"ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა" - ვისზე გეგმავდნენ თავდასხმას ჩატაევის ჯგუფის წევრები?!
"ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა" - ვისზე გეგმავდნენ თავდასხმას ჩატაევის ჯგუფის წევრები?!
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას და დაყაჩაღებას გეგმავდნენ. ამის შესახებ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული რამაზ მარგოშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ მოპოვებულ ჩვენებაში მარგოშვილი აცხადებს, ახმედ ჩატაევთან ერთად ჩამოსული ორი მებრძოლი ყაჩაღობას შავლახ ქავთარაშვილთან ერთად გეგმავდა. მარგოშვილის ჩვენების თანახმად, საუბარია ერთ-ერთ პირზე, რომელსაც ბიზნესი ლილოში აქვს. ბრალდებულის ინფორმაციით, ქავთარაშვილს ახმედ ჩატაევის ვალი ჰქონდა, აღნიშნული ვალის ამოსაღებად კი
საქართველოში ჩამოსულმა ჩატაევმა ქავთარაშვილთან, ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი გაუშვა. მასთან მისულებს კი ქავთარაშვილმა ერთ-ერთი ბიზნესმენის დაყაჩაღება შესთავაზა.

რამაზ მარგოშვილის ჩვენების თანახმად, შავლახ ქავთარაშვილი სოლტ ახმედოვს და იბრაჰიმ ადაშევს რამდენჯერმე შეხვდა. მისივე ინფორმაციით, ერთი შეხვედრა, ერთ-ერთმა მოქალაქემ დააფიქსირა, რის გამოც ქავთარაშვილი მის ლიკვიდაციასაც გეგმავდა.
როგორც რამაზ მარგოშვილი, ასევე შავლახ ქავთარაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულები არიან, თუმცა როგორც ცნობილია, ქავთარაშვილის საქმე სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ბრალდებულს კი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, დაიწყება თუ არა მარგოშვილის ჩვენების საფუძველზე გამოძიება და შესაბამისი კითხვებით საქმის პროკურორს მიმართა.

"ბრალდებულის მიერ დასახელებული პირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის მოწმეა. მან მისცა ამ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება. ცხადია, გამოძიებით გადამოწმდება რამაზ მარგოშვილის ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაცია. თავისთავად, თუკი გამოძიებით მისი ჩვენება დადასტურდა, ამ შემთხვევაში თავად ბრალდებულის დანაშაული იკვეთება, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობა", - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

შეგახსენებთ, "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ჩანაწერი, სავარაუდოდ, 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში ლაპარაკია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად ჩანაწერში ჩატაევი საქართველოსაც ახსენებს და ამბობს: "საქართველოშიც გავაკეთებ იმავეს, აქვეა, ახლოს"...

რამდენად სწორად შეაფასა საზოგადოებამ ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში და როგორ უნდა გაიხადოს სახელმწიფომ ასეთ დროს საზოგადოება მოკავშირედ, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ამ ჩანაწერიდან გამომდინარე უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯგუფი საქართველოში გეგმავდა ტერაქტებს და აქ ადგილობრივი დამხმარეებიც ჰყავდათ. გამოდის, ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა. თქვენ აბსოლუტურად სწორად დასვით საკითხი, რადგან ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო ამ პროცესში საზოგადოება მოკავშირედ გაეხადა, არამედ მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ ის იყო, რომ გაჩნდა კითხვები, რომელთაც დროულად კი არა, დღემდეც არ გასცემია პასუხები, ამას კი უამრავი ინტერპრეტაცია და ვარაუდი მოჰყვა. განსაკუთრებით პანკისის სპეცოპერაციის შემდგომ, რაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.
მეტიც, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დასავლეთში ამ ანტიტერორისტულ ოპერაციას მოყოლილი პოზიტიური გამოხმაურება ჩვენს საზოგადოებამდე მიეტანა. ხომ იცით, უცხოურ აზრს ჩვენში უფრო აფასებენ, როგორც ამბობენ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.

გავიხსენოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება - როცა იქ მსგავს სპეცოპე­რაციას ჩაატარებენ, საზოგადოების დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი და გარკვეულია, ზედმეტი ეჭვისა და ვარაუდის უფლებას თავს არავინ აძლევს, ეს კი უპირველესად იმის შედეგია, რომ საზოგადოებას ინფორმაციას სწორედ ისე აწვდიან, როგორც საჭიროა.

ამ პროცესებმაც ცხადყო, რომ საქართველოს ძალიან რთული მისია აკისრია, რომელსაც, როგორც ჩანს, არცთუ ცუდად ასრულებს. აქვე გავიხსენოთ, რაღაც პერიოდიდან როგორ გაქრა ტერორიზმის ჭრილში პანკისის თემა და შეწყდა "ისლამურ სახელმწიფოში" წამსვლელთა ნაკადი. გამოდის, ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს, თუმცა არც ამაზე გაუმახვილებია ვინმეს ყურადღება.
მოსახლეობა ყველა ქვეყანაში ხელისუფლების ოპონენტია, უბრალოდ, სხვაგან ხელისუფლებები ახერხებენ, საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა იმაზე, რასაც მათ საკეთილდღეოდ აკეთებენ. საზოგადოებასთან დიალოგია საჭირო, საფრთხის ისე ახსნა, პანიკა კი არ ატეხო, არამედ შენს მოკავშირედ აქციო. ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

ეს ერთი მთლიანი და კარგად გაანგარიშებული პროგრამით უნდა კეთდებოდეს. ისე, ყველას ვერ მოსთხოვ სახელმწიფოებრივად აზროვნებას, ხშირად რიგით მოქალაქეს ყველაზე ხშირად რაც ესმის, იმის სჯერა.

აშშ-ში პოლიციის ხელით ქუჩაში შეცდომით ბევრი ადამიანი კვდება, მაგრამ ეს არ ხდება სახელმწიფოს რყევის საფუძველი.
ჩვენში როცა ჯერი ძალოვანების შეფასებაზე მიდგება, უპირველესად, ტრაგედიასა და შეცდომაზე ამახვილებენ ყურადღებას, არადა, ის მაინც უნდა გვახსოვდეს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქვეყნის უკეთესი პერსპექტივისთვის რამდენი ქართველი ჯარისკაცი იბრძვის, მათი თავგანწირვის შედეგია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.
არ შეიძლება რიგი პროცესების გამო გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდეს მთელი სამართლებრივი სისტემა, რაც საბოლოოდ სახელმწიფოს ასუსტებს. ყოველი მოქალაქისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ სახელმწიფოს დასუსტება პირადად მისი დასუსტებაა. (იხილეთ სრულად)


სოს
11 ივლისი 2018 19:13
ეს არის ზღაპრები, რომელიც ხალხს არ სჯერა.გინდ დაბლოკეთ გინდ არა.
Gogita
11 ივლისი 2018 16:18
ვიცი რომ მაინც არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ ერტი შეკითხვა მიჩნდება:განა მართლაც გჯერათ რომ ჩატაევი საქართველოში ლამის 2 წელი ცხოვრობდა(დიახაც ცხოვრობდა და არა იმალებოდა) და მას არავინ არ მფარველობდა?რომ არა ამერიკელების მოთხოვნა,იგი დღესაც წყნარად იჯდებოდა თბილისში?საინტერესო სხვა რამეა,ვინ ჩამოიყვანე ჩატაევი სირიის გავლით თურქეთიდან?ვინ აიღო ფული(ან ვინ ასრულებდა რუსების დავალებას?).
ეხლა კი რაც გინდათ წერეთ რომ ამას აპირებდაო და იმას აზროვნებდაო. ნუ გადაგყავთ რელსები მუდამ.ეს ამბავი რომ არ გამჟღავნებულიყო იმიტომაც ჩახოცეს ყველა,ასე სჯობდა,მოწმეები არავის არ სჭირდებოდა.
ლევანი
11 ივლისი 2018 15:41
წყალის ამღვრევას ნაცები და ვითომ ყოვლის მცოდნე არასამთავრობოები ამღვრევენ, ამს არ უნდა დიდი მკითხაობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები