ვინ დაიცავს სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს? - კვირის პალიტრა

ვინ დაიცავს სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს?

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი მას შემდეგ დაენიშნა, როცა ბრალდებულის უფლებადამცველმა დავით გირგვლიანმა მის დაცვაზე უარი განაცხადა.

"ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, თუმცა..." - გირგვლიანმა სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაცვაზე უარი თქვა

უახლესი ინფორმაციით, ირკვევა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ კობაურს უფლებადამცველები ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილი დაიცავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ადვოკატი კობაიძე წერს:

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გავეცანით ე.წ. "სმიტების“ საქმეს. პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავ ფაქტთან მიმართებაში და ვუსამძიმრებთ ამერიკელ ხალხს და სმიტების ოჯახის ახლობლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ უნდა დარჩეს დაუცველი და რომ ყველას აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება ყავდეს ადვოკატი. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მალხაზ კობაური თავს არ ცნიბს დამნაშავეთ და საქმის მასალების მიხედვით ბევრი უზუსტობაა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს (30 ივლის) გავაკეთებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით", - წერს ალექსანდრე კობაიძე.

ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი 3 კვირის წინ მოკლეს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსია დაკავებული.

წყარო