"პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული" - კვირის პალიტრა

"პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე მალე შეუდგება მთავარი პროკურორის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობას. იგი საპროკურორო საბჭომ ერთხმად, 12 ხმით, აირჩია. ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო მისმა კონკურენტმა ნინო გოგნიაშვილმა. შალვა შავგულიძემ ბოლო წუთს მოხსნა კანდიდატურა. "ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს მონაწილეობას", - განაცხადა მან. კენჭისყრაში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება იურისტ ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ:

- ქალბატონო ლია, ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას როგორ შეაფასებთ?

- გამოცხადებული შერჩევის ძალიან ღია პროცესი, რომელიც თითქოსდა არასამთავრობოების შეთავაზებულ კანდიდატურებს გულისხმობდა, იყო ფარსი და დავინახეთ კიდეც - ხელისუფლებამ აირჩია შალვა თადუმაძე. მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი არ არის მცირე თანამდებობა, ეს არის ასევე პოლიტიკური თანამდებობა. ხელისუფლების წიაღიდან არჩეული პირი ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, შეასრულებს პოლიტიკურ დავალებებს, ყველა მოთხოვნას, რაც ხელისუფლებას ექნება.

შალვა თადუმაძეს ვიცნობ როგორც ჯერ კიდევ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, როგორც იურისტს, როგორც ადამიანს, მის მიმართ პრეტენზია არ მაქვს და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად დავახასიათებ, მაგრამ ის ვერ იქნება იმ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი, რომელიც აუცილებელია მთავარი პროკურორისთვის.

- რას გულისხმობთ? - მთავარი პროკურორი უნდა იყოს იმდენად მიუკერძოებელი და იმდენად დამოუკიდებელი, ცნობილი თავისი წარსულით და პროფესიული გამოცდილებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაგინდ მაღალი თანამდებობის პირი იყოს, თავში აზრად არ უნდა მოუვიდეთ, რაიმე დაავალონ, სთხოვონ ან მოსთხოვონ. შეიძლება ასეთი დიმიტრი გელოვანი აღარც გვყავს, მაგრამ ეს არის პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ მთავარ პროკურორს უნდა შეეძლოს მოქმედი მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნების დაჭერა, რა დანაშაულიც უნდა ჩაიდინონ მათ. გჯერათ, რომ შალვა თადუმაძე ამას გააკეთებს? ვერ გააკეთებს.

- ამბობდნენ, რადგან თეა წულუკიანს მასთან ნათელმირონობა აქვს, არ ჰქონდა შალვა თადუმაძის დასახელების უფლებაო. აქ ინტერესთა კონფლიქტი იყო? - თუ კანონს წავიკითხავთ, ინტერესთა კონფლიქტი არ არის, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც მხოლოდ კანონი უნდა არეგულირებდეს. ნინო გოგნიაშვილს არავინ ვიცნობდით, ვფიქრობ, არც თეა წულუკიანი. მისი დამოკიდებულება ნინო გოგნიაშვილისა და შალვა თადუმაძის მიმართ ერთნაირი ხომ ვერ იქნებოდა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მისი შვილის ნათლიაა. ნათლიობა საქართველოში არ არის უბრალო კავშირი და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი. ინტერესთა კონფლიქტი ჩემთვის უფრო ზნეობის კატეგორიაა, როცა შენი სუბიექტური დამოკიდებულების გამო მიკერძოებული ხარ და ეს ხელს გიშლის მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ქალბატონი თეა რომ იქ იჯდა და მერე თურმე განხილვაში არ მიიღო მონაწილეობა და ხმა არ მისცა, ეს არაფერს ცვლის, მას საერთოდ არ უნდა ჰქონოდა შეხება კომისიის სხდომასთან, რადგან აქვს პირადი დამოკიდებულება. ვნახეთ შედეგიც - 12 ხმა თადუმაძეს, ნული - გოგნიაშვილს.

- შალვა შავგულიძემ მოხსნა კანდიდატურა, არადა, ფიქრობდნენ, რომ ის შალვა თადუმაძის სერიოზული ოპონენტი იქნებოდა. - იმ 3 კანდიდატს შორის, მთავარი პროკურორობისთვის შესაფერისი უნარები შალვა შავგულიძეს ჰქონდა, მაგრამ შალვამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და იმ სამარცხვინო ფასადის შექმნაში არ დაეხმარა ხელისუფლებას. ალბათ, ევროპაში და საერთაშორისო სარბიელზე იტყოდნენ, აი, როგორი დემოკრატები ვართ, ყოფილ პარლამენტარსა და ოპონენტს მივეცით შესაძლებლობა სამეულში ყოფილიყო, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზეთ და მათ დაასახელეს თავიანთი კანდიდატებიო. მეც მივიღე წერილი, მწერდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ იქნებ დაგვისახელოთ თქვენი კანდიდატიო, მაგრამ იმდენად გასაგები იყო ჩემთვის, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა არა მხოლოდ დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნას, არამედ თუნდაც ისეთი პირის დანიშვნას, რომელიც მათთვის სრული კონტროლის სუბიექტი არ არის, ჩავთვალე, რომ ზედმეტი იყო თავის შეწუხება და კანდიდატურის დასახელება.

შალვა შავგულიძეს ვიცნობ დიდი ხანია, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და ძალიან კარგი ადვოკატია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შანსიც კი არ ჰქონდა იმ სამეულში. ამ არაობიექტური ფასადის გალამაზებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

გოგნიაშვილის სახელი და გვარი ახლა გავიგე, შესაძლოა ღირსეული მთავარი პროკურორი ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში ასეთ რამეებს არ უნდა ველოდოთ. არა მგონია, ვინმეს შანსი ჰქონოდა, გარდა შალვა თადუმაძისა.

პროკურატურას ხელისუფლება ყოველთვის ხდიდა პოლიტიკური დაკვეთების აღმსრულებლად, ძალიან ცუდ სადამსჯელო ორგანოდ. ასე მალე ამ სიტუაციის გამოსწორება არ გამოვა, თუ არ შეიქმნა ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური ნება, რომ ეს საზიზღრობა დამთავრდეს ქვეყანაში. ბევრი მეგობარი მყავს იურისტების წრეში. ყოფილი პროკურორები და ყოფილი პროკურატურის თანამშრომლები აღშფოთებული არიან, ამბობენ, რომ პროკურატურა გაიხრწნა. ამას ამბობენ ისინი, ვინც თუნდაც საბჭოთა პერიოდში მუშაობდნენ იქ, როცა სისტემა უფრო გამართული მენეჯმენტით ფუნქციონირებდა, წარმოგიდგენიათ დღეს რა ცუდად არის საქმე? ახლა გამოძიების ხარისხი საშინლად დაცემულია.

საპროკურორო ზედამხედველობა პრაქტიკულად არ არსებობს, ის მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია. თუ ხელისუფლება ვერ გააცნობიერებს, რა კრიზისშია ქვეყანა, პირველ რიგში იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის.

გიგანტური ნაბიჯებით რომ მივიწევდეთ წინ მართლმსაჯულების რეფორმების გზაზე, მაინც კარგა ხანი დაგვჭირდება, სანამ დალაგდება ყველაფერი, ამის ნაცვლად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თუ სადმე რამეა, ისიც დავანგრიოთ. მე ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს, თორემ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იქნება თუ სხვა, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, პრაქტიკულად, არ არსებობს და არც აქვს პერსპექტივა.

- ბევრი მთავარი პროკურორი შეიცვალა ამ ხელისუფლების პირობებში, რატომ ვერ გაამართლა ვერც ერთმა? - იმიტომ, რომ სათავეში მყოფები ფიქრობენ, პროკურორი ჩემი უნდა იყოს, მოსამართლეს რომ დავურეკავ, უნდა გააკეთოს ის, რაც მინდა, აბა, რისთვის ვარ პარლამენტში და მინისტრის სავარძელშიო? სანამ არ შეიცვლება ეს დამოკიდებულება, ობიექტური მოსამართლეები და პროკურორი ვერ გვეყოლება.

- ყველა ამბობს, რომ პროკურატურაში რადიკალური რეფორმებია გასატარებელი, რას ურჩევდით ახალ მთავარ პროკურორს, პირველი რა უნდა გააკეთოს? - ვერაფერს ვურჩევ, გარდა ერთისა, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ნერვები. ადამიანს, რომელსაც პროკურატურაში არ უმუშავია, როცა იქ მივა, შეიძლება ერთ კვირაში შოკი დაემართოს. წარმოუდგენლად მძიმე ინსტიტუტია და მძიმე სამუშაო ვითარებაა. ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს კარგად ვიცნობ, მასთან შევესწარი ასეთ ფაქტს: აცნობეს, რომ 9 კაცი დააკავეს და დავინახე, როგორ ამოიოხრა. შემეცოდა და ვუთხარი, არჩილ, გაქვს თანამდებობა, რომელიც ყოველ წუთს ადამიანების დაპატიმრებას გულისხმობს და თუ ასე განიცდი ყოველ დაპატიმრებას, მაშინ აქედან წადი-მეთქი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი პროკურორობა ძალიან მძიმე სამუშაოა ემოციურად, ადამიანურად. არ არის იოლი ადამიანის ციხეში გამწესება. ამას ვერანაირი ხელფასი, ვერანაირი თანამდებობა და რეპუტაცია ვერ აანაზღაურებს. ბუნებრივია, შალვა თადუმაძეს ექნებოდა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, რომელიც თვით საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერაზე მეტია. ეს საპროკურორო საბჭომაც იცოდა, ამიტომ მივიღეთ 12-ით ნული. საერთოდ, ძალიან ჭრელია ეს საპროკურორო საბჭო, თუმცა ძალიან ერთსულოვანი ხელისუფლების მხარდაჭერაში, ამას კენჭისყრაც ადასტურებს.

- მოქმედი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილიც იყო მთავარი პროკურორობის მსურველი, თუმცა თეა წულუკიანმა მას არ მისცა მონაწილეობის შანსი. - ირაკლის დიდი გამოცდილება დაუგროვდა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, გარკვეულ საქმეებზე მან თავგანწირვით იმუშავა და ამას შეიძლება ის გამოეწვია, რომ საპროკურორო საბჭოს წევრების ნაწილი მის მხარეს გადასულიყო. ამიტომაც მოხსნეს მისი კანდიდატურა. ამითაც კარგად ჩანს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, თუმცა წულუკიანს რომ დასჭირდა, პარლამენტში თავი მოიწონა, უკანონოდ წართმეული 45 მილიონის ქონება დავაბრუნეთო. მაინტერესებს, რამდენია წართმეული საერთოდ და იქიდან ეს 45 მილიონი რა ნაწილია?

- როგორ უნდა შეირჩეს მთავარი პროკურორი, რომ მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს? - როდესაც პროკურატურის ე.წ. რეფორმა დაიწყო და კანონის დონეზე მუშავდებოდა, ჩავხედე.

კანონით მთავარი პროკურორი ამ 6 წლის მანძილზე ხელშეუხებელია და მისი გათავისუფლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ დავინახეთ, როგორი იოლად დაატოვებინეს თანამდებობა ირაკლი შოთაძეს. შალვა თადუმაძესაც და, ალბათ, შემდეგში ვისაც დანიშნავენ, იმ ადამიანებსაც გაცნობიერებული ექნებათ, რომ რაც უნდა ეწეროს კანონში, ყველა დაკვეთა უნდა შეასრულონ, თუ უნდათ თანამდებობის შენარჩუნება. თადუმაძე არ დაუნიშნავთ იმისთვის, რომ რეფორმები გაატაროს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოს, რამდენიმე თავისთვის სასურველ პირს დანიშნავს. პროკურატურაში ისეთი ხალხი ზის მყარად სკამზე, არა მგონია მათი გათავისუფლება ასე მარტივად შეძლოს. არადა, თუ შიგნიდან არ დაიწყე, ისეთი ასფეხა ურჩხულია დაბუდებული პროკურატურაში, ერთს რომ მოჭრი, ორი ფეხი ამოუვა.

- დღემდე ისმის, რომ სააკაშვილის პერიოდის პროკურორები ისევ არიან თანამდებობებზე. - იმიტომ, რომ ძალიან კარგად ასრულებენ დაკვეთას და თავსატეხი რად უნდათ, ურჩევნიათ მათ გააკეთებინონ, ვიდრე ახალი მოიყვანონ. იმდენი შავბნელი საქმე ტრიალებს პროკურატურაში, მართლა ვინმე დამოუკიდებელი რომ შევიდეს და ეს ამბები გამოიტანოს, ხომ დაგვექცა თავზე ხელისუფლებაო, ფიქრობენ, და ამიტომაც ჰყავთ ძველები.

მე არაერთი საქმე მაქვს სტრასბურგში, პროკურატურას ასობით საჩივრით მიმართეს მოქალაქეებმა და რომ ნახოთ, გაოცდებით, ვისაც უჩიოდნენ, იმათ აწერდნენ ამ საქმეებს. ამაზე დამამცირებელი არაფერია. სულ ისმის, ვიღაცას ესროლეს, ვიღაც მოკლესო და ეს გაგრძელდება და უფრო მოიმატებს, რადგან ადამიანებს არ აქვთ იმის განცდა, რომ დამნაშავე დაისჯება. თუკი ვხედავ, რომ ამას ვერ აკეთებს სახელმწიფო, იძულებული ვხდები, ჩემით აღვადგინო სამართლიანობა.

- თეა წულუკიანი ისევ რჩება თანამდებობაზე. ამაზე რას იტყვით? - ვხუმრობდი ხოლმე, რაც ზევითაა, ათი იმდენი ქვევითაა ეს ქალი-მეთქი. მართლა ვერ ვხვდები, რა ჯოკერებით თამაშობს თეა წულუკიანი და როგორ ახერხებს, რომ სულ იყოს მოგებული. იმედია, როცა პენსიაში გავა, ოდესმე მემუარებს დაწერს და შეიძლება მაშინ გავიგოთ. ვენები გადაიჭრეს და დატოვეს წულუკიანი. არადა, საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ მისი საქმიანობით არის გამოწვეული და არ გინდა ერთ მინისტრს შეელიო, მაშინ როდესაც სხვები დაითხოვე, რომლებიც მაინცდამაინც ცუდად არ მუშაობდნენ. რაღაც სხვა ხდება აქ, პირადი ურთიერთობები ან შანტაჟი, წარმოდგენა არა მაქვს, დეტექტივია საჭირო ამის გამოსაკვლევად.

თეა ხურცილავა