"მან პირველმა ესროლა ზუკას... გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, მერამდენედ დაჭრეს!" - კვირის პალიტრა

"მან პირველმა ესროლა ზუკას... გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, მერამდენედ დაჭრეს!"

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის დეტალები ისევ ბურუსით არის მოცული. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ, არც ის არის ცნობილი, რატომ ესროლეს ოთხი ტყვია მინდია გოგოჭურს.

6 ივლისს, ღამის 2 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს. სათვალთვალი კამერებმა საავადმყოფოს ეზოში გოგოჭურის მანქანა დააფიქსირეს. სავარაუდოდ, საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა. გოგოჭური მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა და შენობაში შევიდა, მეგობარი კი იქაურობას გაეცალა. პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა ორივე ბარძაყისა და წვივის არეში. მას ოპერაცია გაუკეთეს... მომხარზე სტატია მოამზადა გაზეთმა  "კვირის პალიტრამ", იხილეთ ამონარიდები სტატიიდან:

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავს მთაწმინდაზე, კორპუსთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მცხოვრებლებს გასროლა არ გაუგონიათ. ერთი ვერსიით, გოგოჭურს თავისივე მანქანაში დაესხა თავს ნიღბიანი პირი, მეორე ვერსიით, ის საბურთალოზე, ჩიქოვანის და იოსელიანის ქუჩების კუთხეში დაჭრეს. მცხოვრებლები ამბობენ, რომ გვიან ღამით ერთი გასროლა გაიგონეს, თუმცა არაფერი დაუნახავთ.

ერთ -ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს 11 ჭრილობა მიაყენეს. ტარყაშვილი დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მოკლულის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი ხელს სწორედ მისკენ და მისი მეგობრებისკენ იშვერს და წლებია, მათ დასჯას ითხოვს. დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას და მინდია გოგოჭურს დღემდე მფარველობენ.

თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურა ტარყაშვილის დედა: - უკვე წლებია, ვითხოვ მინდია გოგოჭურის დაკავებას. მან პირველმა ესროლა ზუკას და ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. ეს კადრები წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა ვერ მივაღწიე, მისთვის ბრალი წაეყენებინათ და პასუხი ეგო ჩემი შვილის სადისტური მკვლელობისთვის. ერთ პერიოდში მთავარ პროკურატურაში გადავიდა საქმე და იმედი გამიჩნდა, მაგრამ რამდენიმე ტომი დაემატა და ისევ უკან, ქალაქის პროკურატურაში დააბრუნეს. არ ვიცით, რა ხდება, ხელს რა მიზეზით აფარებენ? ხომ ხედავთ, გოგოჭურს რამდენი მტერი ჰყავს? იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უკვე მერამდენედ დაჭრეს! მეც ვიცი რამდენიმე საქმე, რომელიც არ გახმაურებულა და გამოძიება არ ჩატარებულა...

- ხომ არ დაასახელებთ ამ ფაქტებს?

- ეს ფაქტები იცის პოლიციამ, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს. რაც გახმაურებულია, ისიც არ გამოუძიებიათ. ყველა ამბობს, რომ კაჭარავა და გოგოჭური სულ ერთად არიან. ხან კაჭარავა ჭრის ვიღაცას, ხან - გოგოჭური, ხან კი მათ ჭრიან...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის სიძის განგსტერული თავგადასავლები - ვინ არის მინდია გოგოჭური?

თეა ხურცილავა