გენერლის მკვლელობის საქმე: რას წერს ჩვენებაში მთავარი მოწმე და სკანდალური ფარული ჩანაწერები - კვირის პალიტრა

გენერლის მკვლელობის საქმე: რას წერს ჩვენებაში მთავარი მოწმე და სკანდალური ფარული ჩანაწერები

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე სამართალდამცავებმა მკვლელობიდან 8 თვის თავზე გახსნილად გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობაში ბრალი ყოფილ პროკურორს, გიორგი ჭანტურიას წაუყენეს. ჭანტურია უკვე მეორედ დააკავეს. მაშინ ითქვა, რომ მასზე ეჭვი ჰქონდათ, მკვლელობიდან მეორე დღესვე იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს კიდეც, თუმცა ორ დღეში გაათავისუფლეს. დღეს კი პროკურატურა ირწმუნება, რომ საქმეზე მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ჭანტურიას ბრალეულობას ადასტურებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 15 იანვარს რუსთავში, "სტამბოლის ბაზრის" ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით, მკვლელობის იარაღი, რომელიც ბრალდებულმა გადამალა, რეგისტრირებული არ არის, მან გაანადგურა ტანსაცმელიც, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა. "საწყის ეტაპზე დაიკითხნენ მოწმეები, თუმცა, ცხადია, ვერ დავუსვამდით ამომწურავ კითხვებს, რადგან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მაგრამ, როდესაც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებაზე სხვა პირებისგან ინფორმაცია შემოვიდა, მოწმეები თავიდან დავკითხეთ", - განაცხადა ჯალაღანიამ.

"გარეკეთ, თუ რა გჭირთ, სახლში როგორ შეიძლება საკუთარი თავის გამანადგურებელი რამ დაიტოვოთ"(?!)

ვრცელდება მთავარი მოწმის ჩვენებაც, რომელიც მკვლელობაში პირდაპირ ამხელს ბრალდებულს. ის ჩვენი ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელია: "ჩემგან დაახლოებით 7-8 მეტრში დავინახე ქუთათელაძის ოფისიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი, რასაც არ მივაქციე ყურადღება, ვინაიდან ის ბაზრობის მოწილეა და წარსულში თანამშრომელიც იყო. როდესაც შევიტყვე, რომ სამსონ ქუთათელაძე მოკლეს, ეჭვი გამიჩნდა, მკვლელობასთან კავშირი ხომ არ ჰქონდა გიორგი ჭანტურიას. მით უმეტეს, შემდეგ გავიხსენე, რომ სანამ მას ოფისიდან გამოსულს დავინახავდი, ოფისიდან რამდენჯერმე ბრახუნის ხმა გავიგონე, რაც იმ მომენტში არ აღმიქვამს მნიშვნელოვან მოვლენად. როგორც მახსოვს, მას ტანთ ეცვა მუქი ქურთუკი და ეხურა შავი ნაქსოვი პომპონიანი ქუდი. ოფისიდან გამოსვლისას იარაღს ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბეში იდებდა. ამის შემდეგ ის ჩაჯდა ვერცხლისფერ "შკოდაში" და ბაზრობის გასასვლელისკენ სწრაფად დაიძრა".

გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერის ფრაგმენტებიც, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია, მეგობარს ეუბნება, რომ მათ სახლში ინახება იარაღი, თუმცა მისი გატანა ვერ შეძლეს, რადგან მათ უთვალთვალებენ. ჩანაწერში, რომელიც საქმეს დაერთო მტკიცებულებად, კარგად ისმის გაოგნებული მეგობრის პასუხი, "თქვენ გარეკეთ, თუ რა გჭირთ, სახლში როგორ შეიძლება საკუთარი თავის გამანადგურებელი რამ დაიტოვოთ". მარიამი კი პასუხობს: "იმ პერიოდში ვერ გავიტანდით, რადგან გვითვალთვალებენ". ჭანტურიების სახლში ჩხრეკაც ჩატარდა, საიდანაც ამოიღეს სამი ავტომატი, ტყვიები და მასრები. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ იარაღი მათ ძალოვანებმა ჩაუდეს. სამსონ ქუთათელაძის საქმეში 50 აუდიო და ვიდეოფირია, აშკარად ჩანს, რომ უთვალთვალებდნენ ოჯახსაც და ბრალდებულს. ამას არც პროკურატურა მალავს და ამბობს, რომ მოსმენა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობდა. გარდა ერთი მოწმის ჩვენებისა, საქმეში არის სხვა მოწმეების ჩვენებებიც, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, ჭანტურიას ბრალეულობას ადასტურებს.

