"მკვლელი ბიზნესმენის სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა... ზედიზედ 5-6-ჯერ გაისროლა"
14-08-2018
"მკვლელი ბიზნესმენის სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა... ზედიზედ 5-6-ჯერ გაისროლა"
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე მკვლელობის მოტივიც არ ხმაურდება. შემზარავი ტრაგედია თბილისში, დოლიძის 29 ნომერთან მოხდა. სავარაუდოდ, დამნაშავე ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა. საღამოს საათებში ლევან სიგუა სახლში მანქანით დაბრუნდა. როგორც ჩანს, მანქანიდან გადმოსულს ბოროტმოქმედმა ტყვიები დაახალა, ამის შემდეგ დამნაშავე თავის მანქანაში ჩაჯდა და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.

მიყენებული ჭრილობებით ლევან სიგუა საცხოვრებელ კორპუსთან გარდაიცვალა. როგორც ჩანს, სროლის ხმა გაიგეს მეზობლებმა,
მაგრამ სიტუაციის გასარკვევად ეზოში გასვლა არავის უცდია. როგორც იქ მაცხოვრებლები ამბობენ, გამვლელმა შენიშნა ძირს დაგდებული მამაკაცი და მან ატეხა ხმაური. სამწუხაროდ ლევანს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარი პოლიციას შეატყობინეს და საქმეში ძალოვნები ჩაერთვნენ. დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციელები. ამ
დრომდე ლენტით არის შემოსაზღვრული დანაშაულის ადგილი. მკვლელობის ადგილი დოლიძის პოლიციის ქვეგანყოფილებიდან რამდენიმე მეტრშია, სავარაუდოდ იქამდეც მიაღწევდა გასროლის ხმა.

მეზობლები ამბობენ, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. "უცებ მიყოლებით რამდენიმე გასროლა გავიგონე. სიმართლე გითხრა, სროლას ვერ მივამსგავსე, მეგონა ვიღაც "ფეიერვერკს" ისროდა და ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ხმაური და ჩხუბი ნამდვილად არ გამიგია, თორემ მივაქცევდი ყურადღებას. ახლა რომ ვაანალიზებ, სროლა ინტენსიური იყო. ალბათ ზედიზედ 5-6 ჯერ გაისროლა მკვლელმა. რამდენიმე წამში დიდი სისწრაფით წავიდა მანქანა, მერე გავიგეთ, რომ ჩვენი მეზობელი მოუკლავთ. მოგვიანებით გარეთ პოლიციის მანქანის შუქზე გავიხედე. სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ ეტყობა ის საწყალი ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. ლევანს მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, სხვა ურთიერთობა მასთან არ მქონია, ამიტომ მომხდარზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი ასე სასტიკად ვინ გაიმეტა იგი. კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი მეუღლე ჰყავდა. საშინელებაა, რაც მოხდა. უკვე ქუჩაში ვეღარ გადის ადამიანი. იმის უნდა გეშინოდეს, სახლში ცოცხალი მიხვალ თუ არა. იმედია პოლიცია დამნაშავეს იპოვის და უმკაცრესად დასჯის",- ამბობს მეზობელი.

მოკლული სიგუას ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და იქ ჩაუტარდა ექსპერტიზა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები ამბობენ, მან მანქანის დაკეტვაც კი ვერ მოასწრო, ისე ესროლეს. ამას იმიტომ ვარაუდობენ, რომ მოკლული ბიზნესმენის მანქანის კარი ღია იყო, სავარაუდოდ გადმოსვლისთანავე ესროლეს.

როგორც ირკვევა, ძმები სამშენებლო ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და საბურთალოზე მრავალსართულიან კორპუსებს აშენებდნენ. უკავშირდება თუ არა მკვლელობა მათ ბიზნეს საქმიანობას, ეს ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ესეც განიხილება. მეორე ვერსიით, ეს შურისძიება იყო, თუმცა უცნობია ვინ და რატომ იძია მასზე შური. ყველა ვინც მას იცნობდა, ამბობს, რომ ლევანი უკონფლიქტო ადამიანი იყო.

"ეს ბიჭები ჩვენს უბანში გაიზარდნენ. პატიოსანი ადამიანი იყო ლევანი. არამგონია უბანში მასზე ვინმემ ცუდი გითხრათ. ვერც მის ძმაზე, ლაშაზე იტყვის ვინმე ცუდს. აქ ყველამ იცის, რომ ძმებმა რამდენიმე კორპუსი ააშენეს. ჩვენს სახლთანაც ააშენეს რამდენიმე სართულიანი სახლი, სახლი რომ აეშენებინათ მეზობელი კორპუსის მაცხოვრებლების ნებართვა სჭირდებოდათ. იმდენად კარგი რეპუტაცია ჰქონდათ უბანში, არც ერთ მეზობელს არ უთქვამს უარი ნებართვაზე და ყველამ ხელი მოუწერა. ახლაც აშენებდნენ კიდევ ერთ სახლს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის დამთავრებული. კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ბიჭებზე. ძალიან შეძრულები ვართ მომხდარით. ვერ აგვიხსნია რატომ გაიმეტეს ლევანი. როგორც ამბობენ, სამშენებლო საქმეში ფინანსებს მისი ძმა აკონტოლებდა. მთავარი წამყვანი იმ ბიზნესში მისი ძმა იყო. ამიტომ ვერ აგვიხსნია რატომ მოკლეს ლევანი. ალბათ პოლიცია დაადგენს მიზეზს და დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი აღარ არის. ვინც მას იცნობდა, ყველას სტკივა ეს ამბავი",- გვითხრა დოლიძეზე მაცხოვრებელმა.

მომხდარის დეტალებზე რა ვერსია აქვთ ოჯახის წევრებს უცნობია. კომენტარს არც მათი ახლობლები აკეთებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცავებს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. უკვე დაკითხეს მოკლულის ახლობლები და მეზობლები.

ლევან სიგუა დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

ფოტოზე: ლევან სიგუა

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)
eka
14 აგვისტო 2018 12:16
როგორ შემეცოდა ძალაინ ძნელია, სიმართლე არ ვიცით, მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა, ფულის გამო ხალხმა ერთმანეთი გადაიკიდა, ზოგი ვალს არ აბრუნებს, ზოგი მუშებს ხელფასებს არ უხდის და ატყუებს, 3 დღის წინ ჩემ მეზობელს მოეჭრა 3 ბიჭი ნამუშევარ ხელფასს თხოვდნენ და ის იძახდა ვიზარალეო, ისეთი ჩხუბი იყო კაცი ვერ ეკარებოდა, უკვე ხალხს ეშინია მიახლოების. ხალხი ისეა დანევროზებული, ვინ საით ისვრის ტყვიას ვერ გაიგებს კაცი .... მოკლედ ისევ და ისევ ყველაფერი ამ გაჭირვებულ ცხოვრებას უკავშირდება, ცუდად არ გამიგოთ ღმერთმა ნათელში ამყოფოს...

რედაქტორის რჩევით