ხორავას ქუჩის საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა - რომელ ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობს სერგი კაპანაძე - კვირის პალიტრა

ხორავას ქუჩის საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა - რომელ ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობს სერგი კაპანაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მსხვერპლის და მისთვის ზიანის მიმყენებლის ურთიერთმდებარეობას და ურთიერთმიმართების ეხება.

საუბარია ექსპერტიზაზე, რომელსაც შეეძლო განესაზღვრა ურთიერთმდებარეობა, მდგომარეობა და პოზა დაღუპულ და ბრალდებულ პირებს შორის.

როგორც ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა გიორგი ცინცაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმარტა, მათ პროკურატურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ აღნიშნული ექსპერტიზა მას შემდეგ უნდა დასრულებულიყო, რაც მეტი მტიცებულება ექნებოდათ. დღეის მდგომარეობით კი, ეს ექსპერტიზა დასრულებული არ არის.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზა საქმის მასალებში არ არის. “აღნიშნული ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არ არის არც საქმის მასალებში. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. საინტერესოა, რა იყო პროკურატურის მოტივაცია, როცა ამ ექსპერტიზის დადება გააჩერებინა და უთხრა, რომ არ ეჩქარა, მაშინ, როცა სასამართლოს განაჩენამდე ცოტა დრო რჩებოდა და პირველი ინსტანციის შემდეგ ექსპერტიზის დადებას რამდენად ექნებოდა აზრი, ეს ცოტა გაუგებარია. როგორც ექსპერტმა განაცხადა, არგუმენტი, რომელიც პროკურორმა გამოიყენა ეხებოდა იმას, რომ დამატებითი ჩვენებები უნდა ყოფილიყო მოწოდებული, მაგრამ ეს ჩვენებები მიწოდებული არ ყოფილა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

საგამოძიებო კომისიის კიდევ ერთი წევრის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მამუკა მდინარაძის აზრით, აღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პროკურატურამ უნდა უპასუხოს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. დღეს სამი ექსპერტი გიორგი მაღრაძე, სოფო ბელქანია და გიორგი ცინცაძე გამოკითხეს.

"ინტერპრესნიუსი"