სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს ისევ არ აღიარებს - კვირის პალიტრა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს ისევ არ აღიარებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს და ორი პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს. კობაურს ახალი ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კობაურის ინტერესების დამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, არის გარკვეული დეტალები, რომელზეც ის დღეს ვერ ისაუბრებს. კობაიძე ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ახალ დეტალებზე საუბარს ხვალ გეგმავს.

"მალხაზ კობაური იგივე პოზიციაზე რჩება, რაც აქამდე ჰქონდა - ბრალს არ აღიარებს. არის გარკვეული დეტალები, რაზეც ხვალ ვისაუბრებთ, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობა ჩადენილია მისთვის უცხო ორი პირის მიერ. ასევე საუბრობს კიდევ სხვა პირებზეც", - აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

"ინტერპრესნიუსი"