"გორაძე და ქობულაძე გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ აჭარაში და თურქეთში "გარჩევაც" ჰქონიათ" - "ლავას-ოღლი ბატუმსკის" ქურდული "ოდისეა" - კვირის პალიტრა

"გორაძე და ქობულაძე გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ აჭარაში და თურქეთში "გარჩევაც" ჰქონიათ" - "ლავას-ოღლი ბატუმსკის" ქურდული "ოდისეა"

19 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი ხალხით იყო სავსე, ბევრი გულშემატკივარი გარეთაც ელოდა მოსამართლის ვერდიქტს. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 10 პირს: მინდია გორაძეს, იგივე ლავას-ოღლის, იმედა აბაშიძეს, ივანე გიგიაძეს, შოთა კეკელიძეს, მარად წითელაძეს, ბეჟან დეკანაძეს, ბადრი ქობულაძეს, რამაზ კომახიძეს, გიორგი შავლიძესა და ჯამბულ ნაკაშიძეს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 26 წლისაა, ყველაზე ასაკოვანი - 62 წლის. ადვოკატები თითოეულის გათავისუფლებას 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ლავას-ოღლის დავალებით ირჩეოდა ე.წ. განაბობის მინიჭების საკითხი

სხდომის დაწყებამდე ცუდად გახდა 62 წლის ივანე გიგიაძე, მას ასთმის შეტევა დაემართა და ექიმებმა დახმარება გაუწიეს. სამმა ბრალდებულმა: ქობულაძემ, ნაკაშიძემ და დეკანაძემ სხდომა დატოვეს. სხდომის დასრულებამდე კიდევ ერთი ბრალდებული, იმედა აბაშიძე გახდა ცუდად, მან გონება დაკარგა. აბაშიძე ნაოპერაციევია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა მინდია გორაძეს, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება... ბრალდებულები აჭარასა და თბილისში დააკავეს. ბრალი 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები დაშინებით, მუქარით თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. მაგალითად, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალის გამოყენებით 20.000 ლარის, ე.წ. ქურდული სამყაროს საწევროს გადახდას აიძულებდნენ. გამოძიების მტკიცებით, "კანონიერი ქურდი" მინდია ლავას-ოღლი საზღვარგარეთიდან იყო ჩართული ამ საქმიანობაში. კერძოდ, 2018 წლის 17 ივნისს ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ქურდული სამყაროსთვის თანხის ჩარიცხვის საკითხზე "გარჩევა" გაუმართა. მასაც 20.000-ს სთხოვდნენ. რ.ც.-მ ლავას-ოღლისა და გეგიაძის მოთხოვნა თანხის დროულად ჩაბარებაზე სხვა "კანონიერ ქურდს" გააუქმებინა. ამან გააბრაზა ლავას-ოღლი და ხელახლა გაურჩია მას საქმე. შს სამინისტრომ ფარული ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ისმის, როგორ სთხოვს ლავას-ოღლი რ.ც.-ს თანხას. ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ მოქალაქეებს და აიძულებდნენ "ობშიაკისთვის" თანხის შეწირვას. საქმის მასალების მიხედვით, ლავას-ოღლის დავალებით ასევე ირჩეოდა ე.წ. განაბობის მინიჭების საკითხიც.

"სამხილები არ არსებობს, მხოლოდ პოლიციელები არიან ე.წ. მოწმეები"

