"ამბობენ, ქალის გატაცება უნდოდა და ამ დროს მოუკლა ქმარიო" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, ქალის გატაცება უნდოდა და ამ დროს მოუკლა ქმარიო"

"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"

8 აგვისტოს, საღამო საათებში, ვარკეთილში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლში ადიოდა, როცა მოულოდნელად მათ სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ყველაფერი წამებში მოხდა. უცებ გიორგი ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლეს. ქალს მეუღლე თვალწინ მოუკლეს. დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა და გარდაიცვალა. მოძალადემ ქალი დაიჭირა და დამნაშავე შეეცადა ქალი სადარბაზოდან გაეყვანა. როგორც ჩანს, ქალი მას წინააღმდეგობას უწევდა. სწორედ ამ დროს სადარბაზოსთან ამავე კორპუსში მცხოვრები სხვა წყვილი მოვიდა, კაცს უკან მიყვებოდა ცოლი. სადარბაზოსთან როგორც კი ფეხი შედგეს მამაკაცს ტყვია დაახალეს. მათი მისამართითაც მამაკაცმა ორჯერ გაისროლა. ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა მამაკაცს, მის ცოლს კი ტყვია აცდა. სანამ სადარბაზოში ხალხი მოგროვდებოდა დამნაშავემ კორპუსიდან შეძლო ქალის გამოყვანა და ის იქვე მდგარ მანქანაში ჩასვა. სროლის ხმაზე გარეთ მეზობლები გამოცვივდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ. სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. სხეულზე ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი თავში, მეორე კი გულმკერდის არეში. მეორე დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით იპოვეს გატაცებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა და სახლში მალევე გაწერეს. ახალგაზრდა ქალი ძალოვნებმა მალევე დაკითხეს და სამართალდამცავებს დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებიათ. გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ვინაობა ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია. ახლა მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ძალოვნები ყველაფერს აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაციაც გაავრცელა და დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მართალია სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იეჭვიანა მამაკაცმა და ცოლს ქმარი რატომ მოუკლა, თუმცა მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მოკლულის ოჯახის წევრები ტრაგედიაზე არ საუბრობენ, თუმცა უბანში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით დამნაშავემ ახალგაზრდა ქალზე შური იძია და საყვარელი მამაკაცი მოუკლა.

"ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან და არ საუბრობენ. თუმცა უბანში ამბობენ ამას, რომ მკვლელს თურმე ეს გოგო უყვარდა. მერე ისე მომხდარა, რომ ბიჭი დაუჭერიათ და ციხეში დიდი ხნით გამოუკეტავთ. ამის მერე გოგომ გია გაიცნო და მას გამოყვა ცოლად. ისინი დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. ორი შვილი ჰყავთ, ბიჭი მგონი 7 წლის არის, პატარა 3-ის. წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. ძალიან პატიოსანი ოჯახი აქვთ ფეიქრიშვილებს. აქ ჩვენს თვალწინ გაიზარდა გიორგი. კარგი, ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო. ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილი შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა. ასევე დაჭრა შემთხვევითი გამვლელი და გაიქცა. იმასაც ამბობენ, ქალსაც ეტყობა დაზიანებებიო, ეტყობა სცემა, მერე სადღაც კუკიისკენ გადაუგდია მანქანიდან და იქ დაუგდია. როგორც ჩანს გამწარებულმა გოგომ მოახერხა ეცნობებინა ახლობლებისთვის და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა სახლშია", - მითხრა მეზობელმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

შემთხვევის ადგილზე მივედი. ფეიქრიშვილების ოჯახი მესამე სადარბაზოში ცხოვრობს და სწორედ იმ სადარბაზოს ლიფტთან მოკლეს გია ფეიქრიშვილი უმოწყალოდ. მომხდარზე საუბარი არ სურთ ახლობლებსა და მეზობლებს: "უკვე ღამე იყო, საათი არ მახსოვს, უცებ ხმაური ატყდა, სასწრაფო მოვიდა, ამის მერე გავედი გარეთ იმის გასარკვევად რა ხდებოდა, რადგან ჩოჩქოლი იყო. მაშინ გავიგე რაც მოხდა. ძალიან კარგი ბიჭი მოკლეს. ადრე მგონი გილაურის მძღოლად მუშაობდა სამინისტროში, ახლა არ ვიცი სად იყო დასაქმებული. ძირს ეგდო გარდაცვლილი. დიდი რაოდენობით სისხლის გუბე იდგა, რომელიც მერე გადარეცხეს. საშინელებაა რაც მოხდა. დამნაშავე უნდა დასაჯონ. მოტივზე მე არაფერი ვიცი. ამბობენ ქალის გატაცება უნდოდაო და ამ დროს გია მოკლაო, პოლიციას ეცოდინება მიზეზი",- თქვა მან.

გამოძიებას უკვე დაკითხული ჰყავს მოკლულის მეუღლე, ის დეტალურ ჩვენებას მისცემდა და ძალოვნებისთვის სავარაუდოდ ცნობილია ტრაგედიის მიზეზები. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ფოტოზე: გიორგი ფეიქრიშვილი

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)