"ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, თუმცა..." - გირგვლიანმა სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაცვაზე უარი თქვა - კვირის პალიტრა

"ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, თუმცა..." - გირგვლიანმა სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაცვაზე უარი თქვა

სმიტების საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა გაავრცელა განცხადემა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ის ამ საქმეს ჩამოშორდა:

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება: ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ,რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ", – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ადვოკატის ამ განცხადებამდე მედიასაშულებებში გავრცელდა მოკლული სმიტების სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტები, რომლის  მიხედვითაც ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რომელიც სავარაუდოდ სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებს. გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს.

კობაურს გირგვლიანამდე სახაზინო ადვოკატები იცავდნენ.

იხილეთ ასევე: "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა?