ზაზა სარალიძე: "ახლა მის სინდისზეა, იტყვის თუ არა სიმართლეს"
23-07-2018
ზაზა სარალიძე: "ახლა მის სინდისზეა, იტყვის თუ არა სიმართლეს"
ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან რვა თვე გავიდა და ზუსტად ამდენივე დროა, მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და მასთან ერთად საზოგადოებასაც აქვთ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვები, ვინ მოკლა 16 წლის დავით სარალიძე, არის თუ არა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პასუხისგებაში მიცემული და ხომ არ ცდილობდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები საქმის გამოძიების ხელოვნურად შეფერხებასა და კონკრეტული პირებისთვის ხელის დაფარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ ჩვენებისთვის კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდი დააკავა - რა ვიცით ხორავას ქუჩის
ტრაგედიიდან რვა თვის შემდეგ, "კვირის პალიტრის" კითხვებს დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პასუხობს:

- დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებმა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ყველა სიტყვა, რომელსაც ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ვამბობდი, აბსოლუტური სიმართლე იყო.

პირიქით, კიდევ უფრო მწვავე გახდა კითხვები, რატომ ცდილობდა
პროკურატურა საქმის ჩაფარცხვას და, ბოლოს და ბოლოს, ვინ მოკლა ჩემი შვილი. გამომძიებლები, პროკურორები და მათი ხელმძღვანელები ბავშვებივით თავს იმართლებენ და ცდილობენ მათ მიერვე გაფუჭებული საქმის გამოსწორებას, მაგრამ არ გამოსდით. ან როგორ უნდა მოახერხონ, როდესაც ყველა მტკიცებულება გაყალბებულია, მოწმეები დაშინებული არიან, თვითმხილველების ჩვენებები კი საქმეში არ არსებობს.

დღეს თავი კი არ უნდა იმართლონ, თითოეული მათგანი ციხეში უნდა იჯდეს და მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ სამართალი დამნაშავე მაღალჩინოსნებამდეც მიაღწევს.

- გამოძიებამ რამდენიმე დღის წინ დააკავა თქვენი შვილის მეგობარი დ.ღ. ცნობილია, რომ სწორედ მან სთხოვა დათო სარალიძეს გარჩევაზე გაყოლა, თუმცა მან რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს და მიხეილ კალანდიას ჩხუბში მონაწილეობა გამორიცხა. თქვენ ერთ-ერთ მკვლელად დიდი ხანია ასახელებთ კალანდიას და სწორედ კალანდიას დაკავების რეკომენდაცია გასცა საგამოძიებო კომისიამაც.
- დიახ, დ.ღ. ჩემი შვილის მეგობარია და სწორედ მის დასახმარებლად წავიდა დათო ხორავას #3-ში. ის მკვლელობის პირველივე დღეს დაიბარა დაკითხვაზე გამოძიებამ, მაგრამ საქმის მასალებშიც ჩანს, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით მისი დაკითხვა შეწყდა და გამოძიება მისით ინტერესდება მკვლელობის მეთოთხმეტე დღეს. რატომ შეწყდა დაკითხვა შუა გზაში, ვერავინ მიხსნის, მაგრამ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ როგორც ჩანს, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ანუ ჩემი შვილის მკვლელობის დღეს, დაკითხვისას ვიღაცას დ.ღ.-ს ჩვენება არ მოეწონა. განადგურებულია დაკითხვის ოქმი და ახალი ოქმი სწორედ 14 დეკემბერს დაიწერა.

- თქვენი აზრით, ამ პერიოდში დ.ღ.-ზე ზეწოლა იყო, რომ ჩვენება შეეცვალა და დამნაშავე არ დაესახელებინა?
- რა თქმა უნდა, დაახლოებით ორი კვირა სრულიად საკმარისი იყო, რომ დ.ღ.-ზე ზეწოლა მოეხდინათ, დაეშინებინათ ან დამუქრებოდნენ. დათოს მკვლელობიდან დაახლოებით ერთ თვეში ინტენსიურად დავიწყე ჩემი შვილის მეგობრებთან შეხვედრა და, ბუნებრივია, დ.ღ.-საც შევუთვალე, რომ მასთან საუბარი მინდოდა და სამჯერ შევხვდი. შეხვედრებზე მხოლოდ დ.ღ. კი არა, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა ჩემი შვილის მხარეს, ყველა იმყოფებოდა მამებთან ერთად.

ვთხოვდი ბავშვებს, სიმართლე ეთქვათ, რატომ და ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვთხოვდი ყველა დეტალის აღწერას. ბავშვები თავდახრილი იყვნენ და როგორც კი მოყოლას იწყებდნენ, მაშინვე ლაპარაკში ეჭრებოდნენ მამები.
რაღა უნდა მექნა, არავის ლაპარაკი არ სურდა, მხარდაჭერასაც კი ვერ ვგრძნობდი მათგან, რომ სიმართლე დამედგინა. ვხვდებოდი იმასაც, რომ ჩემი ტკივილი არც კი ესმოდათ, აღარაფერს ვამბობ დათოს სულის პატივისცემაზე.

