მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა
16-08-2018
მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა
დღევანდელ გამოკითხვაზე კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან მალხაზ მაჩალიკაშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გამოკითხვისას ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები.

"დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი დაიკითხა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ საქმის მიმართ გარკვეული პირების მიმართ უკვე დამდგარია განაჩენი,
თუმცა როგორც საგამოძიებო ორგანო განმარტავს, გარკვეულ ნაწილში კვლავ გრძელდება საქმის გამოძიება და სწორედ ამ ნაწილში მოხდა მისი დაკითხვა. კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან და ეს კითხვები იყო ზოგადი ხასიათის.

იყო ნახსენები თამაზ მარგოშვილთან, რუსლან ალდამოვთან კომუნიკაცია და ა.შ. გარკვეულწილად
კითხვები ეხებოდა ახმედ ჩატაევთან კავშირსაც. გარკვეული კითხვები იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართაც, თუმცა იგი არის გარდაცვლილი, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და უსაფუძვლოდ მიგვაჩნია გამოძიების გაგრძელება", - განაცხადა ადვოკატმა.

მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დღეს თითქმის 6 საათი გაგრძელდა. თავად მაჩალიკაშვილს გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით