აფხაზური ნარკოკარტელი ძალას იკრებს - კვირის პალიტრა

აფხაზური ნარკოკარტელი ძალას იკრებს

სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა აფხაზეთი რუსეთის ნარკოტიკების საწყობად აქცია. თუ აფხაზეთის ნარკოდამოკიდებულება ამ ტემპით გაგრძელდა, აფხაზეთის მითურ დამოუკიდებლობას რუსეთზე ადრე ნარკოტიკები მოუღებს ბოლოს.

აფხაზეთი ნარკოტიკების შესანახად იდეალური ადგილია, - აქ ხომ ყველაფერს ადგილობრივი რეჟიმი და რუსეთის საოკუპაციო ძალები მართავენ.

ნარკომაფია მარტივი სქემით მუშაობს: კრასნოდარის მხარიდან აფხაზეთში ნარკოტიკების მსხვილი პარტია შეაქვს და მას საიმედოდ "ასაფლავებს". "საქონლის" ბითუმად აღების მსურველი და გამყიდველი ერთმანეთს აფხაზეთში ხვდებიან, გარიგება იდება და ნარკოტიკი ისევ რუსეთში გადააქვთ.

ნარკოტიკების გადმოტანის, შენახვისა და ვაჭრობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ აფხაზები, რომლებსაც, ბუნებრივია, ამ საქმეში  წილი აქვთ. მათ შორის რამდენიმე აფხაზი დიდმოხელეა. მთავარი ფიგურაა სოხუმის რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმირ არლანი.

ამ სამსახურს ასლან ბჟანია ხელმძღვანელობს, მაგრამ აფხაზური წყაროების ცნობით, სპეცსამსახურში სიტუაციას არლანი აკონტროლებს. მისი განეიტრალება მისმა ყოფილმა შეფმა, იური აშუბამ სცადა, მაგრამ არლანმა აჯობა და 2010 წლის 24 თებერვალს სერგეი ბაღაფშს აშუბა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოახსნევინა.

რა თქმა უნდა, არლანს კონკურენტები ახლაც ჰყავს. ის კარგა ხანს ნარკობიზნესის "კრიშა" იყო, სანამ ე.წ. შს მინისტრმა ოთარ ხეციამ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება არ მოინდომა, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკება წილის გაყოფაზე ჩაიშალა. მაშინ ხეციამ ხერხი იხმარა, - 2009 წელს სპეცოპერაცია ჩაატარა და ე.წ. შსს-მ რუსეთიდან აფხაზეთში ნარკოტიკების შეტანის ფაქტზე დააკავა და რუსეთის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალურ სააგენტოს გადასცა არლანის პროტეჟე ნინელი მინასიანი, მეტსახელად მაშა. არლანს სხვა გზა აღარ დარჩა და ხეცია წილში გაიყვანა.

გავიდა ხანი და არლანი-ხეციას ბიზნესში ჩაზიარება აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომაც მოინდომა. სამხედრო დაზვერვის რუს ხელმძღვანელს გიორგი ფიოკტისტოვს (სავარაუდოდ, გრუ-ს ოფიცერია), როგორც ჩანს, მათ საწინააღმდეგოდ საფუძვლიანი არგუმენტები ჰქონდა და როგორც აფხაზური წყაროები ამტკიცებენ, ის ნარკოკონსორციუმის სრულუფლებიანი მოწილე გახდა, ისევე როგორც ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია.

აფხაზეთში ნარკოტიკს ადგილზეც ამზადებენ. უფრო სწორად, შეაქვთ კომპონენტები, რომელთა გადატანა ფსოუს საზღვარზე იოლია. ნარკოტიკებს სოხუმის "ტეპლოელექტროცენტრალის" შენობაში ამზადებენ, მეორე ვერსიით კი - ტყვარჩელში.

ახლა საკითხავი ის არის, აფხაზებს რუსეთის მიერ აღიარებული "დამოუკიდებლობა" შეჭამს თუ ნარკოდამოკიდებულება.

გიორგი კვიტაშვილი