საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანს კახიძის გარდა, შეკითხვები არავინ დაუსვა - კვირის პალიტრა

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანს კახიძის გარდა, შეკითხვები არავინ დაუსვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, კომისიის წევრებმა, გარდა ოთარ კახიძისა, კითხვები არ დაუსვეს.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან აღნიშნეს, რომ კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის დაბარების აზრს თავიდანვე ვერ ხედავდნენ და კითხვებისთვის ასპარეზი საპარლამენტო უმცირესობას დაუთმეს. საგამოძიებო კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ თეა წულუკიანს ასევე არ დაუსვეს კითხვები. ერთადერთი გამონაკლისი იყო ოთარ კახიძე, რომელიც დაინტერესდა იცნობს თუ წულუკიანი მირზა სუბელიანს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

ასევე, დეპუტატი დაინტერესდა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა (მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე 14 დღით შეწყდა თვითმხილველების დაკითხვა, არ ამოიღეს Facebook და Instagram მიმოწერები მირზა სუბელიანის შვილსა და მის დეიდაშვილს შორის, არ ჩატარდა მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას სახლების ჩხრეკა, არ ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა მ.კ-ს, ფიგურანტებს დაუტოვეს ტელეფონები იმისთვის, რომ მოესმინათ, მაგრამ არც კი მიუმართავთ მოსამართლისთვის მოსმენაზე ნებართვისთვის და სხვა), თეა წულუკიანს ისევ მიაჩნია თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მისთვის მადლობა უნდა გადაუხადა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ისევ იგივე პოზიციაზე რჩება. ამის შემდეგ კომისიის სხდომა დასრულდა.

შეგახსენებთ, დღეს კომისიის კითხვებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უპასუხეს.

იხილეთ ასევე: "გახარია ცინიზმის მაღალ პროფესიულ მასტერკლასს ატარებს, შოთაძე კი..."