მოკლულის მეუღლე: "მკვლელობის მიზეზი იყო ფინანსური უთანხმოება"

გენერალ სამსონ ქუთათელაძის ოჯახი ჭანტურიას ბრალეულობაში დარწმუნებულია. "ეს საქმე სწორად გამოიძიეს. მკვლელობის მიზეზი იყო ფინანსური უთანხმოება, რომელიც დიდი ხანია გრძელდებოდა გიორგი ჭანტურიასა და ჩემს მეუღლეს შორის. ისინი პარტნიორები არ ყოფილან", - ამბობს მოკლულის მეუღლე მეგი სირბილაძე.

ჭანტურიას მეუღლე ანა ხურცია კი გამორიცხავს მკვლელობასთან მისი ქმრის კავშირს: "წაკამათება არ შეიძლება მკვლელობის მიზეზი გახდეს და ამის გამო ადამიანს მკვლელობა დააბრალო, არანაირი იარაღი არ არის ნაპოვნი. რაც ამოიღეს, იმ დღეს პირველად ვნახეთ. ყველაფერი შეიძლება დააბრალოთ გიორგი ჭანტურიას, მაგრამ ადამიანს ვერასდროს მოკლავდა".

გიორგი ჭანტურია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"იარაღი პოლიციის მიტანილია"

ანა კეკენაძე, ადვოკატი: - ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვხედავდით, კანონის როგორი დარღვევით იძიებდნენ საქმეს. გიორგი ჭანტურია 16 იანვარს არაერთი საათით გამოკეტეს პოლიციაში, მასზე ზეწოლას ახდენდნენ. მაღალჩინოსნები პირდაპირ ეუბნებოდნენ, თავზე აეღო დანაშაული. 18 იანვარს გამოუშვეს. ჩვენ მაშინ მივმართეთ სახალხო დამცველს, პროკურატურას და ვთხოვდით რეაგირებას უკანონობაზე, მაგრამ ამაოდ. თავდაპირველად დაკითხული მოწმეები კვლავ დაიბარეს პოლიციაში. ისინი ადასტურებდნენ, რომ მათ შეცვალეს ჩვენებები. კუდში დაჰყვებოდნენ ჭანტურიას ოჯახის წევრებს. გაურკვეველი მიზეზით დაიბარეს პოლიციაში გიორგის და მარიამ ჭანტურიაც. სანამ შენობაში იყო, მის მანქანაში მოსასმენი აპარატი დაამონტაჟეს. ზურაბ ჭანტურიას მანქანაშიც იყო მოსასმენი აპარატურა. მივმართეთ პროკურორსა და სახალხო დამცველს, მაგრამ ესეც რეაგირების გარეშე დარჩა, მაინც გრძელდებოდა თვალთვალი. 7 აგვისტომდე გიორგი ჭანტურია პოლიციაში არ დაუბარებიათ. 7 აგვისტოს 10-ის ნახევარზე დააკავეს და მისი სახლიც გაჩხრიკეს. დარწმუნებული ვართ ამოღებული იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩადებულია. მართალია ამოიღეს, მაგრამ იარაღის შენახვის ბრალდება მისთვის არ წარუდგენიათ, არც საქმეში დევს მასალა ამის თაობაზე. ის მოწმეები, რომლებიც ბრალდებაში არიან მითითებული, 16-17 იანვარს არაერთხელ დაჰკითხეს. თუმცა გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს დააკავეს. მოწმე ირაკლი თევდორაძე 15 იანვარს დაჰკითხეს, მაგრამ ის არ ამბობს, რომ მკვლელი გიორგი ჭანტურიაა, მხოლოდ 7 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში ამხელს.

არც ერთი ექსპერტიზით არ დასტურდება გიორგი ჭანტურიას შემხებლობა მკვლელობასთან, არც დენთის კვალის და არც ბიოლოგიური ექსპერტიზებით, არც ქუთათელაძის დათვალიერებით, არც სუნის კვალიYთ, არც დნმ ამოვიდა და არც ხელის ნიმუშებიდან დენთის კვალი და საინტერესოა, რის საფუძველზე ედავებიან. შს სამინისტრომ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს გამოძიებას მტკიცებულებები ჰქონდა.

