"კობაურზე რომ იძახიან მკვლელს არ ჰგავსო. მაშინ მითხარით, ვინ ჰგავს მკვლელს?!" - კვირის პალიტრა

"კობაურზე რომ იძახიან მკვლელს არ ჰგავსო. მაშინ მითხარით, ვინ ჰგავს მკვლელს?!"

"პრაქტიკაში წყნარი მკვლელიც მყოლია, გაუნათლებელიც და პროფესორიც"

მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო ხადას ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან მაიკლ და ლორა ჯოი სმიტები 4 წლის ვაჟთან, ქეილებთან ერთად დახოცეს.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზე მიუთითა. გამოძიება მკვლელობის მოტივად სექსუალურ ძალადობის ვერსიასაც განიხილავს.

მას მერე, რაც სასამართლო სხდომაზე, სადაც კობაურს წიანსწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ბრალდებული კამერებმა გადაიღეს, საზოგადეობაში არაერთი ვარაუდი გაჩნდა. მათ შორის ისიც, რომ ეს შეიძლება შეკვეთილი მკვლელობა ყოფილიყო, კოაბაური კი მხოლოდ გამოიყენეს... ადვოკატის მტკიცებით კი, მკვლელობის შემსწრე კობაური შეიძლება სპეციალურად დაეტოვებინათ ცოცხალი.

დაკვეთილი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი, იურისტი კახა ჩიხლაძე.

- კობაურს ჯერ მხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული და არ არის დამნაშავედ ცნობილი. აღიარებს, დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ ახალ ისტორიას გამოიგონებს, განაჩენი დადგება მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით. წინ არის ექსპერტიზის დასკვნები.

არ მინახავს მკვლელის დედა, რომელიც იტყოდა, ჩემი შვილი მკვლელიაო. პრაქტიკაში წყნარი მკვლელიც მყოლია, გაუნათლებელიც და პროფესორიც. მკვლელს არ ჰგავსო. მაშინ მითხარით, ვინ ჰგავს მკვლელს?! არ გამოვრიცხავ, რომ შსს-მ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე განაცხადა, გვამებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებაო. შესაძლოა, მკვლელის ყურადღების მოსადუნებლადაც მოიქცა ასე. ძალიან მეეჭვება, ეს დაკვეთილი მკვლელობა იყოს. დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებლები არც მოწმეს გაუშვებდნენ ცოცხალს, არც მკვლელობას აყურებინებდნენ და არც სამხილებს დატოვებდნენ. როგორ, ხეობაში ვერავინ შენიშნა უცხო მანქანა? მის პოვნას რა უნდა, თუკი არსებობს?

თუ ადვოკატი ბრალდებულის ინტერესებს იცავს, მაშინ მასაც აქვს უფლება, საქმე გამოიძიოს და თავისი ვერსიები გამოაქვეყნოს. ადვოკატის ლოგიკით, ახალგაზრდა შეესწრო მკვლელ-ობას, მას დაემუქრნენ, ყურებს დაგაჭრითო და გამოუშვეს? ეს ბელეტრისტიკაა. ან რატომ უნდა ყოფილიყო დარწმუნებული მკვლელი, რომ ბიჭი პირდაპირ პოლიციაში არ გაიქცეოდა? მკვლელები იმაზე ინერვიულებდნენ, არიქა, კობაური დავტოვოთ ცოცხალი, მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩესო? თან თოფი მიაბარეს შესანახად? გამოძიება არ არის ვალდებული, ადვოკატის ვერსიაზე იმუშაოს, ადვოკატმა იმუშაოს თავის ვერსიაზე. ასეთი ტიპის დანაშაული ვინმეს დააბრალო - ეს ფანტასტიკის სფეროა. ეს რომ სპეცსამსახურს გაეკეთებინა, სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდნენ საქმეს. კობაური ახალგორელია და შეიძლება, როგორც სხვებს, ტერიტორიაზე გადასვლის საბუთი ჰქონოდა, რომელსაც სწორედაც უშიშროება გასცემს. ერთი სიტყვით, ამერიკელები იმ ვერსიაზე მუშაობენ, რაზეც ქართველი გამომძიებლები და დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს. იხილეთ სრულად: სმიტების საქმე