თენგიზ კახიძე, იმედა აბაშიძისა და შოთა კეკელიძის ადვოკატი: - ჩემი დაცვის პირები ბრალს არ აღიარებენ. უმძიმეს მდგომარეობაშია იმედა აბაშიძე, ორი კვირის წინ მენჯ-ბარძაყის ოპერაცია გაუკეთეს, მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. კაცი საპირფარეშოში ვერ შედის და რა აუცილებელი იყო მისი დაკავება. წარვადგინეთ სამედიცინო ცნობები, მაგრამ მოსამართლემ ექსპერტის დასკვნა მოითხოვა, რომელიც ორ დღეში არ გაიცემა. ასეთი მძიმე ავადმყოფის სასჯელაღსრულებაში ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. ყველა ხედავდა, პროცესზე რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ პროკურატურა ამბობს, მტკიცებულებებს გაანადგურებს და ზეწოლას მოახდენს მოწმეებზეო. მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობს, მხოლოდ პოლიციელები არიან ე.წ. მოწმეები. პოლიციელებზე მოახდენს ზეწოლას? გამაოგნებელი იყო პროკურორის გამოსვლა. თქვა, ქურდული სამყაროს არსებობით სახელმწიფო ზარალდებაო. ასეთი იურიდიული ცნება არ არსებობს. ბრალის დადგენილებაში წერია, "შავი სამყაროს" წარმომადგენელიაო, მაგრამ რის საფუძველზე ამბობენ ამას, რა სამხილი აქვთ? მოსმენებშიც კი არ არის გამოკვეთილი სამხილი, რომ ვინმეს ზიანი მიადგა.

რაც შეეხება შოთა კეკელიძეს, ის პატიმრობაში იყო და ხელახლა პატიმრობის შეფარდება რა საჭირო იყო, ვერ გამიგია. სამთვიან პატიმრობაზე იყო საუბარი, მაგრამ ახლანდელით ბრალი დაუმძიმეს. არადა, არც მის ეპიზოდშია ვინმე დაზარალებული, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში.

"ლავას-ოღლი და ქობულაძე გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ აჭარაში და თურქეთში "გარჩევაც" ჰქონიათ"

საქმის მთავარი ფიგურანტი 37 წლის მინდია გორაძეა. სამართალდამცავებმა ბათუმში მისი ბინა გაჩხრიკეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს. გორაძეს 2013 წლიდან "კანონიერ ქურდად" მოიხსენიებენ. ერთხანს უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას"ლავას-ოღლი ბატუმსკის სახელით იცნობენ. 2014 წელს გორაძე ოდესაში დააკავეს და სამი წლით აეკრძალა უკრაინაში შესვლა. როგორც ამბობენ, გორაძე ოდესაში მეთაურობდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ბინებს ძარცვავდა. 2016 წელს"გორაძე საქართველოში დააკავეს და 9 თვე პატიმრობაში გაატარა, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცდა. კანონით დადგენილი ცხრათვიანი ვადა იწურებოდა, როცა მას სასამართლოს შეურაცხყოფისთვის წაუყენეს ბრალი და ერთი წელი მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდგომ მას შსს-მ 3 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ძალოვანებმა თავად მიაცილეს აეროპორტში და ქვეყნიდან გაუშვეს. თუმცა საქართველოში მასზე აღძრული საქმე დიდი ხანია, 2016 წლიდან განიხილება. რატომღაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბრალის დამტკიცება, ახლა კი სასამართლო სხდომები დასასრულს მიუახლოვდა და დაუსწრებლად ასამართლებენ. ამ განაჩენის მოლოდინში იყო მინდია ლავას-ოღლი და ახლა ახალი ბრალი წაუყენეს, ფაქტობრივად, იგივე, უბრალოდ დაზარალებულების სახელებია სხვა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად იგი თურქეთშია.

დაკავებულთა შორის არის ბადრი ქობულაძე. იგი ე.წ. კანონიერი ქურდის, ასლან ქობულაძის, იმავე ასლან ბატუმსკის ვაჟია. ბევრს გაუკვირდა მისი დაკავება ამ ჯგუფთან ერთად, რადგან არსებული ინფორმაციით, გორაძე და ქობულაძე დიდი ხანია დაპირისპირებული არიან. თურმე ისინი გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ აჭარის რეგიონში და ცოტა ხნის წინ თურქეთში "გარჩევაც" ჰქონიათ.

"ამბობენ, ჩანაწერში გორაძეაო, მაგრამ იდენტიფიცირებული არ არის და ბრალს უყენებენ..."

ალექსანდრე კობაიძე, მინდია გორაძის ადვოკატი: - კონკრეტულად არ დაუსაბუთებიათ, ლავას-ოღლი რისი ორგანიზატორია, რა ჩაიდინა. ერთი-ორი ჩანაწერია, სადაც ახალგაზრდები ამბობენ, რომ ლავას-ოღლი მათი ხელმძღვანელია, მაგრამ ფაქტი არსად არის. წარმოუდგენელია ასეთ საქმეზე განაჩენი დადგეს, ნონსენსი იქნება.

- თუ სამხილები არ იყო, მოსამართლემ რატომ შეუფარდა პატიმრობა დაუსწრებლად? - ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა განსაზღვრავს სამართალდამცავ სისტემას, მოსამართლეები კი ერიდებიან საზოგადოების ქარცეცხლს. თავში ქვა უხლიათ ბრალდებულებს, მივუსჯითო, ამ პრინციპით მოქმედებენ, თორემ ამ ბრალდებულების წინააღმდეგ არ არის მტკიცებულებები. აჩვენეს ჩანაწერი, სადაც ვიღაც ლაპარაკობს, ამბობენ, მინდია გორაძეაო, მაგრამ იდენტიფიცირებული არ არის, ვინ ლაპარაკობს და ადამიანს ბრალს უყენებენ.

- მინდია გორაძეს სხვა ბრალდებითაც ასამართლებენ, რა სტადიაზეა ის საქმე?

- დამთავრდა სასამართლო პროცესი და მას 12 წელი მიუსაჯეს, ამ ბრალდების საქმეშიც მას "კანონიერ ქურდობას" ედავებოდნენ. მოწმეები ამბობდნენ, როგორ აიძულებდა პოლიცია მინდიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. გორაძეს ძალიან უნდოდა დასწრებოდა პროცესს, მე შუამდგომლობაც დავაყენე, რომ სკაიპით ჩართულიყო პროცესში, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა.

"რაც ხდება, მიშას ტერორის შემდგომი პოსტშოკური პერიოდია"

რატომ გააქტიურდნენ "კანონიერი ქურდები", იურისტი მირიან ნიკოლაძე გვესსაუბრება: - სანამ მათი იზოლირება არ მოხდება, ასეთი მოვლენები ნელ-ნელა გახშირდება. ეს საზოგადოების პრობლემაა. მას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ფულის შეწერაა თუ სხვა რამ, მაშინვე უნდა აცნობონ სამართალდამცავებს.

- ციხიდან გამოსვლისთანავე "კანონიერ ქურდებს" ქვეყნიდან უშვებენ, მაგრამ მაინც ახერხებენ "გარჩევების" გამართვას, რატომ?

- ქვეყნიდან გაძევებას რა აზრი აქვს? XXI საუკუნეა, აქ ჩაიდენ დანაშაულს თუ იქიდან უხელმძღვანელებ, რა მნიშვნელობა აქვს? რაც ხდება, მიშას ტერორის შემდგომი პოსტშოკური პერიოდია. განსხვავება ის არის, რომ მაშინ იმიტომ შეიძლებოდა დანაშაული არ ჩაედინათ, რომ ეშინოდათ ციხეში გაუპატიურების. არა მგონია, საქართველოში ვინმე დღეს ფულს იწერდეს და თუ ვინმე იწერს, მაშინ ღირსი ყოფილა.

- კანონი უნდა გამკაცრდეს? - უფრო ქმედითი პრევენცია იქნება. კანონის გამკაცრებით კი არ უნდა იზრუნო პრობლემის მოგვარებაზე, განათლების სისტემით უნდა ებრძოლო, რომ მომავალი თაობა არ გაიზარდოს ქურდული მენტალიტეტით. ოჯახების როლიც მთავარია. შვილებისთვის უნდა მოვიცალოთ.

თეა ხურცილავა