ქართველები ესპანელების ბინებს ძარცვავდნენ, ნაქურდალს სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და... - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

ქართველები ესპანელების ბინებს ძარცვავდნენ, ნაქურდალს სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და... - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანული გამოცემა «Deutsche Welle» აქვეყნებს სტატიას სათაურით "ვის და რატომ უწოდებენ ესპანელები "რუსულ მაფიას". გთავაზობთ მასალას შემოკლებით.

ესპანეთის სპეციალურმა პროკურატურამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხზე ორშაბათს, 13 აგვისტოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დაიწყო გამოძიება "რუსული მაფიის" სამი სავარაუდო ლიდერის წინააღმდეგ. საქმე ეხება ამ თვის დასაწყისში კურორტ მარბელაზე დაპატიმრებულ ქართული და სომხური წარმოშობის პირებს - ლაშა ბარათელს, ირაკლი ფიფიას და არტემ სარქსიანს. ესპანეთის პროკურატურა მათ "კანონიერ ქურდებს" უწოდებს. როგორც "დოიჩე ველეს" კორესპონდენტს ამ უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, აღნიშნული პირების დაკავება ესპანეთში "რუსული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის საგაში" ახალ ფურცელს წარმოადგენს.

"ბრძოლის საგას" კი საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა, როცა ესპანეთში პირველად გამოჩნდნენ ჟოლოსფერ პიჯაკებში გამოწყობილი ოქროსძეწკვიანი ტატუირებული მამაკაცები. ისინი საბჭოური "რკინის ფარდის" გაქრობის შემდეგ პირინეიზე დაფუძნებას ცდილობდნენ. მართალია, ყოფილი საბჭოეთიდან ჩასულები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ - ყველა ექს-საბჭოთა რესპუბლიკებიდან იყვნენ. ტრადიციულად, ესპანელები ამ სივრცეს რუსეთს უწოდებენ, ანუ ამით საბჭოურ თუ ეროვნული ტოპონიმიკის ერთგვარ იგნირირებას ახდენენ. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ესპანეთში "რუსულ მაფიას" მიაკუთვნებენ არა მხოლოდ იმ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შემადგენლობაში წარმოშობით რუსები შედიან, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შემდგარ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც.

მტკვრიდან ესპანეთისაკენ... "რუსული მაფიის" დაღით "ესპანეთში "რუსული მაფია" ყველაზე ფართოდ საქართველოდან წამოსულებითაა წარმოდგენილი", - ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი. მისი ნათქვამით ირკვევა, რომ ქართული მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებიც მთელ ევროპაში მოქმედებენ, "ესპანეთში განსაკუთრებით აქტიურობენ". მათ მიერაა ჩადენილი ქვეყანაში ბინების ძარცვის თითქმის 60%. ბოლო წლებში ესპანეთში დაპატიმრებული და გასამართლებულია ასზე მეტი ქართველი ბინის ქურდი. მათი ლიდერი კახაბერ შუშანაშვილი - ევროპაში მოქმედი ქართველი ქურდების "მაყურებელი" - ბოლო ხანებამდე მადრიდში ცხოვრობდა. ამჟამად იგი საპყრობილეშია - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ქვს მისჯილი.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დაპატიმრებულ პირებს, პროკურატურის მონაცემების თანახმად, ისინი ესპანეთს "კრიმინალური მოქმედების კოორდინირების" მიზნით ეწვივნენ. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის ივნისში ესპანელმა წესრიგის დამცველებმა 129 სომეხი დააკავა და შესაბამისად, ქართულ-სომხური დანაშაულებრივი კლანების მიერ აწყობილი "ბიზნესი" დაანგრია. სქემა ასეთი იყო: ქართველები ესპანელების საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ, მათ მიერ ნაქურდალ იუველურ ნაწარმს კი სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და "შავ ბაზარზე" ყიდდნენ. (წყარო)

იხილეთ ასევე: მასშტაბური სპეცოპერაცია "კუში 3" - დაკავებულთა შორის 2 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია

მოამზადა სიმონ კილაძემ