სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა - კვირის პალიტრა

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა

შსს-ს ინფორმაციით, ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი პოლიციელს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც სამართალდამცველმა გაისროლა და მძარცველი დაიჭრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

"მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს.

პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა, დაშავებული ექიმებს კომატოზურ მდგომარეობაში დახვდა, მოგვიანებით კი, გარდაიცვალა. როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს სისხლმდენი ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა.

"დილით შემოვიდა გამოძახება, გავედით ადგილზე და პაციენტი უგონო, კომატოზურ მდგომარეობაში დაგვხვდა. თავზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა. ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის სტაციონარში. მოგვიანებით პაციენტი ზუგდიდის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. პოლიციელს ჩვენი დახმარება არ დასჭირვებია, მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავდა", - განაცხადა ექიმმა.