რატომ ითხოვს ადვოკატი სვანეთში დაკავებული 8 შვილის მამის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას
13-08-2018
რატომ ითხოვს ადვოკატი სვანეთში დაკავებული 8 შვილის მამის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას
ადვოკატის ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა გოჩა კილასონიამ განუცხადა, ამირან დევნოზაშვილს დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა და მას სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აქვს. ამასთან, გოჩა კილასონიას ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის, მათ შორის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმების მიზნით, დღეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

"ის გადაყვანილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე. მანამდე მე მოვითხოვე ციხის საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან მას შაქარი აქვს მაღალი და შესაძლოა,
კომაში ჩავარდნილიყო. ბრალდებული დიაბეტითაა დაავადებული. მივმართე ექიმს, გადაეყვანათ საავადმყოფოში და იქ ემკურანალათ, თუმცა მიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საჭიროება მისი გადაყვანის. ამ დროისთვის ამირან დევნოზაშვილს შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ ნემსებით მკურნალობა უფრო შედეგიანი იქნება", - განაცხადა გოჩა კილასონიამ.

მამა, რომელსაც
სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით