"გახარია ცინიზმის მაღალ პროფესიულ მასტერკლასს ატარებს, შოთაძე კი..." - კვირის პალიტრა

"გახარია ცინიზმის მაღალ პროფესიულ მასტერკლასს ატარებს, შოთაძე კი..."

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, არის თუ არა დასაწყები გამოძიება იმის დასადგენად, მირზა სუბელიანი იყენებდა თუ არა პირად ნაცნობობას და სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით. "ევროპული საქართველოს" წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქმის მთავარმა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ არ იცნობდა მირზა სუბელიანს, მაშინ როდესაც, აღმოჩნდა, იმ დროისთვის 12 სატელეფონო საუბარი ჰქონდათ განხორციელებული სუბელიანთან.

გიორგი გახარია არ თვლის, რომ შს სამინისტროს გამომძიებელმა კომისია მოატყუა.

"ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ შეიქმენით იმისთვის, რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი - ეს ერთი. მეორე, თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ის დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა გამოძიების პროცესში ის ფაქტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი მანდ არ ყოფილა. თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე. თქვენ ხომ გინდოდათ ეს კომისია, ამიტომ შეიქმენით, ეს არის თქვენი მანდატი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ კომისია გამოძიების ჩიხში შესვლის გამო შეიქმნა.

"ეს კომისია ჩვენ კი არ გვინდოდა, ეს კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ ჩიხში შევიდა გამოძიება და ქუჩაში იდგა ხალხი და პოლიტიკური კრიზისი იყო. რაც შეეხება სხვა მშობლებს, რა შუაში არიან? იმ სხვა მშობლებში რომელიმე პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი იყო?! რომელიმე პოტენციური ეჭვმიტანილის მშობელზე თუ ვკითხავდით [ფიფიას], კონტაქტი თუ გქონიათ და იცნობთ თუ არა და მოგვატყუებდა, ესეც სიცრუე იქნებოდა. მაგრამ აქ კითხვა რაში მდგომარეობს იცით? - თქვენ სიცრუედ არ მიგაჩნიათ, როცა კომისიაზე საკვანძო გამომძიებელს ეკითხები, იცნობდი თუ არა სუბელიანსო და და მას ავიწყდება, რომ ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა სუბელიანთან და ამბობს, საერთოდ არ ვიცნობდიო", - განაცხადა ბოკერიამ.

"როდესაც უსვამთ შეკითხვას იცნობდით თუ არა, იმ დღეს შეეძლო გაეცნო ყველა სხვა მშობელიც. რაც შეეხება მირზა სუბელიანის გავლენას, მე სხვა მშობლებში იქ ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, თქვენ თუ არ იცით", - აღნიშნა გიორგი გახარიამ, რაზეც ბოკერიამ მოუწოდა, თუ ასეა, თქვას და დასაჯოს, თუ ვინმე ერეოდა გამოძიების საქმიანობაში.

"ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან", - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

სერგი კაპანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს იმის თაობაზე დაუსვა შეკითხვა, შესრულებულად თვლის თუ არა იგი მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

"საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იქნა ამოღებული მიმოწერა, არ იქნა გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, მ.კ.-ს სახლი არ იქნა გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იქნა ამოღებული, მისი მიმოწერა არ იქნა ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის (მირზა სუბელიანის) შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?" - ამ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს.

შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.

"მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ოთარ კახიძე ასევე დაინტერესდა, იცის თუ არა შს მინისტრმა, რომ მიხეილ კალანდია იმყოფებოდა ფარდულში ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე, იყო ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან და მიუხედავად ამისა, სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, მიხეილ კალანდიას სახლი არ გაჩხრეკილა და გამოძიებას არ ამოუღია მისი ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი იყო.

"არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო უფრო სწორი განმარტება იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იგივე კითხვაზე ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე არ ყოფილა საქმის კურსში ამის შესახებ, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ხასიათდება მთავარი პროკურორის საქმიანობა და შემდეგ, საგამოძიებო კომისიისგან შეიტყო.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა აღნიშნული პირები და მათ თქვეს, რომ ტანსაცმელი არ გადაუგდიათ და დღემდე სახლში აქვთ.

"პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენელმა თქვეს, რომ მათ ეს ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ გადაგდებული იყო და ის ადამიანები, ვიზეც საუბარია, იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და მათ დაგვიდასტურეს, რომ დღემდე სახლში აქვთ და არ გადაუგდიათ არსად ეს ტანსაცმელი", - განაცხადა კაპანაძემ.

"ჩემთვის ეს ცნობილი არ არის, ახლა ვიგებ თქვენგან, თუმცა ასევე მოსმენილია გამომძიებლის პოზიცია. გამოძიება ზოგადად არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც განტოლება ამოხსნა და ფორმულა გამოიყენო. ეს არის რთული პროცესი და თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და გამომძიებლები მოქმედებენ იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გააჩნიათ და საუკეთესო პრაქტიკის გათავლისწინებით", - განაცხადა საპასუხოდ ირაკლი შოთაძემ.

კომისიის სხდომის მიმდინარეობას სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.

"გახარია ცინიზმის მაღალ პროფესიულ მასტერკლასს ატარებს, შოთაძე კომენტარსაც არ იმსახურებს იმდენბად საცოდავია,

ქოცები ტელეფონებში ჩაძირულები, თითქოს ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ,

კილაძე/მდინარაძის პერიოდული უინტელექტო წამოძახილი მხოლოდ ხელს უშლის გახარიას,

ნაცები (სხვარამეს რომ ეძახიან თავის თავს) კითხვებს ვერ სვამენ,

გიგა დირიჟორობს, მაგრამ მარტოს უჭირს,

მძიმე საყურებელია, ძალიან მძიმე!", - წერს "ფეისბუკში" თინა ხიდაშელი.

იხილეთ ასევე: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანს კახიძის გარდა, შეკითხვები არავინ დაუსვა