სმიტების საქმე - კვირის პალიტრა

სმიტების საქმე

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან მაიკლ და ლორა ჯოი სმიტები 4 წლის ვაჟთან, ქეილებთან ერთად დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და იმავე დღეს სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები, ალავერდის ჩანჩქერში კი ლორა სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს. რაიანის გვამს მაშველებმა 7 ივლისს მდინარეში, ჩანჩქერიდან 800 მეტრის დაშორებით მიაკვლიეს. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ. 8 ივლისს "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზე მიუთითა. გამოძიება მკვლელობის ვერსიად სექსუალურ ძალადობას განიხილავდა...

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დაეხმარება. ცხედრების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გარდაცვლილებს სამშობლოში გადაასვენებენ.

ამონარიდები მალხაზ კობაურის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"ბავშვის მამამ მითხრა, რომ თოფი ცუდად მქონდა მიშვერილი და უმჯობესი იყო, მოშორებით გადამედო. ამ შენიშვნაზე ძალიან გავღიზიანდი და ხმამაღლა მივმართე, რომ ის ვერ მასწავლიდა თოფის მხარზე გადაკიდებას და მოხმარებას. ამაზე ტანსრული მამაკაცი წამოდგა თავად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ამის დანახვაზე მეც ავდექი და ავიღე თოფი. მან მარჯვენა მკლავში მომკიდა ხელი, მე მყისიერად გავუსხლტი ხელიდან და გავედი რამდენიმე მეტრით უკან, მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი, სადაც მედო ორი ცალი ტყვია, დავმუხტე სასროლად, სასხლეტს გამოვკარი ხელი და ვესროლე მამაკაცს, რომელიც უკვე გარბოდა. გასროლის შედეგად, როგორც მახსოვს, ტყვია გავარტყი ზურგის არეში და მან ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მის ყვირილზე ძალიან შემეშინდა და რამდენიმე წამში ისევ ვესროლე. როგორც მახსოვს, მოხვდა თავის არეში. ის მყისიერად დაეცა სახით მიწაზე და უკვე აღარ ამოუღია ხმა. ამის შემდეგ, ჯიბიდან ამოვიღე კიდევ ერთი ტყვია და ჩავდე თოფში. ქალმა ამის დანახვაზე ჩანჩქერისკენ ჩაირბინა. ასევე, დავინახე იქვე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იდგა და ტიროდა... მე მას მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით და ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მოხვდა თავის არეში და დავარდა უგონო მდგომარეობაში. ჩემ მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ, გასროლილი სამივე მასრა ავკრიფე და გადავყარე მდინარეში. ამის შემდეგ ბავშვის გვამს მოვკიდე ფეხში ხელი და გავათრიე თოვლის გაყინული მასის გვერდით, სადაც შევეცადე, დამემალა გვამი, რათა გამვლელებს ადვილად არ შეენიშნათ... 6 ივლისს მიცემული პირველი ჩვენების დროს დავმალე სიმართლე, რადგან პასუხისმგებლობის შემეშინდა".

ჩვენებაში კობაური ჰყვება, რომ ქეილებ სმიტის მკვლელობის შემდეგ მან ლორა სმიტი ჩანჩქერის ძირში გადავარდნილი იპოვა. ამის შემდეგ ბავშვის გვამი გადამალა, მწყემსების საცხოვრებელში დაბრუნდა, იარაღი მილიონას მთაზე დამალა, სხვა მწყემსებთან ერთად ივახშმა და დაიძინა.

კობაურის ჩვენების გარდა, პროკურატურას მტკიცებულებად მკვლელობის იარაღი - ორლულიანი თოფი და ვაზნები აქვს, რასაც გამოძიებამ ბრალდებულის დახმარებით მიაკვლია, თუმცა არ არის ნაპოვნი ტყვიის მასრები. პროკურატურის რწმუნებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში კობაური ნასვამი იყო.

