"პრავადნიცები" და ნარკოტურიზმი საქართველოში - კვირის პალიტრა

"პრავადნიცები" და ნარკოტურიზმი საქართველოში

"ცოტა ხნის წინ ძველმა ნაცნობმა მიამბო, რომ თბილისში ერთი რუსი გოგონა გაიცნო და ძალიან დამეგობრდნენ. მითხრა, თანდათან ნდობაში შემოვიდა, მოგვიანებით კი გამომიცხადა, რომ "პრავადნიცააო". როცა ჩემი ნაცნობი მისი საქმიანობით დაინტერესდა, უთქვამს, რომ ნარკოტურიზმში იყო ჩართული და თბილისის ელიტაში გარევა უნდოდა", - ჰყვება ჩვენი რესპონდენტი, ბლოგერი მანჩო გიორგობიანი.

ვინ არიან "პრავადნიცები" და როგორ იკიდებს ფეხს ნარკოტურიზმი საქართველოში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

"პრავადნიცებმა" მოკლე დროში ისეთი დიდი ფული იშოვეს, რომ თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბინები იყიდეს"

- მოკლედ, ჩემი ნაცნობისგან ბევრი რამ შევიტყვე. ნარკოტურიზმი ჩვენთვის არის სიახლე, თორემ უცხოეთში რახანია ეს ბიზნესი განვითარებულია. ნარკოტურის მესვეურები წინასწარ სწავლობენ სტუმრის ფსიქოლოგიას (ინტერნეტით ეკონტაქტებიან). ნარკოტურის ორგანიზატორები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გიდს ახვედრებენ. ჩამოსულები წინასწარ უკვეთენ ნარკოტიკს და გიდმა იცის, რითაც უნდა "გაუმასპინძლდეს". ხვდება აეროპორტში, მიჰყავს, აბინავებს. გიდს წინასწარ აქვს დაგეგმილი სად წავლენ, კლუბურ მუსიკას მოუსმენენ თუ ოპერას... "პრავადნიცამ" დამკვეთის ფსიქოლოგია იმიტომ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიაღებინოს და ბევრიც დაახარჯვინოს. მასაც სტუმარი იმ კლუბში მიჰყავს, სადაც კლუბური ნარკოტიკია. თუ ვინიცობაა ცუდად გახდა, გიდმა იცის, როგორ გამოიყვანოს მდგომარეობიდან.M ერთი სიტყვით, სტუმრის სიცოცხლის დაცვა და მაქსიმალური კაიფი ევალება, ტურისტიც მშვიდადაა და ენდობა გამცილებელს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის ხელში არაფერი ემუქრება.

- როგორ პოულობენ და იზიდავენ კლიენტებს ასეთი ჯგუფები? - ეს ტურისტულის მსგავსი სააგენტოებია და თავიანთი კლიენტურა ჰყავთ. მათ ინტერნეტით პოულობენ. ნარკოტიკის, ბინის და ა.შ. გარდა, შეიძლება სექსმომსახურებაც შეუკვეთონ ან "პრავადნიცამ" შესთავაზოს. თუმცა ტური, ძირითადად, ნარკოტურია - სტუმარი იღებს კოკაინს, ელ-ეს-დეს, მარიხუანას... მოკლედ, ტურის განმავლობაში მუდმივად "კაიფშია".

- დამკვეთები, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან არიან? - ჩამოდიან ბიზნესმენები, მთელი წელი გადაღლილები რომ არიან, განტვირთვა უნდათ. მათ საქართველოში წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი.

ტურისტებს მოსწონთ საქართველო, ამასთან, კანონი ლიბერალურია და მათ წამლის მოხმარებაზე აქ არავინ დაიჭერს, გამსაღებლებიც დიდ ფულს შოულობენ...

დამკვეთები, ძირითადად, რუსები და უკრაინელები არიან. ისინი ნაცნობების მეშვეობით, სოციალური ქსელებით იგებენ ნარკოტურიზმის შესახებ ან გადმოცემით იციან მათგან, ვინც უკვე ნამყოფია ამ ტურში. რუსეთში კარგა ხანია არსებობს ასეთი ჯგუფები, აზიურ ქვეყნებშიც, სადაც ბევრია ნარკოტიკული საშუალება.

