"კრიმინალური ავტორიტეტები ევროპას იყოფენ" - ვინ არიან ესპანეთში, ტარიელ ონიანის კლანის დაკავებული წევრები? - კვირის პალიტრა

"კრიმინალური ავტორიტეტები ევროპას იყოფენ" - ვინ არიან ესპანეთში, ტარიელ ონიანის კლანის დაკავებული წევრები?

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის - "კუში 3"-ის შედეგად კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს, რომელთა შორის ორი ქართველია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს. დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.

ესპანეთში, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე ჩატარდა მსგავსი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დააკავეს, მათ ესპანელების საცხოვრებელი ბინების ძარცვაში, ნაქურდალი იუველური ნაწარმის ოქროს ზოდებად გადადნობასა და შემდეგ "შავ ბაზარზე" გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივი პრესაც საკმაოდ აქტიურად წერდა ამ შემთხვევების შესახებ, შემდეგ კი დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს ესპანეთის ციხეებიდან მალევე ათავისუფლებდნენ, ზოგიერთ ბრალდებულს დანაშაულსაც ვერ უმტკიცებდნენ. ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციისას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის "გლობალურ ქურდებს შორის იერარქიით მესამე" "კანონიერი ქურდი" დააკავეს.

როგორც უცხოური პრესა წერს, სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ბოლოს დაკავებული 3 კრიმინალი, იურიდიული საკითხების გამო, ესპანელი სამართალდამცავები არ აჟღერებდნენ მათ სახელებს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა.

იხილეთ ასევე: "ვიდრე ასლანი ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო" - ახალი კონფლიქტები "ქურდულ სამყაროში"

სააგენტო CrimeRussia-ს ცნობით, ესპანეთში სპეცოპერაციისას ირაკლი ფიფია იგივე "იკა სუხუმსკი", ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" და არტიომ სარქისიანი იგივე "არტიომ სარატოვსკი" დააკავეს.

რუსული წყაროების შეფასებით, ესპანელი სამართალდამცავები კრიმინალებს ზედმეტად დიდ შეფასებას აძლევენ. როგორც ცნობილია, ისინი ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები არიან.

როგორც ესპანელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, 3 დაკავებული კრიმინალი ესპანეთში ქართულ-სომხური მაფიის ბიზნესის ხელმძღვანელების, ძმების ლაშა და კახაბერ შუშანაშვილების მკვლელობას გეგმავდა.

ევროპელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 2000-იან წლებში, ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები დსთ-ის ქვეყნებში ერთ-ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფების, მათ შორის დასავლეთ ევროპაში "ქართული მაფიის" ხელმძღვანელები იყვნენ. ლაშა შუშანაშვილი, იგივე "ლაშა რუსთავსკი" "კანონიერ ქურდად" 1979 წელს საქართველოში მონათლეს. კახაბერ შუშანაშვილს კი სტატუსი 2001 წელს მიანიჭეს. ძმები ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" უახლოესი პარტნიორები იყვნენ. "დედ ჰასანის" და ტარიელ ონიანის, იგივე "ტაროს" კლანურ დაპირისპირებაში, ძმები მთავარ ფიგურებს წარმოადგენდნენ. ისინი უსოიანს უჭერდნენ მხარს და როგორც ამბობენ, სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა უამრავი ადამიანი, მათ შორის ვიაჩესლავ ივანკოვი "იაპონჩიკი" და თავად "დედ ჰასანიც" კი.

სპეცოპერაცია, სახელწოდებით "კუში" თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა და ამ პერიოდში სამართალდამცავებმა ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, მათ შორის 2017 წლის ნოემბერში "კახა რუსთავსკის" დაჯგუფების 30 წევრი და ასევე მისი მეუღლე კატერინა მერკოვა დააკავეს. როგორც ამბობენ, სწორედ კატერინა იყო ბანდის წევრთა ხაზინადარი. (წყარო)

იხილეთ ასევე: ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში

მოამზადა ნიკა გულუამ