პროკურატურის წარდგენილ ბრალში, რომელიც კობაურის ჩვენებას ეყრდნობა, აღწერილია, რა თანამიმდევრობით განვითარდა მოვლენები (სტილი დაცულია):

"4 ივლისს მალხაზ კობაური ხადას ხეობაში შეხვდა სმიტებს, რომლებმაც მას სთხოვეს, ჩანჩქერამდე მისვლაში დახმარებოდა. კობაური დათანხმდა და გაჰყვა მათ ერთ-ერთი ჩანჩქერის სანახავად. ვინაიდან დიდი გზა იყო გასავლელი, შეისვენეს და ცოლ-ქმარმა კობაური სადილზე მიიწვია. როდესაც ადგილზე მივიდნენ, რაიან სმიტმა მწყემსს შენიშვნა მისცა ცეცხლსასროლი იარაღის (ორლულიანი თოფის) დაუდევრად პყრობის გამო და მიუთითა, ვინაიდან იქ პატარა ბავშვი იყო, მას მორიდებოდა. ამაზე განაწყენებულმა კობაურმა თოფს დამცველი მოხსნა და რაიან მაიკლ სმიტს დამიზნებით ესროლა ზურგის არეში. საბოლოოდ, განზრახვა სისრულეში მოიყვანა მაშინ, როცა მას მეორე ტყვია სახის არეში ესროლა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დამალვის მიზნით, კობაურმა გადაწყვიტა გარდაცვლილის ცოლისა და ბავშვის მოკვლაც - იარაღში ჩაალაგა ვაზნები და მათ დაუმიზნა. თუმცა ლორა სმიტი გაიქცა და ამ დროს კობაურმა ბავშვს ესროლა. კობაური, იმაში დარწმუნებული, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ლორას მიმართულებით წავიდა, რა დროსაც ქალი ჩანჩქერში გადავარდა. ამის შემდეგ კობაურმა ბავშვის ცხედარი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა. მკვლელობის იარაღი - თოფი მწყემსების კარავში ინახებოდა და მას ნადირის დასაფრთხობად იყენებდნენ. გარდა ამისა, საქმეში დევს საგამოძიებო ღონისძიების დროს ფარული საუბრის ჩანაწერი, რომელშიც კობაური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთან დეტალურად საუბრობს, თუ როგორ შეხვდა ცოლ-ქმარს და ჰყვება დანაშაულის დეტალებზეც".

სმიტების მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი "კვირის პალიტრას" დამატებით დეტალებს აცნობს:

- კობაური გამოძიებას პერიოდულად აწვდიდა მცდარ, მისთვის ხელსაყრელ ინფორმაციას; ცდილობდა, კვალი გაექრო და სამხილები და მტკიცებულებები გადაემალა. გამოძიება გრძელდება მკვლელობის მოტივის დასადგენად. ასევე ვიძიებთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი.

- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებები დევს საქმეში? - ბრალდებულის მითითებით ვიპოვეთ შესაძლო დანაშაულის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი (მისი ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა), რომელიც ჩამარხული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც მწყემსებს ცხვარი ჰყავდათ დაბინავებული, ასევე ბავშვის გვამი და სხვა ნივთმტკიცებები. საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებებიც. ყველა მტკიცებულება გვაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დანაშაული კობაურმა ჩაიდინა. დადგენილია, რომ მის გარდა დანაშაულის ადგილზე არავინ ყოფილა.

- რა მოტივით ჩაიდინა ბრალდებულმა დანაშაული? - მოტივი ურთიერთშელაპარაკებაა, რაც იარაღის მოხმარების წესის დარღვევას მოჰყვა - რაიანი შენიშვნას აძლევს მას და ამით განაწყენებული კობაური თავდაპირველად რაიანს კლავს, შემდეგ მის არასრულწლოვან შვილს. შემდეგი სამიზნე ლორა სმიტია, თუმცა ის გარბის და ხევში იჩეხება...

- დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას გამორიცხავთ? - ამ ეტაპზე იკვეთება მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა. გამოძიება გრძელდება.

- რა სახის ექსპერტიზებია ჩატარებული? - სამედიცინო, ტექნიკურ-ინფორმაციული. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ფოტოაპარატი, რომელსაც სმიტები იყენებდნენ. მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა. ბრალდების მხარე კომპლექსურად დანიშნავს ყველა ექსპერტიზას, რომლებიც დაგვეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში. დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

- საინტერესოა ბავშვის მკვლელობისა და მისი გადამალვის მომენტი. ექსპერიმენტის დროს როგორ აღწერს ბრალდებული ამას? - ბავშვს თავში აქვს ნასროლი, სავარაუდოდ, თოფი. მის თავში აღმოჩენილია უცხო სხეულებიც. როგორც კობაურმა განმარტა, გარდაცვლილს ფეხში მოვკიდე ხელი, ავწიე და მისი ცხედარი, სმიტების ნივთებთან ერთად, თოვლის ქვეშ დავმალეო.

