"დარეკა ქალია მკვდარი, ახლოს ვერ მივდივარ, მეშინიაო, თურმე თვითონ ყოფილა მკვლელი..." - კვირის პალიტრა

"დარეკა ქალია მკვდარი, ახლოს ვერ მივდივარ, მეშინიაო, თურმე თვითონ ყოფილა მკვლელი..."

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მამაკაცი დააკავა. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი გუშინ იპოვეს.

kvirispalitra.ge ჯერ კიდევ გუშინ წერდა, რომ საქმე არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ მკვლელობასთან გვქონდა. დღეს ინფორმაცია შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

უწყების ცნობით, თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მკვლელობის ვერსიაზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, სავარაუდო მკვლელი თავად მონაწილეობდა ბავშვის სამძებრო ოპერაციაში. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც მწყემსაა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მწყემსმა საკონტროლო გასროლით მოკლა რაიან სმიტი, ამის შემდეგ კი მან სცადა ქალბატონზე ძალადობა, რა დროსაც ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადახტა.

მათივე თქმით, სწორედ მწყემსმა შეატყობინა ადგილობრივებს იმის შესახებ, რომ მან იპოვა ახალგაზრდა ქალის გვამი. "დარეკა ქალია მკვდარი, ახლოს ვერ მივდივარ, მეშინაო, თურმე თვითონ ყოფილა მკვლელი..." - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო ღონისძიებები და უშუალოდ 19 წლის მწყემსიც იყო ჩართული ბავშვის სამძებრო ოპერაციაში.

"როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?! ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად შენიშნა იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.

ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია", - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი მაცხოვრებელის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა თავად აღიარა, სად დამალა ბავშვის ცხედარი: "ნორმალური ბიჭია, ვერ შეამჩნევდი ვერაფერს ცუდი რამე რომ გეფიქრა. თვითონ აღიარებს, რომ ასე გააკეთა. უთქვამს, მე დავმალე ბავშვის ცხედარიო".

იხილეთ ასევე: "მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

იხილეთ ვიდეო: ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები