"ვანო მერაბიშვილს მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება" - რას აცხადებს შს ექსმინისტრის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ვანო მერაბიშვილს მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება" - რას აცხადებს შს ექსმინისტრის ადვოკატი?

"ვანო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება", - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატი მერაბიშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ექიმები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს და ხვალ ციხეში შეამოწმებენ.

"გუშინ ვანო მერაბიშვილი გადაყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც მას დაუნიშნეს მკურნალობის კურსი. ახლა მას უტარდება მედიკამენტოზური მკურნალობა. გარდა ამისა, დღეს და ხვალ მასთან მოვლენ ექიმები და შეამოწმებენ მის მდგომარეობას. თუ საჭიროება მოითხოვს, ისევ მოხდება მისი დიაგნოსტიკაზე გადაყვანა. თავად თავს მხნედ გრძნობს,"- განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილს დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილი ისევ სასჯელაღსრულების დასწესებულებაშია დაბრუნებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მათივე ცნობით, მან კლინიკაში 1 საათი დაჰყო.

"ინტერპრესნიუსი"