უვადო პატიმრებს, შესაძლოა, სასჯელის ზომა ვადიანი პატიმრობით შეეცვალოთ - კვირის პალიტრა

უვადო პატიმრებს, შესაძლოა, სასჯელის ზომა ვადიანი პატიმრობით შეეცვალოთ

"რა დანაშაულიც უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, ყველა პატიმარს უნდა მიეცეს შანსი, ციხიდან გამოვიდეს და ცხოვრების წესი შეიცვალოს. მათ ხომ ყველაზე უკეთ იციან თავისუფლების ფასი და ეცდებიან, უკან აღარ შებრუნდნენ. უვადო პატიმრებს კანონით აქვთ მინიჭებული ამნისტიის უფლება, თუმცა ამას ვერ იყენებენ. გამოსავალი ნაპოვნია, დანარჩენი სასამართლოს პრეროგატივაა", - ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელმაც უფლებადამცველ გია გელაძესთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. აგვისტოში გადაწყდება, გადაეცემა თუ არა სარჩელი სასამართლოს, რომელიც უვადო პატიმრებისთვის ამნისტიის მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმსჯელებს.

- 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით ყველა მსჯავრდადებულს უნდა შეხებოდა ამნისტია (მოიაზრებოდა 80-ზე მეტი უვადო პატიმარიც) და სასჯელი შემცირებოდა, უვადოებზე კი უზენაესმა ჩაწერა, ამ პატიმრებზეც გავრცელდეს ამნისტია, მოაკლდეთ 1/4, მაგრამ დარჩნენ უვადო პატიმრებადო.

- მოაკლდეს 1/4 და დარჩეს უვადოდ რას ნიშნავს?

- ეს იყო დაცინვა. მათი განმარტებით, უვადოს 1/4 კი მოაკლდება, მაგრამ სასჯელის ვადა მაინც განუსაზღვრელი რჩება. ამიტომაც მე და გია გელაძემ, რომელიც ყოფილი უვადო პატიმარია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ...

- რა გამოსავალი შესთავაზეთ. - ვინაიდან საქართველოში უმაღლესი სასჯელი, რომელიც შეიძლება სასჯელთა ერთობლიობით მიიღონ, 30 წელია, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით - 25 წელი (ვისაც სასჯელთა ერთობლიობით ჰქონდა უვადო, მათთვის ათვლის წერტილი უნდა ყოფილიყო 30, ვისაც დანაშაულთა ერთობლიობით - 25 წელი), უვადო პატიმრობა შესცვლოდათ ვადიანით და აქედან მოეკლოთ 1/4. უვადო თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 1998 წლიდან შემოვიდა, 20 წელი ჯერ არავის აქვს მოხდილი (ერთ პატიმარს ახლა უსრულდება).

- ამნისტია ყველა კატეგორიას შეეხება? - საუბარია ყველა უვადო პატიმარზე. ადამიანისთვის, ვინც 20-დან 25 წლამდე საპყრობილეში გაატარებს, ეს დიდი სასჯელია, ამნისტია კი - დიდი სტიმული, გამოვიდეს და ცხოვრების წესი შეიცვალოს. გიამ 19 წელი გაატარა ციხეში, გამოვიდა და დღეს წარმატებული უფლებადამცველია.

- მაგრამ უმრავლესობა ფსიქიკაშერყეული და გაბოროტებული დაუბრუნდება სოციუმს...

- გაბოროტებული ბევრი ისეთიც გამოსულა, ვისაც უვადო კი არა, ხუთი ან შვიდი წელი ჰქონდა მისჯილი. მაშინ ისინიც არ უნდა გავათავისუფლოთ.

- მაგალითად გამოდგება უვადო პატიმრობამისჯილი მაგდა პაპიძე, რომელმაც ქმარ-შვილი დახოცა, ან მანიაკად შერაცხილი მიხეილ აზალაძე, რომელმაც ორი ადამიანი დაანაწევრა... - ნორვეგიაში ბრეივიკმა 77 ახალგაზრდა მოკლა, მაგრამ მას 21-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ადამიანი მანიაკიც რომ იყოს, შანსი უნდა მიეცეს. მაშინ დავხვრიტოთ ეს ადამიანები, რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ მათ შენახვაზე თანხა?

1997 წელს, როცა სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შევარდნაძემ 56 სიკვდილმისჯილი შეიწყალა. მათ 15 წელი მოიხადეს. ამ 56-დან შემდეგ მხოლოდ ოთხმა ჩაიდინა დანაშაული და ისიც - მსუბუქი კატეგორიის. სხვათა შორის, ციხის ხელმძღვანელობა ყოველთვის ამბობს, რომ უვადო პატიმრები უფრო წესიერად იქცევიან, მათ უფრო ადამიანურად დაელაპარაკები, ვიდრე მათ, ვისაც ექვსი თვე, ან ორი წელი აქვთ მისჯილი. ისინი უფრო ძნელი სამართავები არიანო. არსებობს კანონი "უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ", რომელიც 20 წლის მოხდის შემდეგ უვადო პატიმარს შანსს აძლევს, კომისიას შესაწყალებლად მიმართოს, თუმცა ჯერ არ მინახავს უვადო პატიმარი, რომელიც ამ კომისიას გაეთავისუფლებინოს.

ნანა ფიცხელაური