"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს. როგორც შინაგან სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მკვლელობის შესახებ შეტყობინება მესტიის საავადმყოფოდან 11 ივლისს ღამით შევიდა. ახალგაზრდა გულ-მკერდში ღრმა ჭრილობებით შეიყვანეს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისსხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ლუკა ფალიანს მესტიელები ზრდილ და პატიოსან ახალგაზრდად ახასიათებენ. გვესაუბრება ერთ-ერთი ადგილობრივი:

- ლაშა საუკეთესო ახალგზარდა იყო, გულმოკლულები ვართ მოხდარი უბედურებით, რამ უნდა ანუგეშოს მისი საწყალი დედა. დღე არ გავა რამე ახალი ტრაგედია არ დატრიალდეს, ეს იცის დაუსჯელობის სინდრომმა, არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება რას ფიქრობს, რას აპირებს, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?! ბიჭი აქ, ადგილობრივ მშენებლობებზე მუშაობდა, თავსაც ინახავდა და ოჯახსაც ეხმარებოდა...

- რა მოხდა, რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე? - ლუკა მეგობრებთან ერთად ფეხბურთს უყურებდა აქაური სასტუმროს ეზოში, ამ დროს ეზოში შევიდნენ ნიგურიანები. ლუკას ახლობლებები ამბობენ, რომ ის მკვლელს არ იცობდა, ამიტომ გაუგებარია, რაზე უნდა დაწყებულიყო კონფლიქტი. ვინც ლუკა მოკლა, ადამიანის დაჭრისთვის აქამდეც იყო ნასამართლევი… როგორც ამბობენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო.  არ ვიცი, ლუკას რატომ აუშარდნენ, ეგებ იმიტომაც, რომ არ მოსწონდათ ლუკა მშრომელი და პატიოსანი ბიჭი რომ იყო, მათ მენტალიტეტს არ იზიარებდა.

მოკლედ, შელაპარაკება მალევე დასრულდა, ხალხი ჩაერია და ნიგურიანებიც ეზოდან გავიდნენ, რის მერეც სასტუმროს მეპატრონეს კარი ჩაუკეტავს, მაგრამ ცოტა ხანში ეს ხალხი დაბრუნდა, ლუკა და მისი მეგობარი მათ ძახილზე გარეთ გავიდნენ, რასაც ეს უბედურება მოჰყვა. მკვლელმა ბიჭს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა. ჭრილობები იმდენად ღრმა იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. როგორც ამბობენ, მკვლელობის დროს მომხდარის სიახლოვეს პატრული იმყოფებოდა, მაგრამ უბედურების აღსაკვეთად არაფერი გააკეთეს, წარმოუდგენელია, როგორ გაექცათ მკვლელი.

ეს ამბავი მესტიის ცენტრში მოხდა. რა მიკვირს, შარშან რომ ახალგაზრდა კაცს, საკრებულოს წევრს, ამავე ნიგურიანის გვარის წარმომადგენელმა სახურავის გადმოთოვლისას თოფი ესროლა და მოკლა, ის დამანაშავე დღემდე არ დაუჭერიათ, -  იმალებაო, ამბობენ. ისე როგორ იმალება, რომ მისი დაჭერა არ შეიძლება.

შსს-ს ცნობით მკვლელობაში ბრალდებული ინდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ დაკავებული არ არის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)