- მამაკაცის გვამი რატომ იყო შიშველი და ლორა სმიტს თუ აღენიშნება ძალადობის კვალი? - ვერ გეტყვით... ამ ეტაპზე ტანსაცმლის ნაწილი ნაპოვნია, ნაწილი - არა. ყველაფერს შევისწავლით. რაც შეეხება ქალს, ის ჩაცმული იყო. გვამსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს კვლევა. მოწმეები ადასტურებენ, რომ ბრალდებული მათთან საუბრისას ქალის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა და მწყემსებს უყვებოდა, ლამაზი ქალი იყოო.

- სანადირო თოფი ვისია? - მესაკუთრე სხვა პირია, რომელიც გამოკითხულია... იმ ფაქტს, რომ მას კობაურიც მოიხმარდა, სხვებიც ადასტურებდნენ.

- თუ იარაღზე ექსპერტიზა ჯერაც არ ჩატარებულა, მაშ, როგორ ასკვნით, რომ კობაურმა ჩაიდინა დანაშაული? - ჯერჯერობით, მართლაც არ გვაქვს გარკვეული დასკვნები, მტკიცებულებები, თუმცა საქმის მასალებით, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, დანაშაული კობაურმა ჩაიდინა. იგი ისეთ დეტალებზე მიუთითებს, შემთხვევის ადგილზე რომ არ ყოფილიყო და დანაშაული არ ჩაედინა, ამაზე ვერ ილაპარაკებდა.

"კობაურს მობილურ ტელეფონში ლორა სმიტის გვამის ფოტოები ჰქონდა და მწყემსებს უჩვენებდა"

ბრალდებული ჩვენებაში ყველაფერს არ ჰყვება, თუმცა დეტალების შესახებ ბევრი რამ უამბო მწყემსებსა და იქაურებს. მკვლელობის მოტივი, რომელიც თავდაპირველად დასახელდა, იყო ეჭვიანობა, რასაც მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

"სურათის გადაღების დროს ქალს ფეხი დაუცდა. საშველად მივვარდი, რომ ჩანჩქერში არ გადავარდნილიყო და ეს არ მოეწონა იმ კაცს... მისი ცოლი სიკვდილს გადავარჩინე, მან კი იეჭვიანა და სახეში გამარტყა. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლე", - უთქვამს კობაურს ადგილობრივებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მწყემსმა საკონტროლო გასროლით მოკლა რაიანი, შემდეგ ქალზე ძალადობა სცადა, ის კი ჩანჩქერიდან გადახტა.

მათივე თქმით, სწორედ მწყემსმა შეატყობინა იქაურებს, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა - დარეკა, ქალია მკვდარი, ახლოს ვერ მივდივარ, მეშინიაო... რაც შეეხება ბავშვს, უთქვამს, ტიროდა, შემეცოდა და ვესროლეო.

მკვლელობაში ბრალდებულს მათთვის ისიც უთქვამს, სად დამალა ბავშვის ცხედარი. როგორც მწყემსები ამბობენ, კობაურს მობილურ ტელეფონში ლორა სმიტის გვამის ფოტოები ჰქონდა და მათ უჩვენებდა.

მკვლელობის მეორე სავარაუდო მოტივია იარაღის უდიერად ჭერის გამო ურთიერთშელაპარაკება (რასაც ბრალდებული ჩვენებაში ჰყვება).

მესამე ვერსია, რაზეც წყაროს ინფორმაციით, თავიდანვე მუშაობდა გამოძიება, იყო სექსუალური ძალადობა.

"ისინი მე არ დამიხოცავს! უცხოელები დედმამიშვილების დახოცვით დამემუქრნენ"

როგორც გაირკვა, ბრალდებულმა გამოძიებას ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. პირველი დაკითხვისას ჰყვებოდა, სად და რა ვითარებაში ნახა ქალის გვამი, მეორე ჩვენებაში კი აღიარებს დანაშაულს და მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც საქმეში სახაზინო ადვოკატები ჩაერთვნენ, ვითარება შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ კობაური ბრალს აღარ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ჩვენება იძულებით დააწერინეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ კობაური მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და მას სასამართლო პროცესზე გაახმაურებდა.

"ისინი მე არ დამიხოცავს. უცხოელი მამაკაცები დედმამიშვილების დახოცვით დამემუქრნენ," - ამ ფრაზით მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს.

