ომის პურით გამდიდრებულნი!!! - კვირის პალიტრა

ომის პურით გამდიდრებულნი!!!

ვინ მოითბო ხელი ქვეყნის ხარჯზე აგვისტოს ომის დროს

"მოპარულ პურს ფულის სუნი უდის?"

აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს,  საქართველოს სამთავრობო შტაბმა (მაშინდელი ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით) დედაქალაქში არსებულ პურის საცხობებს საგანგებო დავალება მისცა და საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში პურის გამოცხობა დაუკვეთა.

ომის დროს სახელმწიფო არა მხოლოდ პურს, არამედ სხვა საქონელსაც ყიდულობდა, თანაც არაერთი ისეთი ბიზნესკომპანიისაგან, რომლის მეწილეებადაც ხელისუფლების დიდმოხელეები თუ არა, მათთან დაახლოებული პირები ან სულაც ოჯახის წევრები არიან. მაგალითად, სახელმწიფო დაკვეთის მხრივ შპს "იფქლი", "იფქლი 1" და "კოლხი" აშკარად ლიდერობენ. 2009 წელს საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ამა თუ იმ შპს-ს დამფუძნებლის ვინაობის შესახებ  ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღარ არის.

სამეწარმეო რეესტრს მხოლოდ ხელმძღვანელი პირის (დირექტორის) შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მაგრამ სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლის დახმარებით, ჩვენ შევიტყვეთ, რომ  "იფქლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ჯამბულ ბაკურაძის ძმა - შაქრო ბაკურაძე ყოფილა, "იფქლი 1" კი მოგვიანებით "იფქლის" ბაზაზე შეიქმნა.

"კოლხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კი საქართველოს პარლამენტის წევრის, აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელის, არჩილ გეგენავას ძმა - ანდრო გეგენავაა.

ერთ-ერთი მეპურე, რომლის გვარ-სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, მოგვითხრობს:

"საცხობის "უკრიშოდ" მუშაობა შეუძლებელია. გასაღების ბაზარი გადატვირთულია, მაღაზიას შეუძლია დაწუნებული პური უკან დააბრუნოს, რაც მეპურისთვის ზარალია. გადაზიდვის დროს ფორმადაკარგული პური დაწუნებულად ითვლება. სახელმწიფო დაკვეთით მუშაობისას კი პურს არასასურველი ფორმის გამო უკან არავინ აბრუნებს. რაც ფაქტობრივად უდანაკარგოდ მუშაობას ნიშნავს. შეიძლება ითქვას, ამ ბაზარზე მონოპოლია "იფქლს", "იფქლი 1"-სა და "კოლხს" აქვთ.

სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტს, მათ შორის - სასჯელაღსრულების სისტემასაც და საჯარისო ნაწილებსაც, "კოლხი" ამარაგებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს,  ომის დღეებშიც, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეპურეები დაგვიბარეს, "კოლხის" წარმომადგენლებმა მოგვცეს მითითება, თუ ვის რამდენი პური უნდა გამოგვეცხო.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როდის იყო, ერთი საცხობის მფლობელი სხვა საცხობებს დავალებებს აძლევდა-მეთქი. აშკარად  ჩანდა, ,,კოლხს" სოფლის მეურნეობის სამინისტრო მფარველობდა. პურის ცხობის მოგვარების საქმეში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ომარ კაჭარავაც იყო ჩართული, შემდეგ კი შპს "ფუდსერვისს" დაავალეს საკვები პროდუქტების შეძენა და თანამშრომლობა უკვე  მასთან დავიწყეთ. მათი  დაკვეთით  პური სამგორის ქუჩაზე, ე. წ. ბაკალეიის ბაზაში (იქ, სადაც  კერამიკული კომბინატია) მიგვქონდა. ამ ბაზაში არა მხოლოდ პური, არამედ სხვა სურსათ-სანოვაგეც გროვდებოდა და მერე რა როგორ ნაწილდებოდა, აღარ ვიცი".

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ომარ კაჭარავამ საომარ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას შპს "ფუდსერვისი" რატომღაც ვერ "გაიხსენა".

KvirisPalitra.Geცნობისათვის: შპს "ფუდსერვისს" ადრე "ღვინის სახლი" ერქვა და თავის დროზე სწორედ არჩილ გეგენავას მიაკუთვნებდნენ, შემდეგ კი შპს-მ სახელი შეიცვალა და როგორც ჩანს, ფუნქციებიც.…

ჩვენ ზოგიერთ პურის საცხობთან დადებულ  ხელშეკრულებაში მითითებულ "ფუდსერვისის" ერთ-ერთ მობილურ ტელეფონზე დავრეკეთ. უცნობმა პერსონამ გვიპასუხა.

- გამარჯობათ, თქვენ "ფუდსერვისის" წარმომადგენელი ბრძანდებით?" - ვკითხეთ ჩვენ.

- არა, მაგრამ "ფუდსერვისში" ჩემი მეგობრები არიან. მე კი პურის საცხობ "კოლხის" წარმომადგენელი გახლავართ. რა გაინტერესებთ?

- ომის პერიოდში სად იყრიდა თავს შეძენილი პროდუქტები?

- "20 დეკემბრის" ქუჩაზე, "ფუდსერვისის" ოფისში. მერე მიგვქონდა იმ მისამართებზე, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. ამ ყველაფრის ორგანიზებას "კოლხის" წარმომადგენლები ვახდენდით.

- "ფუდსერვისის" დამფუძნებელი "კოლხის" წარმომადგენელია?

- დიახ. არჩილ და  ანდრო გეგენავები, თუ გაგიგიათ. შესაძლოა, ღვინის ბიზნესთან დაკავშირებით გსმენიათ მათი სახელები.  "ფუდსერვისიც" მათია.

- პროდუქტების შესაძენად ფულს შპს "ფუდსერვისი" სახელმწიფოსაგან იღებდა?

- ამ კითხვაზე  პასუხს ვერ გაგცემთ.

საიდუმლო კვანძი გაიხსნა?

როგორ მოხვდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დევნილებისათვის გამოყოფილი ფული ერთი კერძო კომპანიის ხელში?

ნინო მამალაძე, "ფუდსერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი: - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და "ფუდსერვისს" შორის გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 15-დან 21 აგვისტოს ჩათვლით  უზრუნველვყოფდით დევნილთა კვებას. ჩვენ გვქონდა კონკრეტული სქემა. "ფუდსერვისი" მხოლოდ 6 დღის განმავლობაში ემსახურებოდა დევნილებს.

- სამინისტრომ მაინცდამაინც "ფუდსერვისი" რატომ შეარჩია?

- ეს თავად სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხეთ. ვფიქრობ, სხვა ფირმებთანაც იყო ხელშეკრულებები გაფორმებული.

- რა თანხა გადმოურიცხა სამინისტრომ მომსახურებისთვის "ფუდსერვისს"?

- 690.035 ლარი.

როგორც გავარკვიეთ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 690.100 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ე.ი. ამ უწყებას "ფუდსერვისის" გარდა სხვა კომპანიებთან ხელშეკრულება არ დაუდვია. უფრო მეტიც, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 21 აგვისტოდან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დევნილთა პროდუქტებით უზრუნველყოფა მერიამ იკისრა(?!). მისი ოფიციალური მოწერილობით ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოში 113 ათას 800 ლარის ღირებულების პური სწორედ მერიამ შეისყიდა.

საქონლის ჩამოწერა

მიიღეს თუ არა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 6 დღის განმავლობაში 690.035 ლარის ღირებულების პროდუქტი ან შეისყიდა თუ არა სინამდვილეში მერიამ 113.800 ლარის ღირებულების პური, ამას როგორც ჩანს, ვერასოდეს შევიტყოBბთ, რადგან 2008 წლის 21 აგვისტოს მთავრობამ კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა #529 განკარგულებაში და ერთ-ერთ პუნქტში მიუთითა: "შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე პირდაპირ საქონლის ჩამოწერა" (?!).

თამარ კორძაია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: - ეს ნამდვილად არ არის სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება. ის, რომ სახელმწიფო დაკვეთას ასრულებდნენ შპს-ები, რომელთა დამფუძნებლები თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათი ოჯახის წევრები არიან, საკმაოდ საეჭვო გარემოებაზე მეტყველებს".

გაბერილი რაოდენობა

ზემოხსენებული უწყებების გარდა, საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პურს ფინანსთა სამინისტროც ყიდულობდა. საცხობებთან დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებაში მითითებულია: "სავალდებულოა, აღნიშნული პურის რაოდენობის მიწოდება ერთდღიან ვადაში". ჩვენც მეტი თვალსაჩინოებისთვის, 21-22 აგვისტოს გაფორმებული ხელშეEკრულებების ნამდვილობა ასე შევისწავლეთ:

დოკუმენტებში ნაჩვენები შეძენილი პურის საერთო ღირებულება 60 თეთრზე გავყავით და პურის რაოდენობა დავაზუსტეთ. მაშ ასე, ფინანსთა სამინისტროს 21 აგვისტოს 14.090 ლარის, ე.ი. 23483 პური, ხოლო 22 აგვისტოს 69082.4 ლარის ღირებულების, ე.ი. 115137 პური შეუძენია. ვისთვის სჭირდებოდათ ამდენი პური? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული! ფინანსთა სამინისტროს წერილითვე  (# 06-02/8747) ირკვევა, რომ 21-22 აგვისტოს შეძენილი პროდუქტები  ქალაქ გორში ყვითელი ავტობუსებით გადაზიდეს.

"ერთ დღეში 115137 პური გორს არათუ ოკუპაციის პირობებში, დღესაც კი დააკმაყოფილებს, რადგან ბიოლოგიურ ნორმად (რაც დიდსა და პატარაზე არის გასაშუალოებული) 300 გრამი პური ითვლება. მაგალითად, თბილისი მილიონ ორასიათასიან ქალაქად არის მიჩნეული და ყოველდღიურად 700 ათასი ცალი პური იყიდება.

გორი კი ბოლო აღწერით 50-ათასიანი ქალაქია, სოფლების ჩათვლით კი სულ დაახლოებით 101 ათასი მცხოვრებია რეგისტრირებული. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ დღეში გორისთვის შეძენილი 500 გრამიანი 115137 პური რაოდენ დიდი რაოდენობაა", - აგვიხსნა ერთ-ერთმა მეპურემ, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

გორში დევნილების დაბრუნება რეალურად 23 აგვისტოდან დაიწყო. საინფორმაციო საშუალებების გადმოცემით, ოკუპირებულ ქალაქში მანამდე 1500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა(!).

უსაქონლო ოპერაცია

ჩვენ შევისწავლეთ ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში მოყვანილი პურის ქარხნების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, ისიც, თუ რამდენი პურის გამოცხობა შეეძლო ამა თუ იმ საცხობს. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტით ირკვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მათ უფრო დიდი ოდენობით პურის გამოცხობა აქვთ დაკვეთილი, ვიდრე შედარებით დიდ ქარხნებს(?!).

ირინა ვაჭარაძე, შპს "ოლია ვაჭარაძის"  ხელმძღვანელი: "შპს "ოლია ვაჭარაძე" პატარა საცხობი იყო, კონკურენციას ვერ გაუძლო და ომის შემდეგ მალე დაიხურა. დღეში მხოლოდ 1000-1200 პურს ვაცხობდით, მეტს - ვერა.… ამიტომ, როცა ფინანსთა სამინისტროსგან შეკვეთა მივიღეთ, პური სარეალიზაციოდ აღარ გავუშვით, მხოლოდ შეკვეთას ვასრულებდით".

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 21 აგვისტოს შპს "ოლია ვაჭარაძემ" 6.985 ლარის ღირებულების პური გამოაცხო, ე.ი. სულ ცოტა, 11641 ცალი პური (?!). თუკი შპს "ოლია ვაჭრაძე" თავისი მატერიალურ-ტექნიკური თუ ფიზიკური შესაძლებლობებით დღე-ღამეში 1200-ზე მეტ პურს ვერ აცხობდა, როგორ გამოაცხო 11641? მეტიც, 22 აგვისტოს ამ პატარა საცხობთან სამინისტროს ორჯერ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული(?!).

პირველი ხელშეკრულებით "ოლია ვაჭარაძეს" 935 ლარის, ე.ი. 1558 ცალი პური "გამოუცხვია", მეორეთი - 880 ლარის ღირებულების, ე.ი. 1466.… ე.ი. 22 აგვისტოს ამ  შპს-ს სულ 3024 პური გამოუცხვია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ დასჭირდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს "ოლია ვაჭარაძესთან" ორი ხელშეკრულების დადება. 22 აგვისტოს ინდმეწარმე ლევან დევნოზაშვილს, რომელიც ვაჭარაძისგან განსხვავებით პატარა საცხობის დირექტორიც თავად იყო, ბუღალტერიც და პურის მცხობელიც, ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტის მიხედვით ასევე "რეკორდი" დაუმყარებია და  3333  პური გამოუცხვია,…22 აგვისტოს კი 2.250 ლარის ღირებულების, ე.ი. 4250 პური. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

უფრო დიდი შესაძლებლობის მქონე შპს "მესამეს" წარმომადგენლის თქმით, მათ საცხობს დღეში 15 ათასი ცალი პურის გამოცხობა  შეუძლია, მაგრამ 22 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით 12.508 ლარის ღირებულების, ე.ი 20846 ათასი ცალი პური გამოუცხვია(?!).

P.S. ჩვენ მხოლოდ ორი დღის ზარალი აღვწერეთ. ფინანსთა სამინისტროსგან განსხვავებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და მერია კერძო კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს დღემდე მკაცრად ასაიდუმლოებენ.

სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ომის დროს ადამიანთა გაჭირვებაზე ხელს ითბობენ...

ეკა ასათიანი

დევნილები თბილისში

აგვისტოს  ომის დროს თბილისს  დევნილთა უზარმაზარი ნაკადი მოაწყდა. თავდაპირველად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრაცია სულ 141 726 ადამიანმა გაიარა. 50 ათასამდე დევნილი საჯარო სკოლებსა თუ ბაგა-ბაღებს,  კარვების ქალაქს აფარებდა თავს.

დევნილთა გორში დაბრუნების პროცესი 23 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქი გორი რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს.  თუმცა, ეს უკანასკნელები სოფლების დატოვებას არ ჩქარობდნენ. ამის გამო დევნილთა დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა, ამ პროცესმა კი 2006 წლის ნოემბრამდე გასტანა.

”კვირის პალიტრა” მადლობას უხდის დანიურ ორგანიზაციას Scoop-ს მხარდაჭერისთვის