"თუ გამოვალ ციხიდან, რა გარანტიაა, რომ იგივეს არ ჩავიდენ... გთხოვთ, სასჯელის უმაღლესი ზომა მომისაჯოთ" - კვირის პალიტრა

"თუ გამოვალ ციხიდან, რა გარანტიაა, რომ იგივეს არ ჩავიდენ... გთხოვთ, სასჯელის უმაღლესი ზომა მომისაჯოთ"

1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში დატრიალებული ტრაგედია, მართლაც რომ  მეხის გავარდნას ჰგავდა. მომხდარმა შეძრა მთელი ქვეყანა.

ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ.

თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

თამაზ ნამგალაურს საკუთარო ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი...

არადა, მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა, რაც არ შედგა.

არადა, სპორტსმენს არაფერი არ აკლდა - ჰქონდა დიდება, პატივი, წარმატება, საკუთარი ხალხის სიყვარული. სწორედ ამიტომ, ბევრი სპეციალისტის თქმით, საქმე კიდევ უფრო სხვა რაკურსით იყო წასაყვანი და ნამგალაურის პიროვნება ფსიქიკურ შესწავლასაც საჭიროებდა, თუმცა, არსებული ცნობებით, მოთხოვნის მიუხედავად, მას არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ გაუვლია...

გამოძიებამ ეტაპობრივად თამაზ ნამგალაურთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოააშკარავა - როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, ნამგალაურმა ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბერს სცადა დუშეთში საკუთარი 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურება, თუმცა ოთახში ფანჯრიდან შესული უკანვე გამობრუნდა, რადგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს და ძალადობის მცდელობა მცდელობად დარჩა.

გამოძიება ასევე ამტკიცებდა, რომ ნამგალაურმა ამ გოგონას მეორედ გაუპატიურებაც სცადა ზუსტად იმავე ხერხებით, 1982 წლის 22 მაისს ისევ ფანჯრიდან გადაძვრა, მაგრამ ოჯახის წევრების გამოღვიძებამ დააფრთხო და ძალადობა არასრულწლოვანზე კვლავ ვერ მოახერხა.

გამოძიებამ ასევე 1981 წლის თებერვალში სპორტსმენის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოააშკარავა - სასტუმრო "უშბას“ ფოიეში 52 წლის ქალის, სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურებაშიც დაედო ბრალი. გარდა ამისა, ძიუდოიტს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მაგ: ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა ეს სხვა ბრალდებების ფონზე მართლაც მიზერულად მცირე დანაშაულს წარმოადგენდა.

თამაზ ნამგალაურის საქმის შესახებ 1898 წლის 15 სექტემბერს გაზეთი "თბილისშიი" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც ბრალდებულის ჩვენება  ჰქონდა დართული.

ამონარიდი ჩვენებიდან: "1988 წლის 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა წავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და მარტო წავედი დუშეთში, არ ვიცი, რატომ. ეზოში რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე, დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი, ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე-თქო, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი, დათო წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად...

დათო რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში, ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში დათოც დაბრუნდა, დას ეძებდა, გოგონა საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის - მეთქი, დათოც წავიდა. მეგონა, გოგონა მკვდარი არ იყო და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში გადავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-თქო, მე ვუთხარი, იქეთ გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვიბანავე, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს.

უმძიმესი დანაშაულის აღიარება ნამგალაურის სასამართლო პროცესზე ერთადერთი შოკისმომგვრელი ამბავი არ ყოფილა. ცნობილმა ძიუდოისტმა ყველასათვის მოულონდელი საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა:

"არც წინასწარი გამოძიებისას ვუარყოფდი და არც ახლა ვუარყოფ დანაშაულს, მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან რა გარანტიაა იმისა, რომ ისევ არ ჩავიდენ რაიმეს, ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ჩემს დამცველს და გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა".

გამოძიების მიმდინარეობისას რამდენიმე საინტერესო დამთხვევა გამოიკვეთა, როგორც მტკიცდებოდა, ნამგალაურმა ოთხივე დანაშაული ერთსა და იმავე დროს, ღამის სამ საათზე ჩაიდინა, ყველა აღნიშნული შემთხვევოს დროს ნასვამი იყო და ეს ყველაფერი აუცილებლად მისი სპორტული შეჯიბრების წინა ღამეს ხდებოდა. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების გაურკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ საქმე სპორტსმენის ფსიქიკურ აშლილობასთან გვქონდა და მისი დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი მიზეზი გამოძიებას უფრო ღრმად უნდა გამოეკვლია. არაერთი მოხოვნა გაიგზავნა შესაბამის უწყებებში მისთვის სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. ნამგალაურს ისე მიუსაჯეს დახვრეტა, რომ საქმეში არ იყო საექიმო კომისიის მიერ ბრალდებულის შემოწმების დასკვნა. ნამგალაური ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ცნეს ჯანმრთელად და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ, შესაძლოა, იგი შეურაცხადი ყოფილიყო...

მომხდარის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ის თითქოს არ დასაჯეს სიკვდილით და გააპარეს საბჭოთა კავშირიდან, რაც, დიდი ალბათობით, მხოლოდ ვერსიაა...  (წყარო)

იხილეთ ვიდეო