუწვდებოდა ხელი. მიქვაბია ე.წ. საზღვრის დარღვევების გამო მუდმივად აჯარიმებდა, აპატიმრებდა და აწამებდა ქართველებს. მის სახელს უკავშირდება გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიიდან 50 ქართული ოჯახის გაძევებაც. 2008 წლის 15 ნოემბერს ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ორმხრივი სროლის შედეგად შსს-ს თანამშრომელი, 33 წლის ზურაბ ჯეჯელავა დაიღუპა. აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართველ სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი სოფელ ქალაღალის მიმართულებაზე პატრულირებდნენ... თვითმხილველის ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსულ ბარძაყში დაჭრილ ახალგაზრდას ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. თავდასხმას მიქვაბია მეთაურობდა. მასთან პრეტენზია ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც დაუგროვდა და მიქვაბია 2015 წელს "თავდაცვის მინისტრის მოადგილის" პოსტიდან გაათავისუფლეს...

ვიაჩესლავ (სლავიკ) კვეკვესკირი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს... გალის რაიონში ინტერესები მასაც ჰქონდა - 2010 წელს მისი გავლენით გალის #2 სკოლის დირექტორად მისი შვილი ახრა კვეკვესკირი დაინიშნა. ეს იქაური მოსახლეობის გაკონტროლების შესანიშნავი ბერკეტი იყო, მით უფრო, რომ ახალგაზრდა კვეკვესკირი ყოველგვარი ქართულის მიმართ ისეთი აგრესიული გახლდათ, რომ ქართველ მოსწავლეებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ აფხაზმა ჟურნალისტმა ამრა ადლეიბამ სტატია მოამზადა, როგორ ავიწროებდა აფხაზი დირექტორი მოსწავლეებს და როგორ სძალავდა მათ მშობლებს სოლიდურ თანხებს სკოლის რემონტისთვის. ერთხელ ახრა კვეკვესკირს უფროსკლასელებმა სცემეს. მამა-შვილმა კვეკვესკირებმა 20-ზე მეტი მოსწავლე გალის მილიციაში დაასმინეს. ყველა მათგანი აღრიცხვაზე აიყვანეს, სლავიკი მათ მშობლებს დაემუქრა, თუ გონს არ მოხვალთ, თქვენი შვილების პატიმრობისთვის მიზეზი ყოველთვის მოიძებნებაო. ახრა კვეკვესკირმა კი გალელები გააფრთხილა, რომ ბუნტის განმეორების შემთხვევაში ქართული ენის სწავლება აიკრძალებოდა. ეს იყო 2011 წელს. ორი წლის შემდეგ ის "დეპუტატი" გახდა. 2015 წლის მიწურულს კი გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება აიკრძალა.

მამა-შვილის შავ სქემებში ჩართული იყო ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ახუბა, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა. ის დღემდე წილებს იღებს ადამიანების გატაცებიდან და ნარკობიზნესიდან. მისი გავლენა, ძირითადად, გალისა და ოჩამჩირის საზღვარზე არსებულ სოფლებზე ვრცელდება.