ჩვენს კითხვაზე, რა ენაზე ელაპარაკებოდნენ უცხოელები, ადვოკატმა განმარტა, რომ კობაურს სურდა, ეთქვა უცხოები და არა - უცხოელები. ეს შეცდომა, ალბათ, ნერვიულობის გამო დაუშვაო. (?!)

"8 კლასის განათლება აქვს და წერა-კითხვა არ იცის"

19 წლის ბრალდებული მალხაზ კობაური ახალგორის რაიონის სოფელ საძეგურიდანაა, სადაც პერიოდულად გადადიოდა ხოლმე. მას მშობლები და ხუთი დედმამიშვილი ჰყავს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი წეროვანში დასახლდა. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. კობაურის ბიძაშვილი გვიყვება:

- მახო არ სვამს და არც ეწევა. რვა კლასის განათლება აქვს და წერა-კითხვა არც იცის. არა, წერს, მაგრამ გაურკვეველი კალიგრაფია აქვს. ოჯახისთვის ლუკმაპურის საშოვნელად წავიდა მწყემსად. სამი წელია, ცხვარშია და ხადას ხეობაში ახალგორელი კაცის ცხვარს მწყემსავს. გონებრივად ჩამორჩენილიაო, რომ ამბობენ, ასეთს ცხვარს ვინ ჩააბარებს, თან 500 სულს? მახოს გასამრჯელოდ ფულის მაგივრად ცხვარს აძლევდნენ.

"თუ მკვლელია, თანახმა ვართ, ჩვენ თვალწინ დახვრიტონ"

მარინე მარტიაშვილი, ბრალდებულის დედა:

- ჩემმა შვილმა 7 ივლისს დამირეკა. არ ვიცი, ოთხი დღე სად ჰყავდათ. ამასობაში, როგორც უნდოდათ, ისე მონათლეს და ააჭიკჭიკეს. ის დღემდე ზეწოლის ქვეშაა, ნაცემიც კია. დანაშაული რომ ჩაედინა, ოთხი დღე ხეობაში გაჩერდებოდა? მახოს უკან ბანდა დგას. დანაშაული თუ ჩაიდინა, მარტო არ ჩაიდენდა, ის მკვლელობის შემსწრეა. უნდა სცოდნოდა, სად იყო გვამი და მერე ეღიარებინა. ეს მკვლელობა ჯგუფურია და ნამდვილი მკვლელი იპოვონ, ჩემს შვილს ნუ შეახოცავენ ხელს! ნახეს გლეხის შვილი, არა? მახო ისეთი წყნარი და მშიშარა ბიჭია, კაცს როგორ მოკლავდა, ცხვრის დაკვლას ვერ უყურებდა! თუ მკვლელია, თანახმა ვართ, გამოიყვანონ და ჩვენ თვალწინ დახვრიტონ, მაგრამ არ არის ეს ბავშვი მკვლელი! რა თოფი, მახო ნორმალურად დანასაც კი ვერ იჭერს ხელში. ბიჭი გამარჯობასაც თავჩაღუნული ამბობდა და ეგ გახდა მკვლელი? 2008-ში რომ დაგვაწიოკეს, რუსებს არაფერი აუტეხა და ამერიკელებს დახოცავდა? რა ჯავრი სჭირდა? ან ვინ შეესწრო და ვინ ნახა, რომ ის ქალი შეაცდინა?

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი მეუღლე თქვენი დაჭრისთვის ორი წელი იხდიდა სასჯელს. ითქვა ისიც, რომ მალხაზი ხშირად ყოფილა ოჯახური კონფლიქტის შემსწრე. რაიმე ფსიქოლოგიური ტრავმა ხომ არ გადაუტანია ბავშვობაში? - ჩემს დაჭრას ჩემი შვილი არ შესწრებია, დეიდასთან იყო. ან რომელი შემესწრო და რომელმა გამაშველა? ჩემს შვილს სასმელი დაალევინეს და ისე ააჭიკჭიკეს. მკვლელი რომ ყოფილიყო, ვერ გაიქცეოდა? ახალგორში გადავიდოდა... იმ ოთხი დღის განმავლობაში ერთხელ ვერ მოვიდა ჭკუაზე?

"მოვითხოვთ, რომ კობაური FBI-მ დაჰკითხოს"

12 ივლისს საქმეში კერძო ადვოკატი დავით გირგვლიანი ჩაერთო, რომელმაც გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა. ის ამბობს, რომ კობაურის აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგია და მკვლელობის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. მან კობაურის ნახსენები "უცხოელები" ლეკებად მიიჩნია, ჩვენთან საუბრისას კი თქვა, ბრალდებული უცხოელებში დამტვრეული ქართულით მოლაპარაკე ჩრდილოკავკასიელებს გულისხმობდაო. მისი ლოგიკით გამოდის, რომ საქმე დაკვეთილ მკვლელობასთან უნდა გვქონდეს.

დავით გირგვლიანი: - კობაური სინამდვილეში ლაპარაკობს იმაზე, რომ ის ორი უცხოელი მამაკაცი ჩრდილოკავკასიელს ჰგავდა და დაადასტურა, რომ ოსები არ ყოფილან. მას გადაჭრით არ უთქვამს, რომ ლეკები იყვნენ. უცხო მამაკაცები ქართველებად ვერ აღიქვა, ვინაიდან დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდნენ. კობაური ამბობს, კაცები ორ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ; ლეკებს, ჩრდილოკავკასიელებს უფრო მივამსგავსე, მაგრამ ოსები რომ არ იყვნენ, გადაჭრით შემიძლია ვთქვაო. შეიძლება ლეკში იგულისხმა ჩრდილოკავკასიელი. ამბობს, შავგვრემნები იყვნენ, შავი თმითა და შავი წარბებითო. მისი ნაამბობით, ეს ადამიანები პატარა მანქანით იყვნენ (მარკას ვერ ასახელებს) და ერთ-ერთს ჰქონდა შავი ფერის გრძელლულიანი იარაღი.

- მკვლელობის მოტივად რას ასახელებს? - მოტივი არ ვიცი, მაგრამ ამბობს, რომ მათ დანახვაზე რაიან სმიტი ანერვიულდა. ის გვერდით გაიყვანეს და კამათობდნენო. არ დაგავიწყდეთ, რომ კობაური დიდი სტრესის ქვეშაა, გახსენება უჭირს. ზოგი რამ აღიდგინა, ზოგსაც თანდათან აღიდგენს... როგორც მითხრა, ერთმა მეორეს სახელიც კი დაუძახა, მაგრამ მთელი ღამე ფიქრობდა და ვერ გაიხსენა.

- დაკვეთილ მკვლელობაზე თუ მიანიშნებთ, გამოდის, უცნობებმა სმიტები კობაურის თვალწინ დახოცეს, მერე მას იარაღისა და ბავშვის სამარხიც აჩვენეს. მოწმე ცოცხალი დატოვეს და ადგილზე - სამხილები? - დიახ, მათ ამ ბავშვს აყურებინეს მკვლელობა. მას მოკვლით და ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ. იქნებ იმიტომაც დატოვეს ცოცხალი, რომ ისინი მისი თოფით დახოცეს, რათა დანაშაული ამას დაჰბრალებოდა (ერთმა რაიანი და მისი შვილი მოკლა, მეორე კი ლორას გაუსწორდა). თუ მართალია, რომ მათ ჰქონდათ პისტოლეტი, მაშინ ამ ბიჭსაც მიაყოლებდნენ და კობაურის თოფით არ დახოცავდნენ. ამ შემთხვევაში გამოძიებას ხომ სხვა ადამიანების კვალზე გასვლა მოუწევდა? ამიტომ მკვლელებმა გამოძიებას ამ ბიჭის სახით "მარტივი საკბილო" შესთავაზეს. ამ ვერსიას დაცვის მხარე განიხილავს და სთხოვს გამოძიებას, დაადგინოს, ვინ მოძრაობდა იმ ტერიტორიაზე ასეთი მანქანით, თუ იყვნენ სხვა ტურისტებიც...

- ვინ გადამალა ბავშვის გვამი, ამაზე რას გეუბნებათ კობაური? - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამის თქმის დროც მოვა.

- თუ ჩვენება კობაურის არ არის, დეტალებს როგორ უყვებოდა ხეობის მკვიდრთ? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ესეც სიცრუეა. ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს ვიტყვი. კარგია, რომ გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთო. მოვითხოვთ, რომ კობაური ფედერალურმა ბიურომ დაჰკითხოს.

