"ჩემს შვილს ბევრჯერ უთქვამს, შენ რომ აღარ მყავდე, ვერ გადავიტან და იქ დამთავრდება ჩემი ცხოვრებაო" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს ბევრჯერ უთქვამს, შენ რომ აღარ მყავდე, ვერ გადავიტან და იქ დამთავრდება ჩემი ცხოვრებაო"

5 თვე გავიდა იმ სისხლიანი დანაშაულიდან - 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს, დოდო გუგეშაშვილს კი ესროლეს, მაგრამ დაჭრილმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო. ქალის ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და სწორედ ამ დროს ჩაირბინა კიბეზე დამნაშავემ. დაჭრილმა მაშინვე იყვირა, ეს არის მკვლელიო, მაგრამ მკვლელი გაიქცა.

როგორც დოდო გუგეშაშვილი ამბობს, მკვლელი რამდენიმე თვით ადრე გაეცნო. დარწმუნებულია, რომ ის კილერი იყო და ვიღაცის დაკვეთა შეასრულა. "მხედრიონის" ლიდერის თქმით, გაჩნდა ახალი ვერსია, რომელიც მას ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნია - თავდასხმის ობიექტი თავად იყო და მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს მისი ადვოკატიც. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა პატიმარმა უთხრა, რომ რუსი გენერალი გუგეშაშვილის მკვლელობას უკვეთდა: "ერთი პატიმრისგან მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდა პირი, რომლის ვინაობასაც ასახელებს, და შესთავაზა, ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია, ან მოეძებნა პირები, რომლებიც დოდო გუგეშაშვილს მოკლავდნენ. სიაში დოდო გუგეშაშვილთან ერთად ყოფილა კიდევ ოთხი პირი. პატიმარი ამბობს, მე ვინც შემიკვეთა ეს, ერთ-ერთი რუსი გენერლისგან გამოგზავნილი ემისარი იყოო".

ამ დღეებში იგეგმება ამ პატიმრის დაკითხვა და, ალბათ, გამოძიება დაადგენს, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია. "კვირის პალიტრა" დოდო გუგეშაშვილს ესაუბრა:

- გამოძიებით უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა ერთობლივად ვიპოვით მკვლელს. მე დამოუკიდებლადაც ვატარებ გამოძიებას და როდესაც რამე ინფორმაციას ვაწვდი, ოპერატიულად იღებენ გადაწყვეტილებებს და იმავე დღესვე ამოწმებენ ინფორმაციას. შვილის საფლავზე ხშირად დავდივარ, მისი მკვლელი მართლმსაჯულების წინაშე რომ წარდგება, მაშინ უფრო გამართული მივალ.

მე ვარ გრიგოლ გუგეშაშვილის დედა, დოდო გუგეშაშვილი და მე უნდა გავცე მათ სათანადო პასუხი. ყველაზე დიდი საშიშროება, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. უკან დასახევი არ მაქვს, ძალიან ბევრ სიურპრიზს მოვუწყობ იმ ქვეყნის საოკუპაციო ჯარს, რომელიც ჩემს სამშობლოშია. ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, ძალიან მაგარი ბიჭი მოუკლეს სამშობლოს, ამიტომ არ ვაპატიებ, არ შევარჩენ მათ, ვინც ჩემი შვილი მოკლა. თითოეულ ტყვიას ჩემი შვილის სახელი დაერქმევა.

არასოდეს მქონია ვარდებით მოფენილი გზა, დანის პირზე ვიარე მთელი ცხოვრება. ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი ვაჟი და ჩემი სამშობლო იყო. ახლა ერთადერთი საფიქრალი მაქვს, გავიგო, ვინ გაუსწორდა ჩემს ოჯახს.

- თქვენს დედაშვილურ ურთიერთობაზეც გვიამბეთ.

- ყველაზე ახლო მეგობარი, გვერდში მდგომი იყო ჩემი ვაჟი, ჩვენ განსაკუთრებული, გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა, თუმცა მე შინაგანად მქონდა სინანული იმის გამო, რომ ძალიან ცოტა დრო გავატარეთ ერთად. ისეთი ცხოვრება მქონდა, ეს ჩემი არჩევანი იყო და არა ვინმეს დაძალებული. წლების განმავლობაში ვიბრძოდი, მერე ციხეში მოვხვდი, მერე ისევ ომი უკრაინაში. სულ გვენატრებოდა ერთმანეთი. ჩემს შვილს ბევრჯერ უთქვამს, შენ რომ აღარ მყავდე, ვერ გადავიტან და იქ დამთავრდება ჩემი ცხოვრებაო. ეტყობა, მე დავრჩი იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელები ვიპოვო და მათ პასუხი ვაგებინო. (იხილეთ სრულად)