ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულია - შსს-ს სავარაუდო ბრალდებულიც დაკავებული ჰყავს? - კვირის პალიტრა

ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულია - შსს-ს სავარაუდო ბრალდებულიც დაკავებული ჰყავს?

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გრდაცვლილებს  თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, დიდი ალბათობით, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს. ეს ინფორმაცია, რამდენიმე წყაროსგან მივიღეთ.

მათი თქმით, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილზე გაჰყავთ დანაშაულში ეჭვმიტანილი. როგორც წყარო გვეუბნება, დანაშაული ერთი პირის მიერაა ჩადენილი, რომელმაც ჯერ მამაკაცი - რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში.

სმიტების 4 წლის პატარას სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ შსს-ს პრესცენტრს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყოდნენ.

როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ისინი უკვე 7 წელია ცხოვრობდნენ მარნეულში.

იხილეთ განახლებული ინფორმაცია: მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

განახლებული ინფორმაცია: "მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - საზარელი მკვლელობის დეტალები

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)