- კობაურების ოჯახი ხელმოკლეა, სოციალურად დაუცველი. როგორ და ვინ დაგიქირავათ? - როდესაც ამ ბიჭის ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაშინვე გამიჩნდა შინაგანი რწმენა, რომ შეიძლებოდა ეს ადამიანი უდანაშაულო ყოფილიყო. ვიცოდი, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომ გამოვხატე სურვილი, უსასყიდლოდ დამეცვა და დავუკავშირდი ოჯახს.

"პრაქტიკაში წყნარი მკვლელიც მყოლია, გაუნათლებელიც და პროფესორიც"

დაკვეთილი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი, იურისტი კახა ჩიხლაძე.

- კობაურს ჯერ მხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული და არ არის დამნაშავედ ცნობილი. აღიარებს, დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ ახალ ისტორიას გამოიგონებს, განაჩენი დადგება მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით. წინ არის ექსპერტიზის დასკვნები.

არ მინახავს მკვლელის დედა, რომელიც იტყოდა, ჩემი შვილი მკვლელიაო. პრაქტიკაში წყნარი მკვლელიც მყოლია, გაუნათლებელიც და პროფესორიც. მკვლელს არ ჰგავსო. მაშინ მითხარით, ვინ ჰგავს მკვლელს?! არ გამოვრიცხავ, რომ შსს-მ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე განაცხადა, გვამებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებაო. შესაძლოა, მკვლელის ყურადღების მოსადუნებლადაც მოიქცა ასე. ძალიან მეეჭვება, ეს დაკვეთილი მკვლელობა იყოს. დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებლები არც მოწმეს გაუშვებდნენ ცოცხალს, არც მკვლელობას აყურებინებდნენ და არც სამხილებს დატოვებდნენ. როგორ, ხეობაში ვერავინ შენიშნა უცხო მანქანა? მის პოვნას რა უნდა, თუკი არსებობს?

თუ ადვოკატი ბრალდებულის ინტერესებს იცავს, მაშინ მასაც აქვს უფლება, საქმე გამოიძიოს და თავისი ვერსიები გამოაქვეყნოს. ადვოკატის ლოგიკით, ახალგაზრდა შეესწრო მკვლელობას, მას დაემუქრნენ, ყურებს დაგაჭრითო და გამოუშვეს? ეს ბელეტრისტიკაა. ან რატომ უნდა ყოფილიყო დარწმუნებული მკვლელი, რომ ბიჭი პირდაპირ პოლიციაში არ გაიქცეოდა? მკვლელები იმაზე ინერვიულებდნენ, არიქა, კობაური დავტოვოთ ცოცხალი, მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩესო? თან თოფი მიაბარეს შესანახად? გამოძიება არ არის ვალდებული, ადვოკატის ვერსიაზე იმუშაოს, ადვოკატმა იმუშაოს თავის ვერსიაზე. ასეთი ტიპის დანაშაული ვინმეს დააბრალო - ეს ფანტასტიკის სფეროა. ეს რომ სპეცსამსახურს გაეკეთებინა, სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდნენ საქმეს. კობაური ახალგორელია და შეიძლება, როგორც სხვებს, ტერიტორიაზე გადასვლის საბუთი ჰქონოდა, რომელსაც სწორედაც უშიშროება გასცემს. ერთი სიტყვით, ამერიკელები იმ ვერსიაზე მუშაობენ, რაზეც ქართველი გამომძიებლები და დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს.

სმიტების ოჯახის მეგობარი: "ქალი გააუპატიურა და ჩანჩქერში ჩააგდო"

ლორა სმიტის მარნეულელი მეგობარი პირად საუბარში ოჯახს დადებითად ახასიათებს და ქვემო ქართლში მოარულ ვერსიებზე საუბრობს:

- ლორა არაჩვეულებრივი ქალი იყო. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში მუშაობდა, თან რეპეტიტორობდა. მოსახლეობის სიდუხჭირეს ითვალისწინებდა და 50 ლარად ამზადებდა მოსწავლეებს. ქმარს ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა.

სმიტები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და ფულს აგროვებდნენ, რომ მარნეულშივე სამოთახიანი ბინა ეყიდათ. ლორას უხაროდა, თანხის ნახევარი უკვე შევაგროვეო.

ვიცოდით, რომ ივლისის დასაწყისში ოჯახი გუდაურში აპირებდა დასასვენებლად წასვლას. ლორას ქართული ესმოდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. ორივე აზერბაიჯანულად ეკონტაქტებოდა ხალხს. ვერ აგვიხსნია, რა და რატომ მოხდა.

