"სიბნელე იყო და ალბათ, მაგანაც შეუწყო ხელი, რომ საწყალი მუშებისთვის დანა რამდენჯერმე ჩაერტყა"
12-08-2018
"სიბნელე იყო და ალბათ, მაგანაც შეუწყო ხელი, რომ საწყალი მუშებისთვის დანა რამდენჯერმე ჩაერტყა"
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა ორი ადამიანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, თავად კი ადგილიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით გარდაცვლილები სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ნახა და პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დამნაშავე ცხელ კვალზე აიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოფელ სათხას მცხოვრებმა 1976 წელს დაბადებულმა გ.მ-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ. მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული
ს.პ. რამდენიმე საათში მასპინძელსა და პ.მ-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით გ.მ-მ მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ.-სა და ს.პ.-ს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შემდეგ გარდაიცვალნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის დეტალებზე სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი საუბრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, დილაადრიან ორი მიცვალებული გაასვენეს სოფლიდან და ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს! ეს ბიჭები, რომლებიც ჩვენმა სოფლელმა, გარეგინმა დახოცა, თბილისდან მუშებად იყვნენ ჩამოყვანილები.

- გამოდის, რომ დამნაშავემ უცნობი ადამიანები დახოცა?! რა გახდა ამის მიზეზი?
- არაფერი განსაკუთრებული, სასმელი, კონკრეტულად კი არაყი. ჩვენთან ღვინო არ არის. ხალხი ისეთ არაყს სვამს, რასაც გინდა, იმას გაგაკეთებინებს. გარეგინიც რაღაც პატარა სამუშაოს იშოვიდა, იმაში აღებული ფულით იქამდე სვამდა, სანამ გონებას არ დაკარგავდა, მერე ისევ იმუშავებდა და ისევ სვამდა. ახლაც იგივე მოხდა - ფული აიღო და ორი მეზობელი დაპატიჟა. როცა კარგად დათვრნენ, ერთ-ერთ მეზობელს თავისი მუშები გაახსენდა, წავიდა და ისინიც სუფრასთან მიიყვანა. გათენებამდე ასე სვამდნენ, მერე, მუშებმა მეტის დალევა ვეღარ შეძლეს, აღარ შეგვიძლიაო და გარეგინი ამაზე აუხირდა. მუშებიც ადგნენ და გზაზე გავიდნენ. გარეგინი დანით გამოეკიდა და ორივე სასიკვდილოდ დაჭრა.

- ძალიან უცნაური ამბავია, სუფრაზე ხომ დამნაშავისა და გარდაცვლილების გარდა სხვებიც იყვნენ, რატომ არავინ მიეშველა სტუმრებს, თუნდაც მათი ნაცნობი?
- ამას მე ვერ გეტყვით, მუშებს ის ხალხი რატომ არ მიეშველა. მაგრამ გარეგინი ჯანიანი კაცია, გზაზე სიბნელე იყო და მაგან შეუწყო ხელი, რომ საწყალი მუშებისთვის დანა რამდენჯერმე სწრაფად ჩაერტყა. ერთს კისერში ჩაარტყა და არტერია გადაუჭრა, მეორეს კი მუცელში. საცოდავებს ისეთი ჭრილობები ჰქონდათ, ვერ გადარჩებოდნენ. საუბედუროდ, სასწრაფო რომ მივიდა, ორივე საკუთარი სისხლის გუბეში იწვა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?