"პრაქტიკულად ვერ სუნთქავს"- ვანო მერაბიშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა - კვირის პალიტრა

"პრაქტიკულად ვერ სუნთქავს"- ვანო მერაბიშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, მერაბიშვილს დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილი ისევ სასჯელაღსრულების დასწესებულებაშია დაბრუნებული.

"მე რამდენადაც ვარ ინფორმირებული საუბარია სასუნთქი გზების პრობლემაზე, თუ არ ვცდები "პოლიპებზე“, პრაქტიკულად ვერ სუნთქავს, რაც სხვა ტიპის გართულებებსაც იწვევს. კონკრეტულად რა დიაგნოზია, ამის თქმა არ შემიძლია, რადგან დადასტურებულად არ ვიცი. როგორც გავიგეთ გადაიყვანეს კლინიკაში გამოკვლევისთვის და დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თითქმის ორი კვირაა მას გაუმწვავდა პრობლემა, რომელიც ადრეც ჰქონდა და ამის გამო ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, რითაც გამოიკვეთება რა მდგომარეობა აქვს, რა დონეზე აქვს ჯანმრთელობა გაუარესებული, რა სიმპტომები აქვს. თუ საჭირო გახდება, ბუნებრივია, მოვითხოვთ მის სტაციონარში განთავსებას, თუმცა ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გიდასტურებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადვოკატები ვანო მერაბიშვილს ხვალ მოინახულებენ.

როგორ აფასებს იუსტიციის სამინისტრო ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას?

"ინტერპრესნიუსი"