ამბობენ, რომ მკვლელი ლორაზე ძალადობდა, რაიანი შეეწინააღმდეგა და ამის გამო მოკლა. ამის მერე მკვლელმა ქალის გაუპატიურება მოინდომა. ლორამ ხელი დასტაცა ბავშვს და გაქცევა სცადა. იმ საზიზღარმა ქალი გააუპატიურა და ჩანჩქერში ჩააგდო. თურმე ბიჭუნა დედას დაეძებდა ყვირილით და ამ დროს მოუკლავს პატარა.

"არ არის გამორიცხული, ამ საქმეში სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული"

ერთი ვერსიით, შესაძლოა, მკვლელობის კვალი სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ეს ვერსია არ არის საფუძველს მოკლებული.

- აშშ ყველა ქვეყანაში მაღალ დონეზე იცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს. FBI-ს ძირითადი ინტერესი ის არის, რომ დაადგინოს, მკვლელობაში სპეცსამსახურის ხელი ხომ არ ურევია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი პედაგოგების პროგრამით იყო ჩამოსული, კაცი კი საელჩოს თანამშრომელი გახლდათ. საელჩოს თანამშრომლები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან თავიანთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან. თუ ეს დადასტურდა, არ არის გამორიცხული, ამ საქმეში სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული.

არსებობს მოდელი, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეები წყვილად ჩადიან და ასრულებენ სადაზვერვო მისიას კონკრეტულ ეთნიკურ რეგიონში. ჩვენ არ ვიცით, მათ მიერ გროვდებოდა და გადაეცემოდა თუ არა ინფორმაცია. ზოგი რუსულ კვალს ასახელებს, მაგრამ მხოლოდ რუსულ კვალს ნუ განვიხილავთ. არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიასაც, რომ ეს ოჯახი სადაზვერვო მისიით იყო ჩამოსული და თავისი ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობდა, რაც სხვა ქვეყნისთვის მიუღებელი იყო. შესაძლოა, განვიხილოთ ვერსიაც, რომ ამ მწყემსმა, თუნდაც გასამრჯელოს გამო შეასრულა ვიღაცის დავალება ისე, რომ არც იცოდა, რას აკეთებდა.

სმიტები ჩამოვიდნენ, მიიღეს მოქალაქეობა, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, მოხიბლული იყვნენ საქართველოთი... ასეთი მეთოდი შეიძლება გამოიყენებოდეს კონკრეტულ პირთა რეალური მისიის შესანიღბავად. თუკი ეს მისია ხელს უშლის რომელიმე სახელმწიფოს, სპეცსამსახურებმა შესაძლოა, სალიკვიდაციო სპეცოპერაციაც ჩაატარონ.

რა მისია ჰქონდათ სმიტებს საქართველოში?

ამერიკელ ლორა ჯოი და რაიან მაიკლ სმიტებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ და რამდენიმე წელია, მარნეულში ცხოვრობდნენ. ისინი კალიფორნიის შტატიდან, ქალაქ სან-დიეგოდან იყვნენ. 2002 წელს რაიანი აზერბაიჯანში ჩავიდა საცხოვრებლად, 2011 წელს კი მეუღლესთან ერთად საქართველოში, მარნეულში დასახლდა. ლორა მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა, რაიანს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. სმიტების ოჯახის საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო - მათ არ სურდათ, მიეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრებისას შეეძინათ და აქვე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, რაიანმა აზერბაიჯანი უცნობ კულტურათა აღმოჩენის მიზნით აირჩია. ის სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას. ხალიჩების ბიზნესიც ბაქოში წამოიწყო, თუმცა 2005 წელს გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულა. იქ შეხვდა ლორას და შექმნა ოჯახი. რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.

2012 წელს ლორა და რაიან სმიტებმა საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს.

2011 წლის ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებგვერდზე წერია, რომ სმიტები, სხვა რამდენიმე პირთან ერთად, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებული... როგორც ამბობენ, რაიანს მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობაც სურდა და ითხოვდა, რომ ის ქრისტეს სახელობისა ყოფილიყო, მაგრამ მარნეულის მერიაში ნებართვა ვერ მიიღო. უარის თქმის ოფიციალური მიზეზი დაფინანსების წყაროს საეჭვო წარმომავლობა იყო, თუმცა იქაურები ეჭვობენ, რომ პროცესი პარკის სახელმა შეაფერხა.

ნანა ფიცხელაური