- გავრცელდა ვიდეო და აუდიოჩანაწერები, სადაც მარიამ ჭანტურია მეგობართან ლაპარაკობს სახლში იარაღის არსებობაზე, რომ სახლიდან მის გატანას ვერ ახერხებდნენ. ამაზე რას იტყვით? - ეს მასმედიით გაავრცელა პროკურატურამ. ეს მტკიცებულება არის ფალსიფიცირებული, სხვადასხვა საუბრიდან შეკრებილი და დამონტაჟებული. პროკურატურამ თავიდანვე იცოდა, რომ ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნებოდა ცნობილი, რადგან ექსპერტიზა დაადგენდა, რომ ეს ფალსიფიცირებული იყო. ჩანაწერი ერთადერთი მიზნით გაავრცელეს, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულიყო აზრი, თითქოს დანაშაული ჭანტურიას ჩადენილია. 21 აპრილს ამოიწურა აუდიოთვალთვალი მარიამ ჭანტურიას მანქანაშიო, ამბობს პროკურატურა.

თუკი ასე იყო და ეს ინფორმაცია ჰქონდათ 21 აპრილამდე და იცოდნენ, რომ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა ჭანტურიების ოჯახი, მაშინ აგვისტომდე რას ელოდებოდნენ? მტკიცებულების განადგურებას? ის ამოღებული იარაღი თავად პოლიციის მიტანილია.

- რას ამბობს ჩვენებაში ჭანტურია? - 15 იანვარს არაერთ ადამიანს შეხვდა სამსონ ქუთათელაძე. იმ დღეს გიორგი ჭანტურიას დიდი ოდენობით კრედიტი ჰქონდა გადასახდელი საქართველოს ბანკში და ბაზრობის ტერიტორიაზე ამიტომ იყო. არც დაუმალავს, რომ იმ დღეს შეხვდა ქუთათელაძეს და მასთან საუბარი სურდა, რადგან სანიაღვრე წყალი შედიოდა ბაზრობის ტერიტორიაზე და პრობლემა უნდა მოეგვარებინათ. შევიდნენ კიდეც ოფისში სასაუბროდ, თუმცა ჭანტურია ამბობს, რომ ოფისში მათ დახვდათ უცნობი 50 წლამდე მამაკაცი. როდესაც გიორგი და სამსონი ოფისში შევიდნენ, სამსონმა იმ კაცთან დაიწყო საუბარი და გარკვეული პერიოდი გიორგის ყურადღება არ მიაქცია. ამიტომ დატოვა ოფისი და საქართველოს ბანკში წავიდა.

- ქუთათელაძეები დარწმუნებული არიან, რომ ჭანტურია დამნაშავეა. - შს სამინისტრო არწმუნებს დაზარალებულებს, ამან მოკლაო. საქმეში დევს შვილის, ბესიკ ქუთათელაძის ჩვენება, რომელიც არაფერს ამბობს დაპირისპირებაზე. მათ ნორმალური პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ. მათი ინტერესები ვერ გადაიკვეთებოდა, ჭანტურია არ არის ბაზრის მეწილე, ის ბაზრობის ტერიტორიაზე მიწასა და დახლებს ფლობდა.

წარმოიდგინეთ, 8 თვის შემდეგ გაჩნდა მოწმე, დაცვის თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ გაიგო გასროლის ხმა და დაინახა ხელში იარაღით ჭანტურია. სად იყო ის ამდენი ხანი, ახლა რატომ გამოჩნდა?

ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი: - პროკურატურის ვერსიით, ჭანტურია შედის, კლავს ადამიანს, შემდეგ მიდის ბანკში, ფულს იხდის, მერე იმ ტანსაცმელს აქრობს, სხვას იცვამს და უკან ბრუნდება. რამდენად რეალურია, ადამიანი მოკლა და მერე ბანკში წახვიდე ფულის გადასახდელად? ეს ცალკე განხილვის თემაა. უცებ გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამბობს, გამახსენდა, ჭანტურიას იარაღი ჰქონდაო. ვიღაცის დასანახად ამოიღებდა მკვლელი იარაღს?

"ჩხუბი გარეთ მოხდა, ათასი კაცის თვალწინ"

მამუკა ცხოვრებაძე, "სტამბოლის ბაზრის" დირექტორი: - მკვლელობის მეორე დღეს ბაზარში ამბობდნენ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ქუთათელაძე და ჭანტურია ბაზარში ერთად დაინახეს. ერთად იყვნენ რაღაც დროის განმავლობაში, სხვა არავინ ყოფილა და რას იფიქრებთ?! რა იყო კონფლიქტის მიზეზი მათ შორის, არ ვიცი. მაშინ ჩხუბი გარეთ მოხდა, ათასი კაცის თვალწინ. გიორგი ჭანტურია ამ 8 თვის განმავლობაში ბაზრის ტერიტორიაზე არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ მოდიოდა...

ბაზრის მფლობელები სამსონ ქუთათელაძე, უზიელ ნონი და ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე, დავით შათაშვილი იყვნენ. მოწილეები ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობენ.

გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თეა ხურცილავა