მარნეულში ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი დააკავეს
12-08-2018
მარნეულში ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი დააკავეს
სამართალდამცველებმა მარნეულში ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ
სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბიძაშვილს - 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით