დოდო გუგეშაშვილი: "თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ "ბევრ ცუდ სიურპრიზს მოვაწყობ" - კვირის პალიტრა

დოდო გუგეშაშვილი: "თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ "ბევრ ცუდ სიურპრიზს მოვაწყობ"

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. როგორც დოდო გუგეშაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომელიც მისი მხრიდან საზღვრის კვეთას ეხება. კერძოდ, მისი თქმით, 2015-2017 წლებში საზღვარი გადაკვეთა უკრაინის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნება (ამავე წლებში) დაუფიქსირდა, ისე რომ თითქოს რუსეთიდან დაბრუნდა. მისივე განმარტებით, რეალურად ორივეჯერ უკრაინიდან, კერძოდ ბორისპოლის აეროპორტიდან გამოფრინდა.

ამასთან, გუგეშაშვილი ამბობს, რომ როდესაც ის თბილისის აეროპორტში შემოვიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეაყოვნეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაადგილების უფლება არ მისცეს.

გუგეშაშვილი ამ ქმედებას მიზანმიმართულს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებდნენ ნიადაგს საიმისოდ, რომ მისი მკვლელობის შედეგ მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია - დოდო გუგეშაშვილის სახელი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთის აგენტურასთან.

როგორც დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მედიით გახმაურდა 2015- 2017 წლებში მის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი უკრაინის მიმართულებით და სამშობლოში დაბრუნება კი მოსკოვიდან დაუფიქსირდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მან მიმართა საქართველოს შსს-ს, რათა გაერკვიათ რატომ იყო გაუგებრობა, რაზეც გუგეშაშვილის თქმით, შსს-ში განუცხადეს, რომ ეს იყო მხოლოდ გაუგებრობა და ტექნიკური ხარვეზი. რაც შეეხება აეროპორტში მისი შეყოვნების საკითხის გარკვევას, გუგეშაშვილის თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ ამის გარკვევა მათ კომპეტენციაში არ შედის.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდები ჩემს სიცოცხლეს და თუ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდა ჩემს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ისევ გავაგრძელებ ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ და ეს იქნება ყველაზე დიდი პასუხი ჩემი შვილის მკვლელობის მიმართ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ "ბევრ ცუდ სიურპრიზს მოვაწყობ", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"