- "ბოსი" ცხადია არსად ჩანს... - რა თქმა უნდა. როგორც ჩემმა ნაცნობმა მითხრა, მან სამი რუსი "პრავადნიცას" შესახებ იცის, რომლებიც თბილისში ხვდებიან ტურისტებს და დიდ ფულსაც შოულობენ.

- ქართველი ნარკოგიდებიც არიან? - მეც ეგ ვკითხე, მიპასუხა, ალბათ, არიან ქართველებიც, მე მხოლოდ რუსების შესახებ ვიცი, რომლებმაც მოკლე დროში ისეთი დიდი ფული იშოვეს, რომ თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბინები იყიდესო. ძალიან სერიოზულ თანხებზეა ლაპარაკი. დილერები, ძირითადად, "სოკოებზე", ელ-ეს-დესა და მარიხუანაზე მუშაობენ. ასე რომ, სერიოზული საშიშროების წინაშე შეიძლება დავდგეთ - ქვეყანაში უნდა ველოდოთ ნარკოტურიზმის განვითარებას. მძაგს ნარკოტიკიც, ნარკობარიგებიც და ის ხალხიც, ვინც ამ საწამლავის პოპულარიზაციას ეწევა. ყველამ სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ საშინელ სენს, რომელსაც ნარკომანია ჰქვია.

"აქამდეც მივედით, რაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ლოგიკური შედეგია"

ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციის შეფასება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილ უფროსს, კახა ჩიხლაძეს ვთხოვეთ: - არსებობს ალბათობა, რომ საქართველოში მართლაც არის მსგავსი ბიზნესი. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციამ ის მოიტანა, რომ საქართველოში ამჟამად ნარკომომხმარებლების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულებაა, ფაქტობრივად, მათ არ აკავებენ და თუ დააკავეს, ძირითადად, ადმინისტრაციულ სასჯელებს უწესებენ. მომხმარებლებისთვის საქართველო შედარებით თავისუფალი არეალია.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია თავისთავად გამოიწვევს ნარკოტურიზმის განვითარებას.

- ანუ საქართველოში ნარკოტურიზმის აყვავების პერსპექტივას ხედავთ? - შსს მაქსიმალურად ებრძვის ნარკორეალიზატორებს, ეს ურთულესი საქმეა, მყარი მტკიცებულებებია საჭირო, რომ ადამიანს ნარკოტიკის გასაღებაში ბრალი წაუყენო. რაც უნდა ებრძოლოს შსს, ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა გამორიცხულია. მსოფლიო ებრძვის ნარკოდანაშაულს და ვერას გახდა - დაიჭერ ერთ მოვაჭრეს, გაჩნდება მეორე, გადაუკეტავ ერთ წყაროს, გამონახავს მეორეს და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ტურისტული ბიზნესი აქვს უცხოელსაც, მარტო ქართველებს ხომ არა, ათასი სააგენტოა, ვისაც თავში მოუვიდა ეს აზრი, მისთვის ეს ბიზნესია, ჩვენთვის - საწამლავი.

- რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ნარკოტურიზმის ბიზნესით დაკავებულების გამოვლენა და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა? - დანაშაულის დასამტკიცებლად სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალდამცველები თავს გაართმევენ ამ პრობლემას. საფრთხის წინაშე ვდგავართ, როცა ამ პატარა ქვეყანაში ნარკოტიკის ამხელა ბრუნვაა.

მართალია, იმ აზრს არ ვემხრობი, რომ ყველა მომხმარებელი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი ვარ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის. ლიბერალიზაციას თან სდევს უამრავი პრობლემა, მათ შორის - ნარკოტურიზმიც.

ნარკორეალიზატორების მიმართ გამკაცრებულია კანონი, მკვლელობაზეც გამკაცრებულია, მაგრამ ხომ ხდება? პოლიციასა და ნარკომაფიას შორის იყო და მუდმივად იქნება ბრძოლა.

ნარკოტურიზმისა და ნარკოგიდების წინააღმდეგ უნდა იყოს პერმანენტული ბრძოლა და როცა რეალიზატორები დარწმუნდებიან, რომ მათ ებრძვიან საქართველოში, ცოტათი მაინც დაფრთხებიან.

აქამდე საქართველო მსგავსი პრობლემის წინაშე არ დამდგარა, მაგრამ აქამდეც მივედით, რაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ლოგიკური შედეგია.

ნანა ფიცხელაური