სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა
10-08-2018
სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყოფილი გენერლისა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა სწორედ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში არარეგისტრირებული იარაღით მოკლა. პროკურორის მტკიცებით, საქმეზე დაკითხულია რამდენიმე მოწმე და მათი ჩვენებები ჭანტურიას მიერ ჩადენილი
დანაშაულის ფაქტს ადასტურებს.

ბრალდების მხარის განმარტებით, თუ გიორგი ჭანტურია თავისუფლი იქნება, ის დააბრკოლებს გამოძიების პროცესს, ან შესაძლოა მიიმალოს. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ჭანტურიას მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა სასამართლოს 10 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართეს. ამასთან, ადვოკატის, ანა კეკენაძის განცხადებით,
გიორგი ჭანტურია გამოძიების დაწყებით ეტაპზე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მისი განმარტებით, ჩატარებული ექსპერტიზებით დასტურდება, რომ ჭანტურიას ქუთათელაძე არ მოუკლავს და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება.რაც შეეხება ჩხრეკისას ამოღებულ იარაღებს, კეკენაძის თქმით, ის სახლში სამართალდამცველებმა მიზანმიმართულად ჩადეს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მიმალვის საფრხე არ არსებობს,რაც მყარდება იმით, რომ ჭანტურია 8 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა.

„რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ გუშინ მედიით გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც თითქოს ჭანტურიას დის ხმა ისმის, ეს არის ფალსიფიცირებული და ჯერ კიდევ სასამართლოში წარმოდგენამდე გაავრცელეს. ამით შექმნეს ფონი, თითქოს ჭანტურიას შეხება ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან", - განაცხადა ადვოკატმა კეკენაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები