"არ არის გამორიცხული, ამ საქმეში სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული" - რა მისია ჰქონდათ სმიტებს საქართველოში? - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ამ საქმეში სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული" - რა მისია ჰქონდათ სმიტებს საქართველოში?

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან მაიკლ და ლორა ჯოი სმიტები 4 წლის ვაჟთან, ქეილებთან ერთად დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და იმავე დღეს სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები, ალავერდის ჩანჩქერში კი ლორა სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს. რაიანის გვამს მაშველებმა 7 ივლისს მდინარეში, ჩანჩქერიდან 800 მეტრის დაშორებით მიაკვლიეს. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ. 8 ივლისს "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზე მიუთითა. გამოძიება მკვლელობის ვერსიად სექსუალურ ძალადობას განიხილავდა...

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დაეხმარება. ცხედრების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გარდაცვლილებს სამშობლოში გადაასვენებენ.

ერთი ვერსიით, შესაძლოა, მკვლელობის კვალი სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ეს ვერსია არ არის საფუძველს მოკლებული.

- აშშ ყველა ქვეყანაში მაღალ დონეზე იცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს. FBI-ს ძირითადი ინტერესი ის არის, რომ დაადგინოს, მკვლელობაში სპეცსამსახურის ხელი ხომ არ ურევია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი პედაგოგების პროგრამით იყო ჩამოსული, კაცი კი საელჩოს თანამშრომელი გახლდათ. საელჩოს თანამშრომლები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან თავიანთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან. თუ ეს დადასტურდა, არ არის გამორიცხული, ამ საქმეში სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული.

არსებობს მოდელი, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეები წყვილად ჩადიან და ასრულებენ სადაზვერვო მისიას კონკრეტულ ეთნიკურ რეგიონში. ჩვენ არ ვიცით, მათ მიერ გროვდებოდა და გადაეცემოდა თუ არა ინფორმაცია. ზოგი რუსულ კვალს ასახელებს, მაგრამ მხოლოდ რუსულ კვალს ნუ განვიხილავთ. არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიასაც, რომ ეს ოჯახი სადაზვერვო მისიით იყო ჩამოსული და თავისი ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობდა, რაც სხვა ქვეყნისთვის მიუღებელი იყო. შესაძლოა, განვიხილოთ ვერსიაც, რომ ამ მწყემსმა, თუნდაც გასამრჯელოს გამო შეასრულა ვიღაცის დავალება ისე, რომ არც იცოდა, რას აკეთებდა.

სმიტები ჩამოვიდნენ, მიიღეს მოქალაქეობა, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, მოხიბლული იყვნენ საქართველოთი... ასეთი მეთოდი შეიძლება გამოიყენებოდეს კონკრეტულ პირთა რეალური მისიის შესანიღბავად. თუკი ეს მისია ხელს უშლის რომელიმე სახელმწიფოს, სპეცსამსახურებმა შესაძლოა, სალიკვიდაციო სპეცოპერაციაც ჩაატარონ.

რა მისია ჰქონდათ სმიტებს საქართველოში?

ამერიკელ ლორა ჯოი და რაიან მაიკლ სმიტებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ და რამდენიმე წელია, მარნეულში ცხოვრობდნენ. ისინი კალიფორნიის შტატიდან, ქალაქ სან-დიეგოდან იყვნენ. 2002 წელს რაიანი აზერბაიჯანში ჩავიდა საცხოვრებლად, 2011 წელს კი მეუღლესთან ერთად საქართველოში, მარნეულში დასახლდა. ლორა მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა, რაიანს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. სმიტების ოჯახის საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო - მათ არ სურდათ, მიეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრებისას შეეძინათ და აქვე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, რაიანმა აზერბაიჯანი უცნობ კულტურათა აღმოჩენის მიზნით აირჩია. ის სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას. ხალიჩების ბიზნესიც ბაქოში წამოიწყო, თუმცა 2005 წელს გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულა. იქ შეხვდა ლორას და შექმნა ოჯახი. რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.

2012 წელს ლორა და რაიან სმიტებმა საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს.

2011 წლის ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებგვერდზე წერია, რომ სმიტები, სხვა რამდენიმე პირთან ერთად, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებული... როგორც ამბობენ, რაიანს მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობაც სურდა და ითხოვდა, რომ ის ქრისტეს სახელობისა ყოფილიყო, მაგრამ მარნეულის მერიაში ნებართვა ვერ მიიღო. უარის თქმის ოფიციალური მიზეზი დაფინანსების წყაროს საეჭვო წარმომავლობა იყო, თუმცა იქაურები ეჭვობენ, რომ პროცესი პარკის სახელმა შეაფერხა. (იხილეთ სრულად)