ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა - კვირის პალიტრა

ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები ქალაქ ტრაპზონში საავადმყოფოში არიან მოთავსებული. საქართველოს ერთი მოქალაქე კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ქალაქ ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, მსგავს გადაუდებელ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს თურქეთის სახელმწიფო იღებს.

„ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი ცენტრალურ გზაზე მოძრაობისას გადაბრუნდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე. ორი ქართველის მდგომარეობა შედარებით მძიმეა,- ისინი ცოლ ქმარი არიან. ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მეუღლეს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, მას მრავალეტაპიანი ოპერაცია ესაჭიროება. ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, გადაუდებელ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფო პასუხისმგებლობას სრულად იღებს“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.