"ჯერ რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ მის ცოლს დაედევნა, ბოლოს მცირეწლოვან შვილს თავში ესროლა" - კვირის პალიტრა

"ჯერ რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ მის ცოლს დაედევნა, ბოლოს მცირეწლოვან შვილს თავში ესროლა"

"მალხაზ კობაურმა მაიკლ სმიტი მას შემდეგ მოკლა, რაც სმიტმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა" -  განაცხადა სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ პროკურორმა სასამართლოს ინფორმაცია მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 17 წლის მალხაზ კობაურმა რაიან მაიკლ სმიტის მკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმიტმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, კობაურმა ჯერ მაიკლ სმიტი მოკლა, შემდეგ მის ცოლს დაედევნა მოსაკლავად, ბოლოს კი თავის არეში მათ მცირეწლოვან შვილს ესროლა.

"რაიან მაიკლ სმიტმა მალხაზ კობაურს სთხოვა ეჩვენებინა ჩანჩქერი, ვინაიდან ის ოჯახთან ერთად ტურისტული მიზნით იყო ასული ხადას ხეობაში. კობაური დათანხმდა და გაყვა მათ. ერთ-ერთი შეჩერებისას რაიან მაიკლ სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. კობაურმა სანადირო თოფი შემართა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით ესროლა რაიან მაიკლ სმიტს ზურგის არეში, რის შემდეგაც ის დაეცა. კობაურმა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შემდეგ დამიზნებით ესროლა თავში რაიან მაიკლ სმიტს და მოკლა. ამავდროულად, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა ლორა სმიტის და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაც. მან თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა საბრძოლო ვაზნები. ლორა სმიტი გაიქცა თავის გადასარჩენად, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ მალხაზ კობაურმა თოფით თავის არეში ესროლა მცირეწლოვან ბავშვს, რის შემდეგაც ის ადგილზევე გარდაიცვალა".

ამის შემდეგ კობაურმა გასროლილი მასრები მდინარეში გადაყარა. შემდეგ რაიან მაიკლ სმიტის ცხედარი გადააგდო მდინარეში და შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი სხვა ნივთებთან ერთად გადააგდო თოვლის ზვავის შედეგად ბუნებრივად წარმოშობილ ქვაბულში. ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა დატოვა შემთხვევის ადგილი და დანაშაულის იარაღი - თოფი გადამალა დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.