"ჭრილობები იმდენად ღრმა იყო,ექიმებმა ლუკას გადარჩენა ვერ შეძლეს" - 25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის მრავალგზის ნასამართლევი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ჭრილობები იმდენად ღრმა იყო,ექიმებმა ლუკას გადარჩენა ვერ შეძლეს" - 25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის მრავალგზის ნასამართლევი პირი დააკავეს

11 ივლისს, მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს. საავადმყოფოში ახალგაზრდა გულ-მკერდში ღრმა ჭრილობებით შეიყვანეს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისსხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ის ინფორმაციით, ლუკა ფალიანის მკვლელობის ბრალდებით ძებნაში მყოფი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი დ.ნ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ მიმალვაში მყოფი დ.ნ. 25 ივლისს, თბილისში დააკავა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარდაცვლილი ლაშა ფალიანის ახლობელი კვირისპალიტრა.გე -ისთან მომხდარის გარემოებებზე ჰყვებოდა:

"ლუკა მეგობრებთან ერთად ფეხბურთს უყურებდა აქაური სასტუმროს ეზოში, ამ დროს ეზოში შევიდნენ ნიგურიანები. ლუკას ახლობლებები ამბობენ, რომ ის მკვლელს არ იცობდა, ამიტომ გაუგებარია, რაზე უნდა დაწყებულიყო კონფლიქტი. ვინც ლუკა მოკლა, ადამიანის დაჭრისთვის აქამდეც იყო ნასამართლევი… როგორც ამბობენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო. არ ვიცი, ლუკას რატომ აუშარდნენ, ეგებ იმიტომაც, რომ არ მოსწონდათ ლუკა მშრომელი და პატიოსანი ბიჭი რომ იყო, მათ მენტალიტეტს არ იზიარებდა.

მოკლედ, შელაპარაკება მალევე დასრულდა, ხალხი ჩაერია და ნიგურიანებიც ეზოდან გავიდნენ, რის მერეც სასტუმროს მეპატრონეს კარი ჩაუკეტავს, მაგრამ ცოტა ხანში ეს ხალხი დაბრუნდა, ლუკა და მისი მეგობარი მათ ძახილზე გარეთ გავიდნენ, რასაც ეს უბედურება მოჰყვა. მკვლელმა ბიჭს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა. ჭრილობები იმდენად ღრმა იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. როგორც ამბობენ, მკვლელობის დროს მომხდარის სიახლოვეს პატრული იმყოფებოდა, მაგრამ უბედურების აღსაკვეთად არაფერი გააკეთეს, წარმოუდგენელია, როგორ გაექცათ მკვლელი". იხილეთ სრულად