გამოძიების მასალებშიც კი, რომელიც თავიდან ბოლომდე გააყალბეს, ნათქვამია, რომ დ.ღ. ფარდულში იმყოფებოდა, ამას თავადაც აღიარებს, ანუ იდგა იქ, როდესაც ჩემს შვილს დანით ჩეხდნენ, მაგრამ საბოლოოდ პროკურატურამ სასამართლოში გაგზავნა საქმე, სადაც ფარდულში დ.ღ. არ ფიგურირებს. მეტიც, თავდაპირველად, როდესაც პროკურორს შევხვდი, მიმტკიცებდა, რომ ჩემი შვილი მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა, გ.ჯ.-მ მოკლა და როდესაც ვკითხე, რომ სხვადასხვა დანით ჭრილობა როგორ მიაყენა ერთმა ადამიანმა, დანებს ხომ არ ცვლიდა ჩხუბის დროს-მეთქი, ვერაფერი მითხრა და ზუსტად ამ დროს საქმეში შემოიყვანეს გ.ბ., რომელიც პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთი ბრალდებულია, მაგრამ სასამართლომ ეს ვერსია გამორიცხა.

- ანუ, თქვენი ინფორმაციით, პროკურატურამ შეგნებულად გამორიცხა დ.ღ.-ს ყოფნა ფარდულში, რადგან მას შეუძლია დაასახელოს მიხეილ კალანდიას მონაწილეობა თქვენი შვილის მკვლელობაში?
- ჩემი ვერსიით, დ.ღ.-მ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც მღვდლის შვილია, დაჭრა, თან, ყველაფერი დაინახა, რადგან როგორც გითხარით, ხედავდა, ვინ ურტყამდა დანას ჩემს შვილს, სასამართლოზე კი თქვა, იდაყვი მომხვდა, გონება დავკარგე და როცა გონს მოვედი, უკვე ყველა გაქცეული იყოო. მოიტყუა!

დ.ღ.-ს დაკავების შემდეგ ახლა მის სინდისზეა, იტყვის თუ არა სიმართლეს, იგრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ჩემი შვილის მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო.

მხოლოდ ასე თუ დადგინდება სიმართლე, თორემ მტკიცებულებებით ვეღარ გახსნიან საქმეს, რადგან აღარ არსებობს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველა მტკიცებულება განადგურებულია ისე, რომ აღდგენა შეუძლებელია, გაფუჭებული ნივთებით კი გამოძიება ვეღარაფერს დაადგენს. ამასთან, კანონის მიხედვით, მინიმუმ ორი მოწმის ჩვენება უნდა არსებობდეს, რომ მიხეილ კალანდიას დანაშაული დადასტურდეს. იმ მოცემულობით, როდესაც მკვლელობის იარაღიც აღარ არსებობს, ორი მოწმის მოძებნა გამოძიებას გაუჭირდება. ჩემი შვილი კი მკვდარია და ვერაფერს იტყვის. ერთადერთი, რაც სასამართლო სხდომაზე დ.ღ.-მ განაცხადა, მსგავსი კონფლიქტები სკოლაში ხშირად ხდებოდაო. ლაპარაკია საპირფარეშოს ინციდენტზე, სადაც გამოძიების ვერსიით, ხან დ.ღ.-მ მიაყენა შეურაცხყოფა ა.ს.-ს, ხან კიდევ სხვა არასრულწლოვანმა. თავდაპირველად იმის დამტკიცებასაც ცდილობდნენ, რომ ჩემი შვილიც იყო საპირფარეშოში, როდესაც ა.ს.-ს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ არ ყოფილა და შესაბამისად, არც არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. როგორ გამოეპარათ ეს მანდატურებს ან სკოლის ადმინისტრაციას? ყურადღება რომ მიექციათ, ჩემი შვილი ხომ გადარჩებოდა და ეს ბავშვებიც არ იქნებოდნენ დღეს მკვლელები.

- თქვენ შეხვდით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც დაგპირდათ, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, გჯერათ მისი დაპირების?
- მიხეილ კალანდიას დღესაც კბილებით იცავს პროკურატურა. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კი ვხედავ მართლაც მცდელობას, რომ საქმე როგორღაც გამოიძიონ, გავიდნენ მკვლელებზე, მაგრამ ეს თავის დროზე უნდა ექნათ. სწორედ ეს გამომძიებლებიც უნდა დაისაჯონ და მეუბნებიან, რომ საქმეს ამ მიმართულებითაც იძიებენ.

პირდაპირ ვამბობ - გახარიას უწყებას ვაძლევ დროს, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს, რვა თვე ველოდე და კიდევ ცოტა ხანს როგორღაც მოვიცდი. მთავარია, დავინახო, რომ სხვებთან ერთად პროკურორი ფხაკაძეც დაისჯება დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკან არ დაიხევს. ეს მათ ინტერესებშიც შედის, რომ ტალახი, რომელიც საზოგადოებისგან მიიღეს, როგორღაც ჩამოირეცხონ. ბევრია დასაკავებელი, ფაქტობრივად, ბავშვები, რომლებიც ფარდულთან იყვნენ, ყველა იტყუება.
ჩემი ინფორმაციით, ჩხუბში, მღვდ­ლის შვილის დაჭრასაც თუ ჩავთვლით, მინიმუმ ოთხი დანა მონაწილეობდა და ეს გამოძიებას არ გამოუკვლევია.

ასე რომ, ველოდები შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ნაბიჯებს, რისი დაპირებაც მივიღე მინისტრ გახარიასგან.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები