დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს - რას ამბობენ შეწყალების კომისიაში? - კვირის პალიტრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს - რას ამბობენ შეწყალების კომისიაში?

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ არამარტო ადვოკატებმა, არამედ საზოგადოების სრულმა სპექტრმა დაინახა, საქმეში როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს და "როგორი გამრუდებული მართლმსაჯულებით გაიარა საქმემ პროცესები გამოძიებით დაწყებული, უზენაესი სასამართლოთი დასრულებული, რომელსაც იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ საქმე წარმოებაში მიეღო".

"აქედან გამომდინარე, ვის, თუ არა პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, ვინაიდან ჩვენ ყველა ძირითადი სამართლებრივი დარღვევები, რაც ამ საქმეშია, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავურთეთ გარკვეული შინაარსის დოკუმენტები, რომელიც აფიქრებინებს და დაარწმუნებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეალურად ეს საქმე არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი და გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა",-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს პრეზიდენტმა და დეკანოზი არ შეიწყალოს.

"მე, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, იურისტს, რომელმაც ამ შუამდგომლობის შინაარსი კარგად იცის, ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტმა სწორი რეაგირება არ მოახდინოს და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალოს. საქართველოს პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა გაუჭირდეს, ვინაიდან, თუ ამ საქმით დაინტერესებული და მიკერძოებული არ არის ადამიანი და არის ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, არავის არ ექნება პროტესტის გრძნობა, თუ რატომ შეიწყალა გიორგი მამალაძე, უფრო მეტი - მათ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობა ექნებათ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების მოთხოვნით დღეს შეტანილი განცხადება კომისიის უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად.

"შეწყალების პროცედურას იმ დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია თავად მსჯავრდებულის თანხმობა. ჩვენ მივიღებთ ამ თანხმობის შემდგომ დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის და უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად. ეს არის პროცედურა, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის ვინც გარკვეულწილად, ზოგადად ან უშუალოდ რომელიმე მსჯავრდებულის გამო დაინტერესებულა შეწყალების პროცედურით ამ ბოლო წლების განმავლობაში",- განაცხადა ქორიძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

"ინტერპრესნიუსი"