"ბავშვი მოკლეს ადგილზე, ქალი წაიყვანეს სხვაგან" - კობაურის თქმით, შემთხვევის ადგილზე 7 პირი იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

"ბავშვი მოკლეს ადგილზე, ქალი წაიყვანეს სხვაგან" - კობაურის თქმით, შემთხვევის ადგილზე 7 პირი იმყოფებოდა

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური მომხდარის შესახებ ახალ ვერსიაზე საუბრობს. თავდაპირველად დასახელებული 2 პირის ნაცვლად, მალხაზ კობაური ახლა 7 პირის შესახებ ალაპარაკდა, რომელიც, მისი მტკიცებით, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა, მისი თანდასწრებით მხოლოდ რაიან სმიტი და ბავშვი მოკლეს.

"ვბანაობდი, როდესაც უცნობი პირები მოვიდნენ და წყლიდან ამოსვლა მომთხოვესო. ჩემი თოფი აიღეს და მითხრეს, ხმა არ ამოიღოო. მიმიყვანეს ამერიკელების ოჯახთან, სადაც მცირე საუბარი შედგა მათ შორისო. მე თავი მქონდა დახრილი და ამ საუბარში ვერ ჩავერეოდიო. მერე დაიწყო ერთ-ერთ პირსა და რაიან სმიტს შორის ძიძგილაობა, როდესაც მეორე პირმა ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლა მასო. მერე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ტყვიები, რაზეც მალხაზს უთქვამს, რომ სახლში ჰქონდა. ჩამოატანინეს ტყვიები, რის შემდეგაც ბავშვიც მოკლეს ადგილზევე. შემდეგ კი ქალი წაიყვანეს სხვაგან. კობაური ამბობს, რომ მისი თანდასწრებით მეტი არაფერი მომხდარა. მას ტელეფონი დაუბრუნეს და გამოუშვეს", - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატი ბრალდებულზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერთ-ერთ პირს თავად მალხაზ კობაურის მოკვლაც სურდა, თუმცა "მეორე პირმა ამაში გადაარწმუნა".

იხილეთ ასევე: "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა?

"ინტერპრესნიუსი"