გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
10-08-2018
გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. ადვოკატი შეწყალებას მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზეც ითხოვს. ომბუდსმენის დასკვნის თანახმად, ონიანის საქმე შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტია, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე პირებიდან, მხოლოდ გოგა ონიანი გასამართლდა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ონიანს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც მას სასჯელი შეუმცირდა და შეფარდებული 4 წლისა და 6 თვის ნაცვლად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დარჩენილი 2 წელი და 6 თვე კი მას პირობით მსჯავრად დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ადვოკატ გოგა ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და
ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ბრალდების ორივე ეპიზოდთან მიმართებაში ონიანი პირველი ინსტანციის სასამართლომ 2017 წლის 7 ნოემბერს გაამტყუნა და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები