"უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც... ბავშვს ორივე სცემდა" - კვირის პალიტრა

"უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც... ბავშვს ორივე სცემდა"

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე სარა მირბობოიევა მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობაში დატოვა. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ლაშა რომანაძემ განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ მიიჩნევს.

რაც შეეხება სხდომას, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

პროცესს მოკლული 4 წლის გოგონას ძიძაც ესწრებოდა, რომელიც საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ქალბატონის დასჯას ითხოვს. მისი თქმით, 4 წლის ბავშვს უზბეკეთის ორი მოქალაქე სასტიკად გაუსწორდა და მოკლა. როგორც ძიძა თამარ ახალაძე ამბობს, ბავშვის ცხედარი თავად დაკრძალეს, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.

„ჩემი რძალი ორი თვიდან ზრდიდა ბავშვს, ამ გოგოს ხშირად მიჰყავდა. დედამ დაგვირეკა, სასეირნოდ მიდიან და ბავშვი მიუყვანეთო. სამ დღეში უნდა დაებრუნებიათ. აღარ მოგვიყვანეს. ვკითხულობდით სულ, ბავშვს რატომ არ აბრუნებდნენ. დედამ იცოდა და გვეუბნებოდა, მე თვითონ მოვიყვან, რომ დავრუნდები საქართველოშიო. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც ვინც წაიყვანა, იქ ცხოვრობდა ესეც. ბავშვს ორივე სცემდა,-" განაცხადა თამარა ახალაძემ.

შეგახსენებთ, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ, ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომდევნო სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 21 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ასევე: "მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყე..." - რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ 4 წლის გოგონა

"ინტერპრესნიუსი"